თურქული პრესა 08.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

117922
თურქული პრესა 08.09.2014

თურქული პრესის მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში კინოფესტივალი გაიმართა, რომელზედაც წარმოდგენილი ფილმების თემას ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმები წარმოადგენდა. სტატიის მიხედვით, ფესტივალის პირველ დღეს ნაჩვენები იქნა ფილმები „ღაზის ცრემლები“ და „მფრინავი ქაღალდი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ იტალიის მუნიციპალური გამგებლობის საბჭოს პირველმა მუსლიმმა თავსაბურიანმა წევრმა, წარმოშობით მაროკოელმა, აიჩა მესრარმა, ზეწოლასა და მუქარას ვეღარ გაუძლო და თანამდებობიდან გადადგა. სტატიის ცნობით, მესრარმა განაცხადა, რომ ემზადება ქვეყნიდან წავიდეს, სადაც უკვე 23 წელია ცხოვრობს.

გაზეთი „ვათანი“ იტყობინება, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდმა მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ ORACLE-მ SAMSUNG-თან და SİEMENS-თან ერთად კვლევა-განვითარების სამუშაოების ჩასატარებლად თურქეთი აირჩია. გაზეთის თანახმად, 3 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების ე. წ. ველი გებზეში განთავსდება. აქვე აღნიშნულია, რომ 2015 წლის ბოლოს თურქეთში ასამოქმედებელ სილიციუმის ველზე მომავლის ახალი ტექნოლოგიები შეიქმნება.

გაზეთი „სტარი“-ს ეკონომიკურ განყოფილებაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მასშტაბით აგვისტოს თვეში აეროპორტებში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, ხოლო რვა თვიან მონაკვეთში კი მგზავრთა რაოდენობამ 110 მილიონს მიაღწია. სტატიის ცნობით, საჰაერო მიმოსვლამ წინა წლის აგვისტოსთან შედარებით შიდა ხაზებზე 10.8%-ანი მატებით 74 ათასს, საზღვარგარეთულ ხაზებზე 9%-ანი მატებით 69 ათასს, ხოლო მთლიანობაში 9.9%-ანი მატებით 143 ათასს მიაღწია.

თურქეთში ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს საშუალო მონაცემზე უფრო მაღალია - წერს გაზეთი „მილიეთი“. აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთში ასევე საშუალოზე მაღალია სმარტფონების გამოყენება და იგი ყველაზე მეტი სმარტფონების მომხმარებელ 50 ქვეყანას შორის მოხვდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, ქალაქი ბოლუ ემზადება ფესტივალის გასამართად, რომელიც უზრუნველყოფს ქოროღლუს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვედრას. სტატიის თანახმად, ფესტივალი 26-28 სექტემბერს გაიმართება და მას თურქული სამყაროს ასობით წარმომადგენელი დაესწრება. აქვე აღნიშნულია, რომ ფესტივალს, რომლის მიზანიც გახლავთ სამართლიანობისა და თავდადების სიმბოლო ქოროღლუს მთელი მსოფლიოსათვის გაცნობა და თურქული სამყაროს გმირებთან გაერთიანება, საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი მსახიობი თურქან შორაი დაესწრება.

და ბოლოს, გაზეთ „აქშამ“-ის სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფიბა-ს მსოფლიო თასის მეორე ტურის მატჩში თურქეთის მამაკაცთა კალათბურთის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები