თურქული პრესა 28.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1681298
თურქული პრესა 28.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანგოლის პრეზიდენტთან, ჯოაო მანუელ გონსალვეს ლორენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა ძალიან დაბალია და საჭიროა მისი გაზრდა: "ჩვენი წლიური სავაჭრო მოცულობა ამჟამად 176 მილიონი დოლარია, რაც ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ამ ორი ქვეყნისთვის ძალიან დაბალია. ამიტომ, ამჟამად მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე მის 500 მილიონ დოლარამდე გაზრდას ვგეგმავთ," განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ მსოფლიო პრესა კვლავ აგრძელებს საუბარს თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატების, SİHA/სიჰა-ს წარმატებებზე. ცნობილმა მრავალტირაჟიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ბოლო მიმოხილვაში დაწერა, რომ თურქეთი ქმნის უზარმაზარ საექსპორტო ბაზარს უპილოტო საჰაერო თვითმფრინავებისათვის. ამავე სტატიით, SİHA-ს მსურველთა შორის გამოჩნდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც

"ავღანელი მიგრანტების უკანონოდ შემოსვლის აღმოფხვრის მიზნით თურქეთი მოქმედებაზე გადადის", ასეთი სათაურის სტატიას ანთავსებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ირანთან მოსაზღვრე ვანის ოლქის გუბერნატორმა მეჰმედ ემინ ბილმეზმა განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთში უკანონოდ გადმოსული ავღანელი მიგრანტების რაოდენობის უზომოდ გაზრდის გამო, ირან-თურქეთის საზღვრის 295 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ხაზზე ბეტონის მაღალი კედელი აშენდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ხსენებული საზღვრის უსაფრთხოება, თავიდან იქნას აცილებული უკანონო გადაკვეთები და კონტრაბანდისტული ქმედებები და რაც მთავარია, თავიდან აიცილონ თალიბანი ტერორისტების შემოღწევა

Hürriyet-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ 4 წლის წინ, სირიის საზღვართან მდებარე ისტორიულ ქალაქ გაზიანთეფის მახლობელ კარკამიშის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს უძველესი წყლის მათარა, რომელზეც "ღიმილის" ემოჯია (სმაილიკი) გამოხატული. დადგინდა, რომ 3700 წლიან ამ წყლის მათარზე არსებული ღიმილის ნიშანი, არის მსოფლიოში აღრიცხული პირველი ემოჯი. ამავე ცნობით ეს მათარა, რომელიც გამოფენილია გაზიანთეფის არქეოლოგიის მუზეუმში, 1 თვეში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ 17-25 ივლისს შორის, ე.ი. 9 დღის განმავლობაში ანტალიას 563 ათასამდე უცხოელი ტურისტი ეწვია და ამათგან 200 ათასი ტურისტი რუსეთიდან, 76 ათასი გერმანიიდან, 69 ათასი უკრაინიდან, 29 ათასი პოლონეთიდან და 16 ათასი ყაზახეთიდან



მსგავსი ინფორმაციები