თურქული პრესა 14.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

125355
თურქული პრესა 14.09.2014

თურქული პრესისმიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც მოყვანილია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მარი ჰარფის განცხადება და მასში ვკითხულობთ: „ერაყში, სირიასა და სხვა ქვეყნებში დიდი მასშტაბის სირთულეების არსებობის პირობებში, თურქეთთან პარტნიორობა განსაკუთრებულად კრიტიკული მნიშვნელობისაა. თურქეთი მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში კრიტიკულ როლს თამაშობს და ამ გზაზე ყოველ დღე ერთად ვმუშაობთ“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ევრაზიის გვირაბი ფუნქციონირებას 2016 წლის დეკემბერში დაიწყებს. გაზეთის თანახმად, გვირაბის მშენებლობის დათვალიერების დროს პრემიერმა დასძინა: „ამ სიღრმეში, ასეთი წნევის ქვეშ და ამ სიხშირის გვირაბი, ინჟინერიის არაჩვეულებრივი წარმატებაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მშენებლობა მთლიანობაში 4 წელზე ცოტა მედ როში დასრულდება. სამუშაოები წელს იანვარში დაიწყო. მომდევნო წლის ივნისში კი გვირაბის წყლის ქვემოთა სამუშაოები დამთავრდება“.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ფონდმა სირიაში 22 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა - წერს გაზეთი „სტარი“. აქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფონდის მიერ კუვეიტის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული სატვირთო მანქანები თურქეთის რეიჰანლის დაბიდან შევიდნენ სირიაში.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „რუსეთის არმიის კატარღების ტენდერი თურქულმა YDS-მ მოიგო“, რომლის თანახმადაც, ტენდერის მომგები კომპანია YDS რუსეთის არმიისათვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების კატარღებს დაამზადებს. გაზეთის ცნობით, კომპანიის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ვედათ იაკუპოღლუმ განაცხადა, რომ მათ მსოფლიოს უდიდესი სამხედრო კატარღების ტენდერი მოიგეს.

და ბოლოს, გაზეთი „რადიკალი“-ს ინფორმაციით, თურქული სერიალი „მდუმარენი“, რომელშიც მოთხრობილია პატიმრობის წლების გამო შურისმაძიებელი ოთხი ბავშვობის მეგობრის თავგადასავალი, ამერიკული სატელევიზიო არხით NBC-თ გავა. აღნიშნული სერიალი ასევე ნაჩვენები იქნა ბალკანეთში, არაბულ ქვეყნებში და იტალიაში.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები