თურქული პრესა 09.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

123141
თურქული პრესა 09.07.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „იენი შაფაკი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, სრებრენიცაში 19 წლის წინ 12 ათასზე მეტი ბოსნიელის მიერ სერბებისაგან თავდასახსნელად გავლილ ე. წ. „სიკვდილის გზაზე“ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით ადამიანი მსვლელობას მოაწყობს. გაზეთის მიხედვით, წელს მეათედ გასამართ სამშვიდობო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ხუთი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ყოველწლიურად დაახლოებით 35 კილომეტრიან გზას ფეხით გადიან და მსვლელობას 11 ივლისს პოტოჩარში მდებარე მემორიალთან ასრულებენ.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ღაზა ცეცხლის ქვეშაა“, რომლის თანახმადაც, ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამი ებრაელი ახალგაზრდის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ღაზას წინააღმდეგ ომი დაიწყო. გაზეთის მიხედვით, ისრაელის რეაქტიული თვითმფრინავების მიერ განხორციელებულ პირველ თავდასხმას 20 პალესტინელი ემსხვერპლა. აქვე აღნიშნულია, რომ არაბულმა გაერთიანებამ გაეროს სასწრაფოდ შეკრების ჩატარებისაკენ მოუწოდა.

ამავე თემას ეხება გაზეთი „ჰურიეთი“ და წერს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სტატიის მიხედვით, ისლამური ჯიჰადისა და ჰამასის მიერ ნასროლი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ღაზაში 150 სამიზნე გაანადგურა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთმა ისრაელს თავდასხმის შეჩერება სთხოვა.

გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ იანვრის თვეში პრემიერმინისტრის რ. თ. ერდოღანის იაპონიაში ვიზიტის დროს მისი და იაპონიის პრემიერის აბეს მითითებით დღის წესრიგში შეტანილი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ტექნიკურ საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდა. სტატიის მიხედვით, ზეიბექჩიმ დასძინა, რომ მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების ხელშემწყობი შეთანხმების მოლაპარაკებები მოკლე დროში დაიწყება.

„ძაფით ამოქარგული ყურანი გინესის კანდიდატია“- ასეთი სათაურის სტატია იქცევს ყურადღებას გაზეთ „სტარ“-ში, რომლის თანახმადაც, სირიელი მუჰამედ მაჰერ ჰადრის მიერ ძაფით ქსოვილზე ამოქარგული ყურანი, რასაც 12 წელი დასჭირდა, სტამბოლში ბაშაქშეჰირის მუნიციპალიტეტმა გამოფინა. გაზეთის ცნობით, მსოფლიოში პირველი ძაფით ამოქარგული ყურანი, რომლის სიგრძე 80, ხოლო სიგანე 60 სანტიმეტრია, ხოლო თითოეული ტომი კი 15 კილოგრამს იწონის, გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატია.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთმა ევროპას გადაასწრო და 141 ნაგებობით კონტინენტის ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქვეყანა გახდა. აქვე ნათქვამია, რომ 100 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობების მქონე ქვეყნების სიაში 116 ცალით მეორე ადგილზე რუსეთია.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, გერმანიამ ბრაზილია დაუჯერებელი შედეგით დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალისტი გახდა. გაზეთის ცნობით, მეთერთმეტე წუთზე მიულერის მიერ დაწყებული გოლების სერიამ 29-ე წუთზე 5-0-ს მიაღწია. სტატიის ცნობით, შურლეს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლებით კი ბრაზილიის ნაკრები თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე შედეგით 7-1 დამარცხდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები