თურქული პრესა 15.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

471703
თურქული პრესა 15.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მე-13 ისლამურ სამიტზე ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსულ ლიდერებს შემდეგი წინადადებები შესთავაზა: 1. პოლიციის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ცენტრის შექმნა, რომლის ცენტრიც სტამბოლში იქნება 2. სტამბოლში რეგულარული ქალთა კონფერენციის გამართვა 3. სტიქიური უბედურების დროს ისლამურ ქვეყნებს შორის საერთო წითელი ნახევარმთვარის სტრუქტურის შექმნა 4. გლობალური ეკონომიკური ფუნქციონირების საარბიტრაჟო სისტემის შექმნა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობების გამოსააშკარავებლად მომუშავე თურქეთის დაზვერვის სამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დეაში კათოლიკური სამყაროს ცენტრზე აპირებს თავდასხმის მოწყობას. ანკარამ ეს ინფორმაცია ვატიკანს მიაწოდა. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად დეაში თავდასხმის მოწყობას გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც აპირებს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, მე-10 სტამბოლის უძრავი ქონების გამოფენა და არაბულ-თურქული სამიტი 23-24 აპრილს შორის გაიმართება. გამოფენაში 52-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. არაბულმა სამყარომ ბოლო პერიოდში თურქეთში უძრავი ქონების შეძენის გააქტიურება დაიწყო. გამოფენაზე გასულ წელში სექტორის 12 ათას 478 წარმომადგენელი, ინვესტორი და პროფესიონალი შეიკრიბა. გამოფენაზე თურქეთში, არაბულ ქვეყნებში და მსოფლიოში უძრავი ქონების სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე და სექტორის მომავალზე ისაუბრებენ.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით Mitsubishi elektrik-ი 176 მილიონი ლირის ინვესტიციით მანისაში სახლის ტიპის კონდიციონერების ფაბრიკის აშენებას გეგმავს. Mitsubishi elektrik-ის თურქეთის განყოფილების ხელმძღვანელის მასაჰირო ფუჯისავას თქმით, თურქეთი სანდო, გეოპოლიტიკური მდებარეობით, ახალგაზრდა მოსახლეობით და ზრდის პოტენციალით მომგებიანი ქვეყენაა. მისივე თქმით, მანისაში ასაგები ფაბრიკით თურქეთი მნიშვნელოვან მეწარმეობის ბაზად გადაიქცევა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, აშშ-ში ბიოტექნოლოგიური კომპანიის მფლობელი ოსმან კიბარი ეკონომიკური ჟურნალის Forbes-ის 10 მაისის ნომრის ყდაზე მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 12 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიოტექნოლოგიური კომპანიის Samumed-ის დამაარსებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ოსმან კიბარის მიზანი დაბერების უკან შემობრუნებაა და კიბარი მარადიული ახალგაზრდობის იმედად მიიჩნევა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები