თურქული პრესა 04.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

113644
თურქული პრესა 04.09.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც საუბარია პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტზე. გაზეთის ცნობით, აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ერდოღანი „ჰაიდარ ალიევის სახელობის ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა, ერდოღანმა კი ილჰამ ალიევს განუცხადა, რომ სიტყვები „ორი სახელმწიფო, ერთი ერი“ ჰაიდარ ალიევის სიტყვებია და ამას ნუ დაივიწყებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტით ჩასულმა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხს უელსის ნატოს სამიტზე დააყენებს. აქვე მოყვანილია თურქეთ-სომხეთის პრობლემის მოგვარების თაობაზე ერდოღანის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომელშიც ნათქვამია: „თუ აზერბაიჯან-სომხეთის პრობლემა მოგვარდება, თურქეთ-სომხეთის პრობლემაც აღმოიფხვრება. დადებული პირობები უნდა შესრულდეს. ეს მოწყალება არ გახლავთ, ეს უფლებაა. ამ საკითხზე ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ“.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის მშენებლობას, რომელიც ტრანს ანატოლიის მილსადენის პროექტსაც მოიცავს, და რომელიც აზერბაიჯანულ გაზს თურქეთის გავლით ევროპაში გადაიტანს, საძირკველი 20 სექტემბერს ჩაეყრება. გაზეთის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პროექტთან დაკავშირებული თარიღი გამოაცხადა და დაამატა, რომ „პროცესი დაჩქარდა“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჰაიდარ ალიევის საფლავის მონახულებით დაასრულა - წერს გაზეთი „საბაჰი“. გაზეთისვე ცნობით, ერდოღანმა ასევე მოინახულა თურქული ძმათა სასაფლაო, რის შემდეგაც ნატოს სამიტზე დასასწრებად უელსში გაემგზავრა.

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ისრაელის არმიის კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები რეფაჰის საზღვარზე მდებარე ენ ნაჰდას უბანში 100 მეტრის სიღრმეში შევიდნენ. სტატიის ცნობით, ჯავშანტრანსპორტიორებთან ერთად საზღვარზე გადაიყვანეს ბულდოზერები, ხოლო სადაზვერვო თვითმფრინავებმა კი რეგიონში ფრენები განახორციელეს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, ებოლას ვირუსის გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სექტემბერში ამ სასიკვდილო ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა 10 ათასს მიაღწიოს.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ანტალიაში 8.7 მილიონი ტურისტი“, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ანტალიაში ჩასულ ტურისტთა რიცხვმა 8.7 მილიონი ადამიანი შეადგინა. გაზეთის ცნობით, ანტალიის გუბერნატორმა სებაჰათინ ოზთურქმა აღნიშნა, რომ 2023 წლისათვის ტურისტთა რაოდენობის 18 მილიონამდე გაზრდის მიზანი 2018 წელში შესრულდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები