თურქული პრესა 03.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1576266
თურქული პრესა 03.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, იბრაჰიმ ქალინს წუხელ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან და ეს იყო ამერიკაში ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოვალეობის შესრულების დაწყებიდან ორ ქვეყანას შორის პირველი სატელეფონო საუბარი. ამავე სტატიით, ქალინმა და სალივანმა ამ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს როგორც თურქეთ-აშშ ორმხრივი ურთიერთობები, ასევე სირიის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, კვიპროსის, ავღანეთის, მთიანი ყარაბაღის, კოვიდ-19 და სხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები.

Yenişafak-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, მიიღო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ერსინ თათარმა და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩავუშოღლუმ თქვა: "ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აღარ ვილაპარაკებთ ფედერაციის საკითხზე და ამის მოტივებზეც ვისაუბრეთ. ეს არ მოხდა 52 წლის განმავლობაში და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს ხვალ შეიძლება მოხდეს. კვიპროსის საკითხზე მოლაპარაკება საჭიროა მხოლოდ თანასწორობის საფუძველზე. თუ იქნება სუვერენული თანასწორობა, მაშინ შეიძლება კუნძულზე იარსებოს ორმა თანასწორუფლებიანმა სახელმწიფომ.“

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს 100 პროცენტიანი ელექტრო და უპილოტო ავტობუსის მწარმოებელ თურქული კომპანიის Karsan/ქარსანის გენერალურ დირექტორ ოქან ბაშთან, რომლის თქმითაც, ხსენებული ავტობუსის ტესტმა წარმატებით ჩაიარა და რუმინეთისა და აშშ-ის შემდეგ თვითონ თურქეთიც მზად არის მის გამოსაყენებლად. "პირველად ჩვენ ამ ავტობუსს ანკარაში მდებარე პრეზიდენტის კომპლექსის ტერიტორიაზე გამოვიყენებთ. მისმა პრეზენტაციამ, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობით, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შეკვეთების მიღება დავიწყეთ მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან," განაცხადა ქარსანის დირექტორმა.

“იანვარში ექსპორტში რეკორდი დამყარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ამის შესახებ გუშინ დიდი სიამაყით განაცხადა ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა. მისივე თქმით, იანვარში ექსპორტმა 15 მილიარდ 48 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 2.5%-ით მეტია და ეს მაჩვენებელი ყველა დროის იანვრის თვის, ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებელია.

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებს აქვეყნებს და მისი მიხედვით, გასულ კვირას, თურქეთის ავიახაზებმა (THY) დღეში საშუალოდ 588 ფრენით ევროპაში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.



მსგავსი ინფორმაციები