თურქული პრესა 24.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

69225
თურქული პრესა 24.07.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ყოველ საათში ერთი ბავშვი იღუპება“. გაზეთის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დახმარების ფონდის UNICEF-ის ინფორმაციით, რეგიონში ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად კვირიდან მოყოლებული ყოველ საათში მინიმუმ ერთი ბავშვი დაიღუპა. აქვე მოყვანილია UNICEF-ის წარმომადგენლის ღაზაში პერლინ აირონსაიდის განცხადება, რომელშიც ბავშვთა დაღუპვის ფაქტების გახშირებას შემაძრწუნებელს უწოდებს. 

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადანაში მყოფმა პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, ისევე როგორც დღემდე, ამის შემდეგაც პალესტინის გვერდით იქნება, დაჭრილ პალესტინელებს თურქეთში გადმოიყვანენ და მათ უმკურნალებენ.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ისრაელი, რომელსაც ღაზის ალყაში მოქცევა სურდა, თავად აღმოჩნდა ალყაში. სტატიის თანახმად, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა „უსაფრთხოების რისკის“ გამო ქვეყანაში დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმეს. აქვე ნათქვამია, რომ რეისები გააუქმა ოცდაორმა ქვეყანამ, რომელთა შორისაც არიან თურქეთი, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, კანადა, გერმანია და სხვა.

გაზეთ „აქშამ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ევროკავშირში გაწევრიანებას იტალიის დოპინგი“, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ახალმა როტაციულმა თავმჯდომარემ, იტალიამ, თურქეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გაზეთის ცნობით, რომში მოლაპარაკებების პროცესზე სასაუბროდ ჩასულმა ევროკავშირის საკითხების მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, განაცხადა, რომ „იტალიაში ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი თურქეთის გვერდითაა“.

„ფრანგულ სასახლეში პირველად გაიმართა იფტარი“ - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ვათანი“ და წერს, რომ საფრანგეთის კონსულმა სტამბოლში მურიელ დომენიკმა ბეიოღლუში მდებარე ფრანგულ სასახლეში პირველად გამართა იფთარის ვახშამი. მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და დასძინა, რომ „ისლამი საფრანგეთში მეორე რელიგია გახდა“.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქმა სპორტსმენმა შაჰიკა ერჯუმენმა გუშინ ანტალიის დაბა ქაშში „უპალეტო ცვალებადი სიმძიმის თავისუფალ ყვინთვაში“ 91 მეტრის სიღრმით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სტატიის თანახმად, სპორტსმენმა ზღვაში ბანერი გაშალა წარწერით „ღაზამ ისუნთქოს“. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ წინა რეკორდი 90.2 მეტრი ეკუთვნოდა ასევე თურქ სპორტსმენს დერია ჯანს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები