თურქული პრესა 02.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1193592
თურქული პრესა 02.05.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის აპარატის წყაროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თურქეთში ვიზიტის საკითხზე ივლისის ჩათვლით ალტერნატიულ თარიღებზე ვმუშაობთ.“ თარიღის დაზუსტების შემთხვევაში ეს იქნება ტრამპის პირველი ვიზიტი თურქეთში.  

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი, აშშ-ს სირიის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს ჯეფრის დედაქალაქ ანკარაში შეხვდა. შეხვედრაზე, სადაც ღიად იქნა ხაზგასმული თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები, განხილული იქნა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში და სირიის მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლის, უსაფრთხო ზონის, მანბიჯის სამოქმედო გეგმის ამოქმედების, დაეშ-ის, PKK/YPG/PYD-ს ჩათვლით ყველა სეპარატისტული ელემენტის წინააღმდეგ ბრძოლის, იდლიბის შეთანხმების დაცვის, სირიის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში პოლიტიკური მოგვარების მიღწევის და სირიის თავიდან აღმშენებლობის საკითხები.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ფონდ „ქალი და დემოკრატია“-ს (KADEM) სტამბოლში გამართულ სამუშაო შეხვედრაში  - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ერდოღანმა და მისმა მეუღლემ ემინე ერდოღანმა ამ სამუშაო შეხვედრაზე მიიწვიეს სტამბოლში მყოფი ცნობილი მომღერალი დელა მაილსი, რომელმაც ისლამი მიიღო. ამერიკელმა მომღერალმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს თავისი ემოციების გაზიარებისას განუცხადა: „დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი გავიცანი. აღელვებული ვარ, რადგანაც ხელი ჩამოვართვი თურქეთის პრეზიდენტს, ლამაზ, თბილ პირველ ლედის ჩავეხუტე.“

გაზეთი „ვათანი“ იტყობინება, რომ ანტალიაში ტურისტების რაოდენობამ ბოლო წლების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. განსაკუთრებით აპრილის თვეში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოხდა. პირველ სამ თვეში 571 ათას 207 ტურისტი ჩავიდა ქალაქში, მხოლოდ აპრილის თვეში 29 დღეში ქალაქს 905 ათას 322 ტურისტი ეწვია. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, აპრილში ტურისტების რაოდენობის ზრდა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზების თასზე კალათბურთში ევროპის ლიგის პლეი ოფის მეოთხედ ფინალის სერიის მეხუთე და ბოლო მატჩში „ანადოლუ ეფესმა“ საკუთარ სტადიონზე ესპანეთის „ბარსელონა ლასა“ 80-71 დაამარცხა და ესპანეთის ქალაქ ვიტორია-გატიზში გასამართ ოთხეულის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 7-10 მაისს გასამართ ოთხეულის ფინალის პირველ დღეს ორი თურქული კლუბი „ფენერბაჰჩე ბეკო“ და „ანადოლუ ეფესი“ ბოლო ჩემპიონ ესპანეთის „რეალ მადრიდსა“ და რუსეთის „ცსკა მოსკოვს“ შეხვდებიან. ამ მატჩების გამარჯვებულები 19 მაისს ჩემპიონობისთვის, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები