თურქული პრესა 24.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1346691
თურქული პრესა 24.01.2020

                                               

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ სანამ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი გრძელდება და არ დაირღვევა, მანამდე დამატებით ჯარებს აღარ გააგზავნიან. მისივე თქმით, ამჟამად ლიბიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კონფლიქტების შეწყვეტა, რომლის დროსაც დაპირისპირებული მხარეები ისარგებლებენ ამ მდგომარეობით და მთავარ ყურადღებას  ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილებენ.

Yeni Şafak-იც ეხება ლიბიაში მიმდინარე არასტაბილურ მოვლენებს და წერს, რომ ჰაფტერის ძალებმა ქალაქ მიტიგას აეროპორტი “გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს და ამ დროს მეამბოხე გენერალმა განაცხადა, რომ დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტში დაჯდომის მსურველ ყველა სამოქალაქო თვითმფრინავს დაარტყამდნენ. ჰაფტერის ამ უგუნურმა განცხადებამ კი ხელი გაუმაგრა თურქეთს და მან საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობას, რათა, ერთის მხრივ თავი დაიცვას მეამბოხე გენერლის თავდასხმებისგან, ხოლო მეორეს მხრივ დაარტყას მის სამხედრო ობიექტებს

Star-ი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თურქეთის მისამართით წარმოთქმულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ თურქეთი ნატოს მეტად მნიშვნელოვან წევრს და მოკავშირეს წარმოადგენს. "ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა რიგ მნიშვნელოვანია თურქეთის ნატოში წევრობა. თურქეთი, რამდენიმე მიზეზის გამო, ნატოს  ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მას დიდი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, არამედ, ასევე  ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რადიკალური  DEAS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და მის დამარცხებაშიც“, ხაზი გაუსვა სტოლტენბერგმა, წერს სტარი

“თურქეთის თავდაცვისა და საჰაერო მრეწველობის ექსპორტმა გასულ წელს 2,4 მილიარდ დოლარს მიაღწია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: 2019 წელს, თურქეთის თავდაცვისა და საჰაერო მრეწველობის ექსპორტი, 2018 წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 2,4 მლრდ. დოლარს მიაღწია. “ხსენებულ სექტორში დღესდღეობით 50 ათასამდე პერსონალი მუშაობს და ისინი მომავლის საბრძოლო თვითმფრინავებს, გრძელ მანძილიან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამგზავრებს და მათი გატყორცნის სისტემებს აწარმოებენ რა, მათი ხარისხითაც კონკურენციას უწევენ გლობალურ კომპანიებს“, ასკვნის ჰურრიეთი

Vatan-ი თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრ ბერატ ალბაირაქის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ გასულ ორ წელიწადში თურქეთმა, ეკონომიკურად მეტად ძლიერი  ცვლილებების პროცესი გაიარა. მისივე თქმით, თურქეთი, წარმოების თვალსაზრისით, კერძო სექტორში შემოქმედებითი მეწარმეების ინიციატივებს ეყრდნობა და ასე აღწევს წარმატებებს. “ახალი ეკონომიკური სისტემის შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, ეს შეიძლება ითქვას საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეც და ინფლაციის დაცემაზეც. რაც შეეხება თურქეთის ცენტრალურ ბანკს, იგი ისეთივე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, როგორც დავუშვათ აშშ-ის ცენტრალური ბანკი“, განაცხადა ალბაირაქმა, აღნიშნავს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები