თურქული პრესა 03.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

169550
თურქული პრესა 03.01.2015




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერი დავუთოღლუ გუშინ სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში არა მუსლიმი ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ლიდერებს შეხვდა და მათ სტამბოლის იეშილქოის უბანში ერთი ეკლესიის აშენებას და ამ მიზნით ადგილისა და შესაბამისი ფართის გამოყოფასაც შეჰპირდათ. ეს იქნება პირველი ეკლესია, რომელიც აშენდება თურქეთის რესპუბლიკაში და მას სურიანელი მორწმუნეები ააშენებენ, წერს აქშამი

მილლიეთში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “მსოფლიო კონტრაქტორების ხელმძღვანელი თურქი ინჟინერი გახდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქ კონტრაქტორთა ასოციაციის თავჯდომარის მოადგილე ემრე აიქარი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის ყველაზე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საერთაშორისო კონტრაქტორთა კონფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ იქნა არჩეული. ამ კონფედერაციის წევრია მსოფლიოს 63 ქვეყანა, მისი სავაჭრო ბრუნვა 5 ტრილიონ დოლარს აღემატება და სექტორში დასაქმებულია 150 მილიონი ადამიანი, ასე რომ, ამ სექტორს უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, ვკითხულობთ მილლიეთში

ჰაბერთურქი წლის ბოლო ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიღებულ დადგენილებებს აშუქებს და წერს, რომ ერთ ერთი დადგენილებით უახლოეს ხანებში თურქეთის სამხედრო მრეწველობა დაიწყებს სამამულე წარმოების პირველი ავია გემის მშენებლობას, რომელიც ექსპლოატაციაში გადაეცემა 2019 წელს და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს მარმარილოს, ეგეოსის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს ავია გემი მსოფლიოს ოკეანეებშიც გავა

სტარი ამერიკულ ფირმა “The Boston Consulting Group“-ის მიერ წარმოების სექტორში დაფიქსირებულ თვითღირებულების საშუალო ინდექსის მაჩვენებლებს აქვეყნებს და მისი მიხედვით ამ ბოლო წლებში ხსენებულ სექტორში საშუალო ინდექსი გლობალურად იცვლება და ადრე თუ ჩინეთი ითვლებოდა ყველაზე იაფ მწარმოებლად, ახლა მას აშშ-მა გაუსწრო, ხოლო თურქეთმა როგორც წინა წლებში ახლაც შეინარჩუნა წინა პოზიციები და რეგიონალურ საწარმოო ცენტრად გადაიქცა

მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველის ანალიზით თურქეთმა ისტორიული რეკორდი დაამყარა ექსპორტში. იგი წერს რომ, გასული წელი აქამდე არნახული რეკორდით დაასრულეს თურქმა ექსპორტიორებმა და 2013 წელთან შედარებით 4%-ით გაზარდეს რა 2014 წლის ექსპორტი, მთლიანობაში 157,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი თურქული პროდუქცია გერმანიაში, ერაყში, ინგლისში, იტალიაში და ირანში გაიყიდა, წერს მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები