თურქული პრესა 23.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

616058
თურქული პრესა 23.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, კვიპროსის საკითხის მოუგვარებლობამ კუნძულზე მცხოვრებ ბერძნებს და თურქებს იმედები  გაუცრუა. საბერძნეთის მთავრობის გარემოცვის მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანსა და საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასს შორის ხშირი სატელეფონო საუბრები იმართება. საბერძნეთის მთავრობის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვის დასაწყისში მოლაპარაკებების შემაფერხებელი საკითხების განსახილველად ბუფერულ ზონაში შეხვედრისთვის შესაბამისი სამუშაოები გრძელდება.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არმიაში ტერორგანიზაცია FETÖ-ს მხარდამჭერთა მიერ მთავრობის დამხობის მცდელობა სერიოზული დანაშაულია და თურქეთს მათი გასამართლების უფლება გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სისტემა დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის ერთგული უნდა იყოს და თურქეთმა ნატოს შემადგენლობაში მყოფი ფეტოელი სამხედროების ნაცვლად ახალი სამხედრო პირები დანიშნა. სტოლტენბერგმა კმაყოფილება გამოთქვა თურქეთის ნატოს შტაბბინასა და სხვა სარდლობის ცენტრებში ჩატარებული სამუშაოების გამო.  

გაზეთი „იენი შაფაქი“-ს ინფორმაციით, ანკარაში მერასიმის ქუჩაზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით PKK-ს და  PYD-ს ტერორისტების დაკავების ბრძანება გამოიცა. ძებნილად გამოცხადებულ 48 ადამიანს შორის ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთის PYD-ს თანათავმჯდომარე სალიჰ მუსლიმიც არის. მუსლიმს თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააპატიმრებენ და მას თურქი სამართალდამცველები გაასამართლებენ. ტერორისტების ძებნა წითელი ცირკულარითაც დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ევროპისთვის ტერორიზმთან ბრძოლაში ერთგვარი გამოცდა იქნება. სალიჰ მუსლიმს ბოლოს გერმანიის პარლამენტმა უმასპინძლა და ამის შემდეგ მისი ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება გართულდება, რადგან საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით საჭირო გახდება მისი დაკავება.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საიმედოა და იგი მსოფლიოს მიერ იქნა აღიარებული - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მოკლე დროში გერმანული ენერგო კომპანია EWE თურქეთში 120 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ალბაირაქმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა და აღნიშნა: „მსოფლიოში ცნობილი გერმანული ენერგოკომპანია EWE-ს აღმასრულებელი დირექტორი მათიას ბრუქმანი და მისი დელეგაციის წევრები მივიღეთ. მათ ჩვენ თურქეთში 120 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება შემოგვთავაზეს. შემდეგ კი ისევ გერმანული ქარის ენერგოკომპანიის Nordex-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარს ბონდო კორსგაარდი მივიღეთ. მათ აღნიშნეს, რომ განახლებადი ენერგო რესურსების სტრატეგიითა და განახლებად ენერგო სფეროში თურქეთში საინვესტიციო გარემოთი არიან დაინტერესებულნი.“

და ბოლოს გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, Samsung Electronics-ი თურქეთში ახალი ინვესტიციების ფარგლებში 2018 წლამდე მაღაზიათა რაოდენობის სამჯერ გაზრდას გეგმავს. სამსუნგის ელექტრონიკის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა მერთ გურსოიმ განაცხადა, რომ მათ თურქეთის პოტენციალის და მომავლის სჯერათ და ამიტომ თურქეთში ინვესტიციების გაზრდას სამომავლოდაც აპირებენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები