საუდის არაბეთი ირანს ემუქრება

„საუდის არაბეთი იტოვებს უფლებას, ირანს სათანადო დროს და სათანადო ფორმით უპასუხოს.“

939156
საუდის არაბეთი ირანს ემუქრება

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ბინ სალმანს განცხადება არ გაუკეთებია და ჟურნალისტების შეკითხვებს პრინცთან ერთად მყოფმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ ჯუბეირიმ უპასუხა.  

მისი განცხადებით, ბინ სალმანსა და გუტიერესს შორის საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა ჩატარდა და საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა გაეროს მოწოდების შემდეგ იემენის დახმარების მხარდასაჭერად 930 მილიონი დოლარი გაიღეს.

ჯუბეირიმ ასევე აღნიშნა, რომ იემენის პორტების მოცულობის გაფართოებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის პირდაპირ 70 მილიონი დოლარის დამატებით დახმარებას გამოყოფენ და შეხვედრაზე იემენში არსებული ვითარება და „ირანის მიერ ამ ქვეყნის საქმეებში ჩარევის“ საკითხიც დადგა დღის წესრიგში.

ჯუბეირის თქმით, გუტიერესმა ჰუსიტების მიერ იემენიდან საუდის არაბეთზე გუშინ წინ ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა დაგმო და დასძინა, რომ „ეს რაკეტები ირანული წარმოების იყო.“

მან ირანი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს იემენის მიმართ დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ამ იარაღის საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამოყენება მიუღებელია.

„საუდის არაბეთი იტოვებს უფლებას, ირანს სათანადო დროს და სათანადო ფორმით უპასუხოს.“- აღნიშნა ჯუბეირიმ.



მსგავსი ინფორმაციები