თურქული პრესა 20.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

533362
თურქული პრესა 20.07.2016

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პუტჩის მცდელობა ფეტულაჰ გულენის ორგანიზაციამ განახორციელა. “შეიარაღებულ ძალებში მოქმედმა მცირერიცხოვანმა არალეგალურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ იარაღის გამოყენებით სცადა ხალხის მიერ დემოკრატიულ არჩევნებზე არჩეული მთავრობის დამხობა და ახლა ყველანი საკადრისად დაისჯებიან“, განაცხადა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა, წერს ჰაბერთურქი

საბაჰის ცნობით პუტჩის დამხობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ხალხმა, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ტანკებს, არც თვითმფრინავებს, არც ვერტმფრენებს და ზოგან თვით გაკოჭეს რა პუტჩისტი სამხედროები, ისინი იარაღიანად პოლიციას ჩააბარეს. ახლა კი იგივე ხალხი დღისით სამსახურში მიდის, ხოლო საღამოს კი ე.წ. დემოკრატიის დაცვის მიტინგებში იღებენ მონაწილეობას. ასეთი მიტინგები კი ყოველ საღამოს არა მხოლოდ სტამბოლში და ანკარში, არამედ 81 ოლქშიც მიმდინარეობს. ყველაზე ხალხმრავლობა კი სტამბოლში, ქისიქლის უბანში, პრეზიდენტ ერდოღანის სახლთან არის. აღნიშნავს საბაჰი

იენი შაფაკის მიხედვით გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანებამ, რომლის ტექსტის ქვეშ ხელმოწერა აქვს ყველა ოლქის სავაჭრო პალატას და ისინი სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ მოქმედი ხელისუფლების მიმართ. “ჩვენ მხოლოდ იმათ გვერდით ვდგავართ, ვინც ხალხმა ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოიყვანა“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში

ვათანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ს თავჯდომარის ქრისტინე ლაგარდის Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი ქებით მოიხსენიებს თურქეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან გადაგმულ ნაბიჯებს და მის ფარგლებში საპროცენტო საბაზისო განაკვეთის შემცირებას. “ჩვენ, პუტჩის შემდეგ თურქეთის ეკონომიკაში უფრო უარესს ველოდით, მაგრამ, თურქეთის ეკონომიკამ პუტჩის შოკი უფრო ადვილად გადაიტანა, ხოლო პროცენტის შემცირება კი ხელს შეუწყობს ბაზრების ნაღდი ფულით უზრუნველყოფას“, აღნიშნავს ლაგარდე, წერს ვათანი

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმეს ასევე თურქმა ხელოვანებმა. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოღალატურს უწოდებენ პუტჩისტების მცდელობას და მათ ჯეროვნად დასჯას მოითხოვენ


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები