თურქული პრესა 03.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

135946
თურქული პრესა 03.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს „სამხრეთ ნაკადის“ მილსადენის პროექტის გაუქმებამ და მიმართულების თურქეთისაკენ ცვლილებამ ევროპა შოკში ჩააგდო. ბუნებრივი აირის ახალი მილსადენის, რომელზედაც იმედს ბალკანეთის ქვეყნები ამყარებენ, თურქეთზე გავლა მოსკოვისა და ანკარის სტრატეგიულ პარტნიორობად შეფასდა. ევროპისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის მილსადენის თურქეთზე გავლის განცხადებამ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ჯგუფ Mapfre-ს მიერ ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა წელს სტამბოლში ჩატარდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა Mapfre-ს ჯგუფის თავმჯდომარემ ანტონიო რურტასმა განაცხადა, რომ თურქეთი ისევ იპყრობს უცხოელ ინვესტორთა ყურადღებას და დაამატა: „პირველი, თურქეთი დიდი ქვეყანა და დიდია მისი მოსახლეობის რაოდენობა. მეორე, მისი ეკონომიკა მუდმივად იზრდება და მესამე, იგი მართლაც სტრატეგიულად ძალზედ ღორებულ წერილში მდებარეობს“.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „Travel Turkey İzmir 4 დეკემბერს იხსნება“, რომლის თანახმადაც, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენა და კონფერენცია Travel Turkey İzmir-ი 4 დეკემბერს ქალაქ იზმირის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში მერვედ გაიხსნება, სადაც 2015 წლის სეზონისათვის შეთანხმებებისა და კავშირების დამყარება მოხდება.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ცნობილი გახდა 2013 წლის თურქეთის მოსახლეობის ჯანდაცვის გამოკვლევის შედეგები. განვითარების მინისტრმა ჯევდეთ ილმაზმა აღნიშნა, რომ ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა 2023 წლისათვის 10%-ს, ხოლო 2050 წელში კი 21%-ს გადააჭარბებს. მისივე განცხადებით, მთლიანი მოსახლეობის 26% 15 წლამდე ასაკისაა და 65 და მის ზემოთ მოსახლეობის რაოდენობამ კი 8%-ს მიაღწია. 2013 წლის გამოკვლევების მიხედვით, ქალების აზრით ოჯახში ბავშვთა იდეალური რაოდენობა 2.9-მდე გაიზარდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, იაპონიის ელჩმა ანკარაში იუტაკა იოკოიმ აღნიშნა, რომ ფრეგატ ერთუღრულთან დაკავშირებული ერთობლივი ფილმის პროექტი აქვთ, რომლის გადაღებაც მომავალ წელში დასრულდება და მასში ცნობილი თურქი და იაპონელი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. გაზეთის თანახმად, ფადიშაჰ სულთან აბდულჰამიდ მეორის დროს იაპონიის იმპერატორისათვის საჩუქრის გადასაცემად კუნძულზე გაგზავნილი ფრეგატი ერთუღრული, როდესაც უკან ბრუნდებოდა, 1890 წლის 16 სექტემბერს კუშიმოტოს კუნძულ ოშიმას ღია წყლებში წყლის ქანებს შეეჯახა და ჩაიძირა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები