თურქული პრესა 19.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

309832
თურქული პრესა 19.06.2015

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაცრად დაგმო ეგვიპტეში დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული და შემდეგ სამხედრო ხუნტის მიერ ჩამოგდებული მუჰამმედ მურსისათვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მის წინააღმდეგ გამოსვლისათვის მოუწოდა. “სამწუხაროდ დასავლეთმა თვალი დახუჭა არა მხოლოდ მურსის ჩამოგდებაზე, არამედ ახლაც დუმს მისთვის გამოტანილ სიკვდილის განაჩენზეც, ამიტომ მათ არ აქვთ უფლება ილაპარაკონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რამეთუ ისინი ორმაგი სტანდარტებით თამაშობენ რა, ძალზედ უსამართლოდ იქცევიან. რაც შეეხება თურქეთს, ჩვენ როგორც ყოველთვის ახლაც ვდგავართ და მომავალშიც ვიდგმებით უსამართლობის და დაჩაგრულის გვერდზე“, განაცხადა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

ჰაბერთურქი იუწყება, რომ თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ვოლქან ბოზქირმა წერილები მისწერა ევროკავშირის პასუხისმგებელ კომისარს გაფართოების საკითხებში იოჰან ჰაჰნს და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის სამსახურზე პასუხისმგებელ კომისარ კრისტოს სტილიანიდესს, რომელშიც ყურადღება გაამახვილა თურქეთში შემოხიზნული სირიელი ლტოლვილების სავალალო მდგომარეობაზე. “დღესდღეობით თურქეთის მიერ სირის საზღვრებთან გახსნილ 25 ბანაკში თავს აფარებს 260 ათასი სირიელი, ხოლო 2 მილიონამდე სირიელი და ერაყელი ლტოლვილი კი მოდებულია თურქეთის ოთხივ კუთხეს და ამიტომ ანკარას მძიმე ფინანსურ პრობლემად აწვება ეს ტვირთი რა, დღემდე მათი გამოკვება 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა საჭირო ფინანსურ და მატერიალურ-ჰუმანიტარულ დახმარებას არ აღმოუჩენს თურქეთს, მაშინ, მისი სავალალო შედეგები ძალზედ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნებზეც“, აღნიშნა ამ წერილებში ბოზქირმა, ვკითხულობთ ჰაბერთურქში

მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის საკონდიტრო ფირმა “ელვან“-მა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ქალაქ საქარიაში ვაფლის, გოფრეტისა და სხვა საკონდიტრო პროდუქციის წარმოებისათვის რა, წარმოებული ახალი პროდუქცია Today Waffle-ს მარკით გამოვა, რითაც მეტოქეობას გაუწევს ევროპისა და მსოფლიოს ბელგიურ-ჰოლანდიურ ერთობლივ ბრენდ Caramel Waffle-ს

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ პოპ მუსიკის სამყაროს ახალი ვარსკვლავი ჯესსი ჟ მეორედ ჩამოვა თურქეთში და 3 ივლისს სტამბოლში მორიგ კონცერტს გამართავს და ახალ რეპერტუართან ერთად იმღერებს ისეთ განთქმულ სიმღერებს, როგორებიცაა "Bang Bang" და "Price Tag"-ი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები