თურქული პრესა 21.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

65850
თურქული პრესა 21.07.2014

 


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინდელი კვირა მეტად სისხლიანი გამოდგა ღაზელებისათვის, რადგან ისრაელის არმიამ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები განახორციელა ღაზის შუჯაიეს უბანზე და მოკლა რა ათობით ადამიანი, რომელთა შორის ისევ მრავლად არიან ბავშვებიც, სისხლით მორწყა ხსენებული რეგიონი, რის გამოც ამ უბნის დატოვება და სხვა უსაფრთხო ადგილებში გახიზვნა დაიწყეს მისმა მცხოვრებლებმა. ამავე სტატიით დღესდღეობით 85 ათასი ღაზელი აფარებს თავს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ 6 სკოლას და საავადმყოფოს, თუმცა მათი მდგომარეობაც რთულდება, რადგან საგრძნობლად შემცირდა საკვები პროდუქტების, წყლის და მედიკამენტების მარაგი, რის გამოც აქ უახლოეს დღეებში ჰუმანიტარულ კატასტროფას ელიან


სტარი ღაზის თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერმინისტრ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მორატორიუმის საკითხზე კატართან და აშშ-სთან ერთად მუშაობენ რა, ეცდებიან მხარეებს 2012 წელს ხელმოწერილი, ანდა მისი მსგავსი სხვა შეთანხმება მიაღებინონ. “რასაც ამჟამად ისრაელი სჩადის, არის საერთაშორისო დანაშაული და იგი დაუსჯელად არ უნდა დარჩეს“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი


მილლიეთის კორესპონდენტი ჩრდილოეთ კვიპროსიდან იტყობინება, რომ გუშინ აქ დიდი ზეიმით აღინიშნა კუნძულზე სამშვიდობო მოძრაობის დაწყების მეორმოცე წლისთავი და ამ ზეიმში მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა, რომელმაც ისრაელ-პალესტინის მაგალითზე კვიპროსის დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდათ, კარგად იცოდნენ 40 წლიანი მშვიდობის ყადრი და მოერიდონ კონფლიქტის ახლიდან დაწყებას


საბაჰის ცნობით ბოსნიაში გასულ წელს საერთო სასაფლაოში აღმოჩენილი 284 გვამის იდენტიფიკაცია დასრულდა და ისინი მოკლულები არიან სერბების მხრიდან 1991-1995 წლების ბოსნიის ომში. გუშინ ქალაქ ტომაშიტრაში კიდევ ერთხელ მოეწყო მათი გასვენების ცერემონია და ისინი დაასაფლავეს ძმათა სასაფლაოზე. ამავე სტატიით დღემდე მოპოვებულია ხსენებულ ომში მოკლული 20 ათასამდე ბოსნიელის გვამი, ხოლო 7 ათასზე მეტის ძიება კი გრძელდება

აქშამი ეკონომიკის განყოფილებაში ინტერვიუს აქვეყნებს ს/ს “Mercedes-Benz Türk“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე რაინერ გენესთან, რომელიც აჯამებს რა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგებს, ამბობს რომ, გასულ 6 თვეში წარმოება-გასაღების მხრივ ნამდვილი რეკორდი დაამყარეს და ამ წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას წლის მეორე ნახევარშიც


ჰურრიეთი კულტურისა და ხელოვნების გვერდზე იტყობინება, რომ ამჟამად ჩინეთში ყველაზე ძვირად ღირებული ფილმ “Dragon Blade”-ს გადაღება მიმდინარეობს და Jackie Chan, John Cusack და Adrien Brody-სთან ერთად ამ ფილმში ითამაშებს ახალგაზრდა თურქი მსახიობი ემრაჰ ილმაზი, რომელიც ამორჩეულ იქნა 1200 მსახიობს შორის


ჰაბერთურქი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ გუშინ ბოსფორის სრუტეზე რიგით 26-ე კონტინენტთაშორისო შეჯიბრი მოეწყო ცურვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1749 მოცურავემ მსოფლიოს 45 ქვეყნიდან და პირველი ადგილი კვლავ გასული წლის გამარჯვებულმა ჰასან ემრე მუსლუოღლუმ დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცურავეთა შორის იყო ინგლისის პრინცის უილიამის მეუღლის კეიტის და პიპპა მიდლტონიც, წერს ჰაბერთურქი


“იუნიორები ევროპის ჩემპიონები გახდნენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს მილლიეთი და მასში წერია, რომ კუნძულ კრეტაზე დასრულდა ევროპის ჩემპიონატი იუნიორ კალათბურთელებს შორის და თურქეთის ნაკრებმა ანგარიშით 65:57 სძლია რა ესპანეთის ნაკრებს, პირველად გახდნენ ევროპის ჩემპიონები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები