თურქული პრესა 10.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1580576
თურქული პრესა 10.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ანკარაში, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსის ეროვნული კონგრესისა და კულტურის ცენტრში, თურქეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მომზადებული-"ეროვნული კოსმოსური სააგენტოს" განვითარების პროექტის პრეზენტაცია გამართა და თქვა: "ამჟამად ჩვენი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაში ის არის, რომ თურქეთის რესპუბლიკის შექმნის საიუბილეო მე-100 წლისთავზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში აღინიშნება, პირველი კონტაქტი დავამყაროთ მთვარესთან და პირველი თურქული მისია გავაგზავნოთ მასზე. იმედი მაქვს, რომ მთვარეზე ასვლის მიზანს წარმატებით განვახორციელებთ და ამისათვის უკვე მზად გვაქვს ორ ეტაპიანი პროგრამა.”

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერს, იბრაჰიმ ქალინს გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავარ დიპლომატიურ მრჩეველ, ემანუელ ბონთან და განიხილეს როგორც ორმხრივი და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, სირიისა და ლიბიის საკითხებიც.

Hürriyet-ი თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრეს-სპიკერის, ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელიც მან გაავრცელა თავისი პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს გუშინდელი შეკრების დასრულების შემდეგ. ამ განცხადებაში ჩელიქი ხაზგასმით ამბობს, რომ თურქი ჯარისკაცების ყოფნა კუნძულ კვიპროსზე მუდმივია და ისინი იქიდან არ გავლენ, რადგან იცავენ აქ მცხოვრები თურქების უფლებებს.

"თურქეთის ავიახაზები-THY, ევროპაში კვლავ პირველ ადგილზეა," ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის ავიახაზების უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, თურქეთის საჰაერო ფლოტმა THY-მ, კვლავ შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია ევროპის ავიახაზებს შორის. თებერვლის თვის პირველ კვირაში თურქეთის ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავებმა დღეში საშუალოდ 588 ფრენა განახორციელეს და შეინარჩუნეს ლიდერის პოზიცია, ხოლო 381 ფრენით მას მეორე ადგილზე მოჰყვება ფრანგული ავიახაზები-Air France.

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი, თურქული ჩაის ექსპორტის ზრდას ეხება და წერს, რომ  იანვარის თვეში თურქეთიდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 392 ტონა ჩაის ექსპორტი განხორციელდა და 1,7 მილიონი დოლარის მოგება მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამავე ინფორმაციით, თურქული ჩაის ყველაზე დიდ ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ ბელგია, გერმანია და ისრაელი.



მსგავსი ინფორმაციები