თურქული პრესა 09.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

84279
თურქული პრესა 09.08.2014

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 72 საათიანი მორატორიუმის შემდეგ ისრაელის ბომბდამშენებმა კვლავ დაიწყეს ღაზის ობიექტების დაბომბვა და ერთ ერთ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით დაიჭრა


“ობამამ IŞİD-ელები დააბომბვინა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის IŞİD-ის მილიტანები რამდენიმე კმ-ში მიუახლოვდნენ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის დედაქალაქ ერბილს, რის გამოც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათი ამ წინსვლის შეჩერების მიზნით ტერორისტების ობიექტების დაბომბვის დადგენილება მიიღო და სპარსეთის ყურეში ღუზა ჩამოშვებულ ამერიკული ავიაგემიდან აფრენილმა ფანტომებმა 2 ჯერ დაბომბეს IŞİD-ის ობიექტები და გაანადგურეს მათი 7 ავტომანქანიანი ბადრაგიც

ჰაბერთურქის პოლიტიკური მიმომხილველი მიანმარში მცხოვრები არაქანელი მუსლიმანების ტრაგიკულ მდგომარეობას ეხება და წერს რომ ბუდისტ დაჯგუფებებს გაქცეული და როჰინას ლტოლვილთა ბანაკებს თავშეფარებული მუსლიმანი ბავშვები არა საკმარისი კვების გამო შიმშილისგან იღუპებიან. მიმომხილველი ამ თემასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის ანგარიშსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბუდისტების მასიურ თავდასხმებს 280 მუსლიმანი ემსხვერპლა, ხოლო 140 ათასმა ლტოლვილთა ბანაკებში გაქცევით უშველა თავს და ახლა ამ ბანაკებში ყოველდღიურად ათობით ბავშვი იღუპება შიმშილისგან, რადგან მათ დღიურ ულუფაში მხოლოდ რამდენიმე კოვზი ბრინჯის ფლავი შედის, ხოლო ამის პარალელურად ბანაკში თავი იჩინა სხვადასხვა ინფექციურმა დაავადებებმაც. ამიტომაც გაერო საერთაშორისო თანამეგობრობას არაქანელი მუსლიმანებისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას სთხოვს

აქშამის მიხედვით ხვალ თურქეთში ისტორიული დღეა, რადგან 53 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი პირველად აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს და ამ მიზნით ისინი ხმებს ჩაყრიან 165 ათას საარჩევნო უბანში. აქამდე თურქეთში პრეზიდენტებს პარლამენტი ირჩევდა და 10 აგვისტოს პირველად თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პრეზიდენტი ხალხის მიერ იქნება არჩეული და იგი გახდება ქვეყნის რიგით მე-12 პრეზიდენტი, წერს აქშამი

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის სამშენებლო ორგანიზაციების კავშირმა მიმდინარე წლის მაისის თვის საექსპორტო მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ამ სექტორმა პირველად გაიტანა უცხოეთში ერთ თვეში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალა და ამით წლიურმა ექსპორტმა 22 მილიარდ დოლარს მიაღწია

სტარის სპორტულ გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონის უეფას შტაბ ბინაში ევროლიგის თასების კენჭისყრა გაიმართა და სტამბოლის “ბეშიქთაშის“ მეტოქე ევროპის ჩემპიონთა ლიგაში ინგლისის “არსენალი“ გახდა, ტრაპიზონის “ტრაბზონსპორი“ უეფას თასზე რუსეთის კლუბ როსტოვს შეხდება, ხოლო ქარდემირის “ქარაბუქსპორი“ კი საფრანგეთის “სენტენტიენს“ შეხვდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები