თურქი პრემიერი ბაქოში მიდის

ვიზიტი ორ დღეს გასტანს

503375
თურქი პრემიერი ბაქოში მიდის

თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი არ არღვევს თურქი ლიდერების ტრადიციას და პირველ უცხოურ ვიზიტს პრემიერის რანგში ჩრდილოეთ კვიპროსის შემდეგ აზერბაიჯანში ახორციელებს.

ეს ვიზიტი ორ დღიანი იქნება და ილდირიმს პირისპირი შეხვედრები ექნება პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარე ოქტაი ასადოვთან და თავის კოლეგა არტურ რასიზადესთან, ხოლო განხილვის მთავარი საკითხები მთიან ყარაბაღთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ტრანს რეგიონალური პროექტები და რეგიონალური პრობლემები იქნება.

ბაქოში გამგზავრებამდე ილდირიმმა პრეს კონფერენცია გამართა ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში და თქვა, რომ გერმანიას სომხური გენოციდის აღიარების გამო საკადრის პასუხს გასცემენ.

“თურქეთი და გერმანია მეტად მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან და ამიტომ სწორედ ამან გვაწყინა ყველაზე მეტად. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა დღესვე ვერ დავსჯით გერმანელებს და ამასთან ერთბაშად ვერ გავწყვეტთ მასთან ყველანაირ კავშირებს, მაგრამ, ვერც გულგრილად დავრჩებით და აუცილებლად შევეცდებით სამაგიეროს მიზღვევას“, განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით 650 სავარძლიან ბუნდესტაგში კენჭისყრისას მხოლოდ 250 დეპუტატი იყო და ესეც აჩვენებს, რომ გერმანელი დეპუტატების უმრავლესობას სულაც არ აინტერესებდა სომხური პრეტენზია.

“პირობები რაოდენ უარყოფითიც არ უნდა იყოს, ჩვენ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობებს მაინც გავაგრძელებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ მცდარი გზიდან გადაუხვევენ და გონიერება გაიმარჯვებს“, აღნიშნა ილდირიმმა.

მანვე თურქეთ-აზერბაიჯანის ძმურ  ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მაგისტრალი,  TANAP-ი, მეტად სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს და იგი მეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიისა და თურქეთისათვის, არამედ ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპისთვისაც.

მანვე მსოფლიო საზოგადოებრიობას მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ არა სომხურ მოგონილ ტყუილებს, არამედ მისი მხრიდან ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებს, რომლებიც 20 წელზე მეტია ანექსირებულია სომხეთის მხრიდან.

ამ ვიზიტის ფარგლებში თურქი პრემიერი ბაქოში მდებარე თურქ წამებულთა ხეივანსაც მოინახულებს



მსგავსი ინფორმაციები