თურქული პრესა 27.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

660297
თურქული პრესა 27.01.2017

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა აფრიკის ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტ ტრამპთან მისი პირისპირი შეხვედრა არ უნდა დაგვიანდეს, რადგან ძალიან ბევრი სასწრაფოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საკითხები აქვთ განსახილველი. “ამჟამად ჩვენი ურთიერთობები არაჯანსაღია და ამიტომ მისი გამოსწორება გვსურს. ჩვენ ორივენი ნატოს მხრიდანაც მოკავშირეები და პარტნიორები ვართ და ამიტომ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ერთმანეთს თანადგომა უნდა აღმოვუჩინოთ“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰაბერთურქი

Sabah-ის პირველსავე გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, “საბერძნეთისგან დიდი ღალატი“ და მასში ვკითხულობთ: 15 ივლისის სამხედრო პუტჩის წარუმატებლად დასრულების კვალდაკვალ საბერძნეთში გაიქცა 8 თურქი სამხედრო და მას შემდეგ ანკარა ამ პუტჩისტების ექსტრადაციას ითხოვს. საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გუშინდელ პროცესზე ბერძენმა მოსამართლეებმა ხსენებული მეამბოხეების თურქეთისათვის გადმოცემის საქმეზე უარის განაჩენი გამოიტანეს, რაც ანკარამ დიდ ღალატად აღიქვა და ეს განაჩენი ანკარამ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო

Vatan-ი იუწყება, რომ თურქი ჯარისკაცები თურქეთ-ერაყ-ირანის საზღვარზე მდებარე ე.წ. შეითანის სამკუთხედის სახელწოდების მაღალმთიანეთში, სადაც ყინვა მინუს 30 გრადუსის ქვემოთაა, მტკიცედ იცავენ საკუთარ საზღვრებს. აქ მდებარე და მყარად გამაგრებული სამხედრო ნაწილიდან მთელი გარემო ხელის გულივით მოჩანს და ამიტომ ქურთი ტერორისტები ვეღარ ბედავენ საზღვრების დარღვევას და გადმოკვეთას. მოკლედ, მეჰმედჩიკების, ე.ი. თურქი  ჯარისკაცების შიშით პკკ-ას ტერორისტები კი არა და ჩიტებიც კი თავისუფლად ვეღარ ფრენენ შეითანის სამკუთხედში, სიამაყით აღნიშნავს ვათანი

Star-ის მიხედვით გუშინ, სტამბოლში მსოფლიოს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდის ტენდერი გაიმართა და ამ გიგანტურ პროექტში მონაწილეობას მიიღო 14 ფირმამ და ოთხმა კონსორციუმმა რა, გაიმარჯვა კორეული ფირმების Daelim-ის და SK-სგან და მათი თურქული პარტნიორი Limak-ის და Yapı Merkez-ისგან შემდგარმა კონსორციუმმა. ახლა ისინი ამ პროექტით ევროპას და აზიას ერთმანეთთან სტამბოლში დამაკავშირებელი სამი დაკიდული ხიდის შემდეგ, ჩანაქკალეს, ე.ი. დარდანელის სრუტეზე გადებული ხიდითაც დააკავშირებენ. ჩანაქკალეს დაკიდული ხიდის სიგრძე 2023 მეტრი იქნება და მასზე 3-3 ზოლიანი, ე.ი. მთლიანობაში 6 ზოლიანი საავტომობილო გზა გაივლის რა, მისი მშენებლობა 10 მილიარდი ლირა დაჯდება. ჩანაქკალეს ხიდს საძირკველი მიმდინარე წლის 18 მარტს ჩაეყრება და მისი ექსპლოატაციაში გადაცემა ნავარაუდევია თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100, ე.ი. 2023 წლისათვის, იუწყება სტარი

Hürriyet-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ სტამბოლში 16 თებერვალს აიღებს სტარტს და 26 თებერვალს დასრულდება მორიგი საერთაშორისო კინო ფესტივალი სახელწოდებით 16. !f İstanbul-ი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 34 ქვეყნიდან 126 ფილმი. ამ კინო ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს მარტის თვეში ჯერ ანკარელ და ბოლოს იზმირელ კინომოყვარულებს წარუდგენენ, წერს ჰურრიეთი

 



მსგავსი ინფორმაციები