თურქული პრესა 26.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1479276
თურქული პრესა 26.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკლე ვადიანი სწავლება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქული საზღვაო ძალების კუთვნილმა ორმა ფრეგატმა და ერთმა იტალიურმა კრეისერმა. სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”2020 წლის 25 აგვისტოს, ორი თურქული და 1 იტალიური გემის მონაწილეობით ჩატარებული გარდამავალი ტრენინგი ითვალისწინებდა ურთიერთთანამშრომლობის განვითარება-გაფართოებისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში”, რაც წარმატებით განხორციელდა

Hürriyet-ი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზთან ინტერვიუს ბეჭდავს და მასში იგი ამბობს, რომ ისინი, შავ ზღვაში აღმოჩენილი სავარაუდო 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რაოდენობას ახლიდან გადახედავენ, რადგან იქ ამ სავარაუდოზე გაცილებით მეტი აირი შეიძლება იყოს. დონმეზის თქმითვე, პირველი აღმოჩენის გამოცხადება ყოველთვის მხოლოდ ერთი, ისიც სადაზვერვო ჭაბურღილზე დაყრდნობით ხდება და ახალი ჭაბურღილების გახსნით, ალბათ უფრო დიდი რაოდენობის რეზერვს აღმოაჩენენ

Star-ი, დუბაიში მოქმედი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის, “ნავთობ-ჰორმუზ სტრაიტის“ პარტნიორობის დირექტორის, სერქან შაჰინის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთის მიერ შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი აირის აღმოჩენა, ამ საქმის მხოლოდ დასაწყისია და უფრო დიდი რაოდენობის რეზერვებიც შეიძლება აღმოაჩინონ. ”თურქეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია “Türkiye Petrolleri“-ის მიერ ერთ თვიან მოკლე დროში 2 ათასი მეტრის სიღრმეში ბურღვის ჩატარებას, ყველა გაოცებული შეხვდა, მათ შორის ყველაზე მეტად ენერგეტიკული ბაზარი, რამეთუ ასეთი წარმატების მოპოვება ასეთ მოკლე დროში, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია. ეს წარმატება ანკარას სტიმულს მისცემს და იგი ნახშირწყალბადების ძიების სამუშაოებს შავ და ხმელთაშუა ზღვებში კიდევ უფრო დააჩქარებს”, აღნიშნავს სერქან შაჰინი, წერს სტარი

Sabah-ი, ეკონომიკის გვერდზე ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერატ ალბაირაქის გუშინდელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა სწრაფად გამოცოცხლდა. “საწარმოთა შესაძლებლობების გამოყენების მაჩვენებელი მთლიანი წარმოების ინდუსტრიაში, აგვისტოს თვეში, წინა თვესთან შედარებით  2.6 პუნქტით გაიზარდა და  მთლიანობაში 73.3 პროცენტს მიაღწია. ასე რომ, დაბრკოლებების მიუხედავად ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ამ ტემპს თანდათანობით დავაჩქარებთ“ აღნიშნა ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა, ვკითხულობთ გაზეთ საბაჰში

"ფორმულა 1-ის რბოლები კვლავ დაუბრუნდა სტამბოლს", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში წერია: 2020 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 რბოლას სტამბოლი უმასპინძლებს. სტამბოლის პარკის ტრასაზე, F1 რბოლა უკანასკნელად 2011 წელს ჩატარდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ფორმულა პირველის 2020 წლის შეჯიბრებების კალენდარი განახლდა და მასში სტამბოლიც იქნა შეყვანილი რა, FIA– ს განცხადების თანახმად, ფორმულა 1 სტამბოლის გრან პრი,  13-15 ნოემბერს გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები