თურქული პრესა 27.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

104781
თურქული პრესა 27.08.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰუსეინ ჩელიქმა, განაცხადა, რომ პარტიის პირველ რიგგარეშე ყრილობაზე 3 ათასი ადამიანია მიწვეული, 81 პროვინციიდან 1020 ავტობუსით 40 ათასი ადამიანი ანკარაში ჩავა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ვაჭრები, მრეწველები, მცირე მეწარმეები, მუშები, სახელმწიფო მოხელეები, დამსაქმებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებიც კონგრესს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრებიან. ჰუსეინ ჩელიქის განცხადებით, კონგრესს ტექნიკური ჯგუფების ჩათვლით, მედიის 900-ზე მეტი წარმომადგენელი გააშუქებს და მათ შორის 100 უცხოელი იქნება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისრაელი და ჰამასი უვადო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. პრემიერმინისტრ რ. თ. ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს შეფი, ჰალიდ მეშალი, და მას მორატორიუმის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იქცევს სტატია სათაურით „თურქებმა ამერიკაში წააგეს, რუსეთში მოიგეს“, რომლის თანახმადაც, ქვეყნებს შორის სავაჭრო სანქციები თურქულ კომპანიებზე აისახება. უკრაინაში ამბოხებულების მხარდაჭერის გამო სანქციების დამწესებელი აშშ-დან და ევროკავშირიდან პროდუქციის შესყიდვის შეჩერების შემდეგ რუსეთმა თურქულ კომპანიებზე ნებართა გასცა, აშშ-მა კი ფოლადის მწარმოებელ თურქულ კომპანიებს გადასახადი დაუწესა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, კერძო სექტორი სტამბოლის ბეიოღლუს მუნიციპალიტეტში შემავალ ორნექთეფესა და სუთლუჯეს უბნების ურბანიზაციის პროექტის გარეთ აღმოჩნდა. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია ამპლიო-ს მიერ დაწყებულ პროექტში გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტრო და ბეიოღლუს მუნიციპალიტეტი ჩაერთო. პროექტი, რომელსაც ფინანსურ უზრუნველყოფას სამინისტრო გაუწევს, ორ ეტაპად აშენდება, მთლიანობაში 130 ათასი კვადრატულ მეტრზე განხორციელდება მშენებლობა და რეგიონში დაახლოებით 650 საცხოვრბელი და 160 კომერციული ობიექტი განთავსდება.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ეკონომიკურ განყოფილებაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ბუნებრივი აირის რეზერვების მქონე თურქმენეთში თურქულ-იაპონურმა კონსორციუმმა გიგანტური ტენდერი მოიგო. თურქული და იაპონური კომპანია 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხანას ააგებს, სადაც ბუნებრივი აირიდან ბენზინის წარმოება განხორციელდება.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები