თურქული პრესა 23.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

195459
თურქული პრესა 23.01.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამმონდმა ქებით მოიხსენია და მოიწონა ანკარის მხრიდან სირიაში მიმავალი იმ პირების შეჩერება, რომლებიც აპირებენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანებას და მათ გვერდზე ბრძოლას. “სირიას თურქეთთან გრძელი საზღვარი აქვს და რა თქმა უნდა ყველა მონაკვეთის კონტროლი ძნელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა თურქი მესაზღვრეები ფხიზლად არიან და მკაცრ პასუხს აძლევენ საზღვრების დამრღვევებს. მოკლედ, ანკარა სწორ გზაზე დგას“, განაცხადა ჰამმონდმა, წერს სტარი

საბაჰის ცნობით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მრჩეველი ჰალუქ დურსუნი სიტყვით გამოვიდა პარიზში მოქმედ “UNESCO“-ს ცენტრში და ისაუბრა რა ხსენებული სამინისტროს მხრიდან კულტურული ღირებულებებისადმი დიდი ყურადღების გამოჩენაზე, თქვა რომ ანკარა უდიდეს მნიშვნელობას აძლევს იუნესკოს მხრიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი თურქული ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური ძეგლების მოვლა-პატრონობას, ხოლო მეორეს მხრივ აქტიურ მუშაობასაც წარმართავს, რათა ამ სიაში სხვა ახალი თურქული ძეგლებიც შეიყვანონ

“სირიელ ლტოლვილ ქალს ოცნება აუხდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე შანლუიფას ოლქის სურუჯის რაიონის დაწყებითი სკოლის შენობაში ორ წელზე მეტია რაც სირიელი ლტოლვილები ცხოვრობენ და მათ შორისაა 54 წლის ქალიც, რომელსაც ერთი ფეხის ამპუტაცია აქვს გაკეთებული სამშობლოში აფეთქებული ბომბის შედეგად. და აი, გუშინ სურუჯის რაიონის გამგებელ აბდულლაჰ ჩიფთჩის დავალებით ამ ქალს სახელმწიფო საავადმყოფოში უფასოდ გაუკეთეს პროთეზი და მან ჩვეულებრივად გააგრძელა სიარული. სირიელმა ლტოლვილმა ქალმა და მის მახლობლებმა სიხარულის ცრემლებით გადაუხადეს მადლობა თურქებს, წერს ჰურრიეთი

მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში მზის ენერგიის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ თურქეთის სამხრეთი რეგიონები მზის სხივებისგან თითქმის წლის ოთხივე სეზონში სარგებლობენ, ე.ი. მზის ენერგიის ელექტროენერგიად გადაქცევის დიდი პერსპექტივა გააჩნია ამ რეგიონს. “ამიტომაც ისედაც უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულ თურქეთს შეუძლია მზის ენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურების მშენებლობით საგრძნობლად შეამციროს უცხოეთზე დამოკიდებულება და თვით აწარმოოს ჯერ საკუთარი მოხმარებისათვის და შემდგომში ექსპორტშიც კი გაიტანოს მზის ენერგიისგან მიღებული იაფი ელექტროენერგია, რის პროექტები უკვე მასიურად მზადდება, იტყობინება მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები