თურქული პრესა 23.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

678552
თურქული პრესა 23.02.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ STAR-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერდოღანი მარტის თვეში მოსკოვს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაში და მის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა ექნება თავის რუს კოლეგა პუტინთან, ხოლო მაისის თვეში კი ნატოს სამიტის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა ექნება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ძირითადად განიხილავენ თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს და სირიის საკითხს.    

HABER TÜRK-ი თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრ ომერ ჩელიქის მხრიდან პოლონეთში გავრცელებულ განცხადებას ათავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თუ, თურქეთ-ევროკავშირს შორის წელს სამიტი არ შესდგება, მაშინ, წინსვლა შეუძლებელი გახდება. “კარგა ხანია რაც ბრიუსელს თურქეთის მიმართ რაიმე პოლიტიკა არ გააჩნია, ხოლო ევროკავშირის გაფართოებაზე პასუხისმგებელი კომისარი კი რატომღაც თურქეთზე საუბრისას არა როგორც კანდიდატ, არამედ, როგორც მეზობელ ქვეყანაზე ისე საუბრობს, რაც ნამდვილად არასწორი და ამასთან ანკარისათვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე ველით, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება და ურთიერთობები წინ წაიწევს“, განაცხადა ჩელიქმა, წერს ჰაბერთურქი  

SABAH-ი იტყობინება, რომ ერდოღანმა გუშინ მშენებელ მოიჯარეები მიიღო და მათთან საუბარში თქვა, რომ ახლად შექმნილი აქტივების ფონდი მათი საქმიანობებისთვისაც დიდი გარანტი იქნება. ერდოღანმა ამავე შეხვედრაზე ჯილდოები გადასცა მოწინავე მშენებელი ფირმების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ უცხოეთში მომუშავე მოიჯარეები ამავე დროს კულტურული ხიდის ფუნქციასაც ასრულებენ, რამეთუ სხვა ქვეყნების სამშენებლო ობიექტებზე აღმართული თურქული ფირმების დროშები დიდ სიამაყეს გვრის ყველა მამულიშვილს. ამავე სტატიით, დღესდღეობით მსოფლიოს 250 უდიდესი სამშენებლო ფირმის სიაში 45 თურქული ფირმაც შედის რა, ისინი საუკეთესო ბრენდად ითვლებიან    

VATAN-ი ინტერვიუს აქვეყნებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერათ ალბაირაქთან, რომელიც ამბობს, რომ ახლო ხანებში უკვე ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებაზე გადავლენ, რათა უცხოეთიდან შემოტანილ ენერგორესურსებზე წელიწადში 50 მილიარდ დოლარამდე დახარჯული თანხა შეამცირონ. ეს კი მისივე თქმით ზოგიერთ უცხოურ ძალებს გაანაწყენებს, რადგან თურქეთიდან შემოსავალი შეუმცირდებათ. მისივე თქმით ამ ბოლო წლებში გლობალური ეკონომიკური კრიზისების მიუხედავად, ანკარამ ენერგეტიკულ სექტორში დიდი ინვესტიციები განახორციელა, რის საფუძველზეც გასულ წელს ელექტრო წარმოების 49% ადგილობრივი წყაროებით მოხდა და პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთმა ელექტრო ენერგიის ექსპორტი მოახდინა

HÜRRİYET-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “სახლის მყიდველი უცხოელი, ნაყიდ სახლს 1 წლის განმავლობაში ვეღარ გაყიდის“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მთავრობამ უცხოელი მოქალაქეებისათვის თურქეთში უძრავი ქონების ყიდვის გამარტივების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და არსებულ კანონს კიდევ 2 დებულება დაამატა. ამ დებულებების მიხედვით თურქეთში უძრავი ქონების მყიდველი უცხოელი გარკვეული ვადით, კონკრეტულად კი 1 წლით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისგან განთავისუფლდება, ხოლო ამის სანაცვლოდ უცხოელს აეკრძალება ნაყიდი უძრავი ქონების 1 წლის განმავლობაში გაყიდვა. ეს ახალი დებულებები განხორციელდება საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქ მოქალაქეებზეც, აღნიშნავს ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები