თურქული პრესა 05.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1230664
თურქული პრესა 05.07.2019

 

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა ბავშვი მებრძოლების დემობილიზაციის საქმეზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეხვედრა და შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა ქურთულ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-სთან და მას მიუღებელი უწოდა. "გაეროს შეხვედრა და ერთ მაგიდაზე დაჯდომა  რომელიმე ტერ ორგანიზაციასთან და მასთან შეთანხმების ხელმოწერა ნამდვილად სკანდალია, გაეროს ასეთი რამ არ ეკადრება", განაცხადა ერდოღანმა , წერს საბაჰი

Star-იც ეხება ამავე თემას და წერს, რომ გაეროს ჟენევის ოფისის წარმომადგენლები უსირცხვილოდ მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას ქურთული ტერ ორგანიზაციის სირიაში მოქმედი დაჯგუფების ხელმძღვანელთან და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რამაც ანკარის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამიტომაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ოფიციალური ნოტა გაუგზავნა გაეროს ჟენევის ოფისსაც და შვეიცარიის იმ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც ქურთ ტერორისტს შვეიცარიაში შესასვლელი ვიზა მისცეს, აღნიშნავს სტარი

Yenişafak-ი, HSBC ჯგუფის მიერ ჩატარებულ "Expat Explorer"-ის საანკეტო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს და მისი მიხედვით, თურქეთი იმ 7 ყველაზე საუკეთესო ქვეყანის სიაში შევიდა, რომლებშიც ცხოვრება და მუშაობა ნამდვილად ღირს და ამით მან უკან ჩამოიტოვა გერმანია და სხვა მრავალი განვითარებული ქვეყანა. ამავე გამოკითხვით, თურქეთში მომუშავე უცხოელების 62%-ი მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარისხით თურქეთი გაცილებით სჯობია მათ ქვეყანას, ხოლო 60%-ის აზრით კი მათ ქვეყანასთან შედარებით თურქეთში მუშაობისა და კერძო ცხოვრების ბალანსი, უფრო გამოკვეთილია

“თურქული ხალიჩების პოპულარობა იზრდება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Habertürk-ი ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: თურქმა ხალიჩის მწარმოებლებმა მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, 177 ქვეყანაში 1 მილიარდ 176 მილიონი დოლარის ღირებულების ხალიჩა გაიტანეს და მათ შორის ყველაზე მეტი, 282 მილიონი დოლარის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე ადგილზე კი, 210 მლნ დოლარით საუდის არაბეთი მოდის. “თურქული ხალიჩების მყიდველი ქვეყნების პირველ ათეულში შედიან ასევე გერმანია, ინგლისი, ლიბია, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ისრაელი და ბელგია“, აღნიშნავს გაზეთი ჰაბერთურქი

Vatan-ი, თურქეთის ტურიზმის ერთ ერთ მთავარ ცენტრთაგან მიჩნეულ, დენიზლის ოლქში მდებარე ფამუქკალეს განვითარებას ეხება და წერს, რომ დღეს ფამუქკალეში ჩამოდიან მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან და მიმდინარე წლის 6 თვეში მას 1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია და ამით აქ ყველა დროის რეკორდი დამყარდა. ბამბის ფერი ტრავერტინებით განთქმული ეს ქალაქი UNESCO-ს მხრიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სიაშია შეყვანილი და ამ წლის ბოლოსთვის აქ 2 მილიონ 800 ათას ტურისტს ელიან, ხაზს უსვამს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები