თურქული პრესა 04.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1577057
თურქული პრესა 04.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განაახლა ახალი კონსტიტუციის მოთხოვნა, რომლის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ პირველად განაცხადა. მისი თქმით, მათ სურთ, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს ყველა სპექტრმა: ”ახალი კონსტიტუცია აგებული იქნება საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე და ისტორიულ ნაბიჯებზე. ამჟამად მოქმედი სამხედრო კონსტიტუციის გვერდზე გადადება და ახალ სამოქალაქო კონსტიტუციაზე მუშაობა დიდ ჰორიზონტებს გაგვიხსნის,” აღნიშნა მან გუშინდელ განცხადებაში, წერს ჰაბერთურქი.

Vatan-ის ცნობით, ანკარა მიესალმა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმების კიდევ 5 წლით გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც იარაღის კონტროლის რეჟიმის განმტკიცებას, ასევე გლობალური უსაფრთხოების ტესტების წინააღმდეგ ბრძოლასაც.”

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს აშშ-ის ანკარის ელჩ, დევიდ სატერფილდთან, რომლის თქმითაც, მისი ქვეყანაც და თურქეთიც აგრძელებენ ერთგულებას მათ შორის არსებული ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანი ურთიერთობებისადმი. თუმცა, მისივე თქმით, მას სურს არსებული კომერციული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება, რადგან ამის უდიდესი პოტენციალი გააჩნია ორივე მხარეს. ”თურქეთის საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მხარე ის არის, რომ ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც მრავალი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები იკვეთება და აქედან ძალზედ მოსახერხებელია მათ ბაზრებზე გასვლა” აღნიშნა ელჩმა.

Yeni Şafak-ი წერს, რომ მსოფლიოს უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური სტამბოლის ფესტივალის რიგით მეოთხე Teknofest-ი,  ათათურქის სახელობის აეროპორტში, მიმდინარე წლის 21-26 სექტემბერს გაიმართება. “გასული წლისგან განსხვავებით, წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილ იქნება შერეული ჯგუფის სიმულაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, უპილოტო საბრძოლო საჰაერო აპარატების, ხელოვნური ინტელექტის, კულტურისა და ტურიზმის ტექნოლოგიების, უპილოტო სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოფენები და ამასთან მრავალი კონკურსებიც გაიმართება“- იუწყება იენი შაფაქი.

"მსოფლიო ბანკის რეკორდული ინვესტიციები თურქეთში," ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ის ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა გასულ წელს თურქეთში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს 9 სხვადასხვა პროექტის განხორიელებაში. მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორის, აუგუსტ ტანო კუამეს განცხადებით, მსოფლიო ბანკი 2021 წელშიც გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას თურქეთის სოციალური და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში.



მსგავსი ინფორმაციები