თურქული პრესა 04.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1685204
თურქული პრესა 04.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ბულგარელ კოლეგა რუმენ რადევთან და განიხილეს როგორც ტყის ხანძრებთან ბრძოლაში თანამშრომლობის, ასევე  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები. ერდოღანმა მადლობა გადაუხადა რადევს, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, წერს ვათანი

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ ანკარამ ლტოლვილთა საკითხში მკაცრი პასუხი გასცა აშშ-ის გადაწყვეტილებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გუშინწინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ემიგრანტების მიღების პროგრამაზე განაცხადები მიიღება მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდანაც, რასაც მკაცრი რეაგირება მოჰყვა ანკარიდან. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ჩვენს ქვეყანას, რომელმაც ბოლო 7 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტ ლტოლვილს უმასპინძლა, აღარ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიგრანტების დამატებითი ტალღები. ჩვენ არ ვიღებთ ვაშინგტონის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ჩვენთან კონსულტაციის გარეშე.“

Haber Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი იბრაჰიმ ქალინი საპრეზიდენტო კომპლექსში შეხვდა რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევს და განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკური პროცესები. შეხვედრის დროს, სადაც აღინიშნა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობა, შეთანხმდნენ, რომ დაუშვებელია პროვოკაციული თავდასხმები, რომლებიც ზიანს აყენებს შეთანხმებით გათვალისწინებული სტაბილურობის დარღვევას. გარდა ამისა აქცენტი გაკეთდა ყველა ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ, მათ შორის PYD/YPG/PKK-სა და დაეშის წინააღმდეგ კატეგორიული ბრძოლის გაზრდა-გაფართოებაზეც, აღნიშნავს ჰაბერთურქი

"პკკ-ას მძიმე დარტყმა მიაყენა ერაყის ჩრდილოეთში", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: “თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული ოპერაციების, “კლანჭი ელვა“ და “კლანჭი მეხის“ მე-100 დღეს, სრული კონტროლი იქნა მიღწეული ავაშინის რეგიონში და მის ფარგლებში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრი 223 ტერორისტი, რომელთაგან 13 საველე უფროსი იყო, განეიტრალდა. გარდა ამისა აფეთქებულ იქნა სეპარატისტების კუთვნილი 28 მიწისქვეშა გვირაბი და ბუნკერი, განაღმულ იქნა მაღალი დესტრუქციული ძალის მქონე 1537 ბომბი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება.“

Hürriyet-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ არსლანთეფეს არქეოლოგიური ბორცვი, რომელიც მდებარეობს მალათიის ოლქის ბათთალგაზის რაიონში და 2014 წლიდან შედიოდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში, მუდმივი წევრის სიაში იქნა გადაყვანილი. ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი სტუმრობს ყორღანს, რომელიც თარიღდება ძვ.წ.-ვის მე-5 საუკუნით. აქამდე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ 7 ათასი წლის წინ, სწორედ აქ დაიბადა პირველი  არისტოკრატია და აქ  წარმოიშვა საზოგადოების პირველი სახელმწიფოებრივი ფორმა



მსგავსი ინფორმაციები