თურქული პრესა 06.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

174197
თურქული პრესა 06.01.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერი დავუთოღლუ გუშინ სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ორგანიზებულ კომერციულ მრჩეველთა მე-3 კონფერენციაზე და განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კრეისერები გასულ წელს მთლიანობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 ნავსადგურს მეგობრული ვიზიტით ეწვივნენ და მიმდინარე წელს ამ ციფრს გაზრდიან რა, თურქული კრეისერები ეწვევიან როგორც ატლანტიდის, ასევე წყნარი და ინდოეთის ოკეანის ნავსადგურებსაც

საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კატასტროფულ დაცემას ეხება და წერს, რომ ბარელი ნავთობის ფასი გასულ წელს ამ დროს თუ 110 დოლარი ღირდა, გუშინ ეს ფასი 55 დოლარს ქვემოთ დაეცა, რამაც ყველაზე მეტად ნავთობის მწარმოებელი რუსეთი და ირანი დააზარალა, რადგან მათი ეკონომიკა მხოლოდ ნავთობის შემოსავალზეა დამოკიდებული, ხოლო მათ საპირისპიროდ სამაგიეროდ მოგებული დარჩნენ აშშ, ევროპა და თურქეთი, რომლებსაც ნავთობზე ფასების დაცემის გამო ძალზედ შეუმცირდათ საბიუჯეტო დეფიციტები და მათმა ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად ამოისუნთქა

აქშამის მიხედვით თურქეთმა და აშშ-მა სირიელი ოპოზიციონერების სამხედრო სწავლების, წვრთნისა და მომზადების საკითხში უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და შესაბამის პროტოკოლს ხელს მოაწერენ მიმდინარე თვეში. ამ შეთანხმებით სირიელების წვრთნა მთლიანობაში 3 წელი გაგრძელდება და სულ 15 ათასამდე სირიელ ოპოზიციონერს გამოწვრთნიან

მილლიეთი რუსული საინფორმაციო სააგენტო “Ria Novosti“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი მიხედვით რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის აგვისტოს აქეთ ხორცის იმპორტი თურქეთიდან 6-ჯერ გაზარდა, ხოლო თევზის იმპორტი კი 2-ჯერ. აქვე რუსთის სავაჭრო წარმომადგენელთან ანკარაში ტოფიკ მელიქოვთან ინტერვიუც ქვეყნდება, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ აგვისტოს აქეთ თურქეთმა 51,2 მილიონი დოლარის ღირებულების თევზი და 14,4 მილიონი დოლარის ღირებულების ხორცი და ხორცპროდუქტები გაიტანა რუსეთში. მისივე თქმით თურქეთიდან რუსეთში კვების პროდუქტების ექსპორტი რამდენჯერმე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროპამ გაზარდეს ეკონომიკური სანქციები რუსეთზე

საბაჰი წერს, რომ ამ ბოლო წლებში თურქეთის საავტომობილო მრეწველობაში საკმარისად გაიზარდა ქალ მენეჯერთა რაოდენობა და ისინი თანდათანობით დომინანტები ხდებიან ამ სექტორში. მოკლედ, ხსენებულ სექტორში მამაკაცთა უპირატესობა თანდათანობით ქრება და ქალები ხდებიან ათეულ და ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის მქონე ბიუჯეტების მმართველები, წერს საბაჰი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები