თურქული პრესა 15.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

276330
თურქული პრესა 15.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) 7 ივნისის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, თურქეთში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და დაამატა: „მაშინ საპრეზიდენტო სისტემისათვის კალენდარიც ამოქმედდება. არ ვიცი ეს თარიღი 2019 წელი იქნება თუ უფრო ადრე“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ვიცეპრემიერმა ალი ბაბაჯანმა მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ ბაბი ალის შეკრებაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის თურქეთის ლიდერის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება. ბაბაჯანის განცხადებით, გლობალურ დონეზე სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბალანსში თურქეთის მიერ გატარებული შიდა პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით განვითარებისა და კეთილდღეობის კუთხით თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური სტაბილურობაა. ბაბაჯანმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი სუსტი და პოლიტიკური სურათი არეულია, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ძალიან რთულია.

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქეთის სწრაფი რეაგირების ძალების ლიდერი გახდება“, რომლის თანახმადაც, თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გაზეთის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „ნატოს სწრაფი რეაგირების სისწრაფესა და ძალას ვზრდით. მაღალი მომზადების სწრაფი რეაგირების ძალა ამ სამუშაოების ცენტრშია მოქცეული. თურქეთმა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემქმნელ სხვა 6 მოკავშირესთან ერთად, მომდევნო წლებში ძალების ლიდერის მოვალეობის შესრულების გადაწყვტილება მიიღო. თურქეთის ამ გადაწყვეტილებით ჩვენც კმაყოფილები ვართ“.

გაზეთი „საბაჰი“ს თანახმად, ანკარის სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნურეთინ ოზდებირმა განაცხადა, რომ თურქეთის ავიახაზების ხელმძღვანელობამ ანკარიდან კვირაში 27 რეისის, საზღვარგარეთ 7 წერტილში პირდაპირი რეისების დანიშვნის პირობა დადო. ოზდებირმა აღნიშნა: „მოსკოვსა და დიუსელდორფში პირდაპირი ფრენებია. 1 ოქტომბრიდან ფრანკფურტი, ვენა, ბაქო, ბრიუსელი, ლონდონი, თეირანი და ამსტერდამი დაემატება. მომდევნო წელს კი ბერლინი, ჰამბურგი, კიოლნი, შტუტგარტი, კოპენჰაგენი, სტოკჰოლმი და პარიზიც მიემატება“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, მილანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თურქი რეჟისორების ნისან დაღისა და ესრა საიდამის ფილმის „ზღვის დონე“-ს მთავარი როლის შემსრულებელმა დამლა სონმეზმა „ქალის როლის საუკეთესი შესრულებისათვის“ ჯილდო მოიპოვა, ხოლო ფილმის რეჟისორები კი საუკეთესო რეჟისორებად დასახელდნენ. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 9 სექტემბერს მილანში გაიმართება. ფესტივალზე ფილმ „ზღვის დონის“ ჩვენებაც შედგება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები