თურქული პრესა 25.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1478594
თურქული პრესა 25.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ საბერძნეთის მიერ გამოცხადებული ნავიტექსის დეკლარაცია, გათამამებული ქვეყნის უპასუხისმგებლო მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც საშიშროებას უქმნის რეგიონში ყველა ქვეყნის გემის სანაპირო და სანავიგაციო უსაფრთხოებას. ”ამიერიდან, საბერძნეთი იქნება რეგიონში ნებისმიერი უარყოფითი ქმედების ერთადერთი მიზეზი და ეს ქვეყანა ყველაზე მეტად თავად დაზარალდება”, თქვა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

Sabah-ის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის შემდეგ, სადაც 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი აღმოაჩინეს, ახლა ხმელთაშუა ზღვიდანაც სასიხარულო ინფორმაციას მიიღებენ. “ჩვენი საბურღი გემი Oruç Reis/ორუჩ რეისი, წარმატებით აგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში და ამ მხრივ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა

Vatan-ი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას აშუქებს და წერს: მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა განაცხადა რომ თურქული სეისმური გემის, Oruc Reis-ის ახლოს მანევრებს ჩაატარებს, მწვავე რეაქცია მიიღო თურქეთიდან. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თქვა, რომ ათენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაზრდის რეგიონში დაძაბულობას. “თურქეთის საქმიანობები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ეფუძნება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფო დავალებას და ამ საქმეს მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ”, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, წერს ვათანი

”შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის უფრო დიდი პოტენციალი არსებობს”, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც მიესალმა თურქეთის მიერ შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი რეზერვების აღმოჩენას და მას საქმის დასაწყისი უწოდა. ”ტექნიკური ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ხსენებულ რეგიონში ბუნებრივი აირის გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი არსებობს, ამიტომაც აქ კვლევები და საბურღი სამუშაოები გაგრძელდება”, განაცხადა ქალინმა

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე ივლისის თვის ტურისტულ მონაცემებს აშუქებს რა, წერს რომ ამ თვეში თურქეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა და 215 ათასიდან 932 ათასამდე ავიდა. ივლისში ჩამოსული ტურისტებიდან ყველაზე მეტი, 32,36 პროცენტი სტამბოლს ეწვია, მას ანტალია და ედირნე მოჰყვებიან, აღნიშნავს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები