თურქული პრესა 17.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1203030
თურქული პრესა 17.05.2019

 

                                  

   

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ლატვიელ კოლეგა, ედგარდს რინკევიჩისთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ი აგრძელებს მუქარას თურქეთისადმი და ცდილობს შეაჩერებინოს რუსეთისგან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვა. “ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ხაზი გავუსვით, რომ, ეს რუსული სისტემა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. ამის თაობაზე ჩვენ შეერთებულ შტატებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაც მოვთხოვეთ, მაგრამ, ამერიკისგან უარი მივიღეთ“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა, წერს ჰაბერთურქი

“თურქებთან მუშაობა ადვილია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და წერს, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ეს სიტყვები გამოიყენა “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ შეფასებისას. “მისი თქმით,  ბუნებრივი აირის ამ მილსადენის პროექტის წინააღმდეგ გამოდის აშშ-ი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომლებიც ცდილობენ მის დაბლოკვას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხსენებული მილსადენის მშენებლობა მაინც გრძელდება. პუტინისვე განცხადებით, ამ მხრივ თურქებთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე დასავლეთთან, რადგან, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი არ ყოყმანობს და მილსადენების გაყვანის საკითხში მტკიცე გადაწყვეტილებებსაც იღებს და მათ ცხოვრებაშიც ატარებს“

Yeni Şafak-ი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody’s-ის  ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების რისკების ჯგუფის დირექტორის, ივეს ლემაის მიერ ლონდონში გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ეხება თურქეთის ეკონომიკის განვითარებას და აღნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკური მრავალფეროვნება, მისი პარამეტრები და შესაძლებლობები, ახალგაზრდა მუშახელის სიმრავლე და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, შიდა თუ გარე გამოწვევებს არ აძლევენ მისი ძლიერი ეკონომიკის შერყევის საშუალებას.

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის თემას აშუქებს და წერს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში, ყველაზე მეტი ბინა უცხოელებმა აპრილის თვეში შეიძინეს. გასული წლის 4 თვეში უცხოელებმა თურქეთში 7341 ბინა იყიდეს, ამ წელს კი 13338 ბინა, რაც 82%-ით მეტია გასული წლისაზე და აქედან ყველაზე მეტი, 4 ათასამდე ბინა, მარტო  აპრილში გაიყიდა, წერს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი

Hürriyet-ი იტყობინება, რომ ინგლისურ გაზეთ The Telegraph-ის რედაქტორებმა თურქეთში პირველ ათეულში შემავალი საზღვაო კურორტები გამოავლინეს და ბრიტანეთის მოქალაქეებს ურჩიეს, სწორედ მათ მიერ გამოვლენილ დასახლებებში დაისვენონ. ამ სიას ანტალია მეთავეობს და მას ქემერი, პატარა, ალანია და სიდე მოჰყვებიან, ხოლო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტებს შორის ინგლისელებს ბოდრუმში, ჩეშმეში, ფეთჰიეში, ქუშადასში და მარმარისში დასვენებას ურჩევენ



მსგავსი ინფორმაციები