„კუთხე-კუნჭული“ -26

„ბაირამი“

1848988
„კუთხე-კუნჭული“ -26

„კუთხე-კუნჭული“ -26

„ბაირამი“

მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა „კუთხე-კუნჭული“. გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

ქაშგარი მაჰმუდი მე-11-ე საუკუნეში მცხოვრები თურქული ენების მკვლევარი ლექსიკოგრაფი გახლდათ. სწორედ მას ეკუთვნის „დივანი ლუგათი თურქ“ იგივე თურქულ-არაბული ლექსიკონი. გარდა ლექსიკონისა, რომელიც თურქულენოვანი ოჯახის სიტყვის მდიდარ მასალას შეიცავს, ამავე ხალხების კულტურას, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსაც ეხება. მის ამ ისტორიულ წიგნშია მოხსენიებული სიტყვა „ბაირამი“, რაც ავტორისვე განმარტებით „სიხარულს, გართობას, მხიარულებას“ ნიშნავს. ქართულშიც ეს სიტყვა ბაირამის სახით გადავიდა. მართალია ის ქართულად დღესასწაულს აღნიშნავს, თუმცა იმის გამო, რომ ბაირამი უმეტესწილად მუსლიმური დღესასწაულების აღმნიშვნელი ცნებაა, ამიტომაც მისი შესატყვისი სწორედაც მუსლიმური სამყაროს ორი უდიდესი დღესასწაული რამაზანი და ქურბან ან ყურბანის ბაირამია.

ეს ორი დღესასწაული „ქამერი თაქვიმის“ ანუ ჰიჯრის, ისლამური კალენდრის მიხედვით აღინიშნება და თითქმის ყოველ წელიწადს ასე რომ ვთქვათ „ფეხს ინაცვლებს“. ყოველ წელიწადს ორივე ბაირამი ათი დღით უკან იწევს და თუკი რამაზანის ბაირამს რომელიმე ისლამურ ქვეყანაში ზაფხულში დაესწრებით, შეიძლება რამდენიმე წელიწადში იგივე დღესასწაულს ზამთარში შეხვდეთ. მორწმუნე საზოგადოება რამაზანამდე ანუ ერთი თვის განმავლობაში მარხვის შენახვას იწყებს, მთელი დღის განმავლობაში, სანამ საღამოს ეზანი არ „ჩამოჰკრავს“, წვეთ წყალსაც კი არავინ იკარებს პირში, ეზანის შემდეგ კი ყველას ყველაფრის მირთმევის უფლება აქვს. ასე გრძელდება  ერთი თვე და მარხვა რამაზანის თვის დასრულებისას იხსნება. რამაზანი ჰიჯრის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა და ამავე დროს ისლამური რელიგიის რწმენის მიხედვით იმ პერიოდს აღნიშნავს, როცა მუჰამედს ალაჰის მეშვეობით ყურანი გადაეცა.

ანატოლიაში, მას შემდეგ რაც ისლამმა ფეხი მოიკიდა, ამ ორ დღესასწაულს დიდ მნიშნველობას ანიჭებენ. ბაირამებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი რიტუალიც კი არსებობს. ამ პერიოდში სახლები ძირისძირ სუფთავდება, ისე რომ არცერთი კუთხე-კუნჭული დაულაგებელი არ რჩება. თურქულში „bayram temizliği“ ასეთი ფრაზეოლოგიზმიც კი დამკვიდრდა, რაც „სადღესასწაულო დალაგებას“ აღნიშნავს.

ძველ დროს რამაზანის დასრულებამდე წინა საღამოს მთელი ოჯახი აბანოებში მიდიოდა, რომ სუფთა სახლთან ერთად სუფთა სხეულითაც შეგებებოდნენ ბაირამს. ამ დროს განსაბანად გამზადებულ წყალს „არიფე წყალსაც“ ანუ წინა დღის წყალს“ ეძახდნენ. ბაირამის დღეს მამაკაცები მეჩეთში მიდიოდნენ, ქალბატონები სახლში რჩებოდნენ, ცნობილ ბაირამის ბაქლავებს ამზადებდნენ და მთელი დღის განმავლობაში ნაკადად მოსულ ნათესავებს-მოყვრებს უმასპინძლდებოდნენ.

ისევე როგორც რამაზანის ასევე ყურბანის დღესასწაულების დროს მთავარი რასაც ადამიანები აკეთებდნენ ხოლმე, ღარიბებისთვის და ობლებისთვის სანოვაგის, ფულის განაწილება იყო. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. განსაკუთრებით ყურბან ბაირამის დროს დაკლულ საქონელს, ცხვარს ხორცის სახით გაჭირვებულებს წირავენ.

 

რამაზან ბაირამი თურქეთში და დანარჩენ ისლამურ სამყაროში უფრო მეტად მხიარულებასთან ასოცირდება. ყურბან ბაირამი კი შედარებით წყნარი და სევდიანი განწყობით შემოიფარგლება. ამის მიზეზი შეიძლება მისი წარმოშობაც იყოს. წმინდა წიგნის მიხედვით, შუამავალმა აბრაამმა, როცა ღმერთმა მისგან ერთადერთი შვილის - ისააკის შეწირვა მოითხოვა, აბრაამი არც დაფიქრებულა, ღმერთისთვის შვილი გაემეტებინა. როცა მისი ეს მონდომება ღმერთმა დაინახა, მას შვილის მოსაკლავად გაწვდილი დანა შეაჩერებინა და ციდან დაშვებული ცხვრის დაკვლის უფლება მისცა. ცხვრის ღმერთისთვის (ალაჰისთვის) შეწირვის ტრადიცია ამ თქმულებიდან მომდინარეობს.

ანატოლიური ტრადიციის მიხედვით, რამაზანის ღამეებს საჰურამდე (ანუ მარხვის დროს გამთენისაას მისართმევი მცირე საუზმე, რაც ადამიანს მთელი დღის მშიერი გატარებაში ეხმარება) ათევდნენ ხოლმე და მთელ რიგ სანახაობებს აწყობდნენ. ამ სანახაობების ნაწილი ცნობილი ტრადიციული თურქული ხალხური „შოუ“ ჰაჯივათი და ქარაგოზი იყო. ქალაქებში კი ეს ტრადიცია ყავახანებში ყავის სმითა და აშუღების სმენით გვირგვინდებოდა. 

დღეს, თურქეთში ძველი თაობა წუხს, რომ დღევანდელი ბაირამები ძველ ბაირამებს აღარ ჰგავს. ალბათ, ამის მიზეზი მაინც ის არის რომ ხანშიშესულ ადამიანს ახალგაზრდობაში გატარებული ყოველი დღეც კი სასიამოვნოდ ახსენდება, მითუმეტეს დღესასწაულები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დატვირთული სამუშაო დღის წესრიგის გამო, დღესასწაულებისთვის ძველებური მზადება აღარ არის, აღარავის რჩება დრო იმისათვის, რომ ყველა ნათესავი მოინახულოს ან თუნდაც შორეულ სოფლებში დარჩენილი ახლობლების საფლავებს ეწვიოს. მართალია ეს ტრადიცია საქართველოში აღდგომის დღესასწაულის გარეგნულ მხარეს წააგავს, საფლავების, ნათესავების მონახულება, სუფრის მომზადება თუ სხვა, მაგრამ რელიგიური დატვირთვა სხვაა, რაც არ უნდა იყოს, ორივე რელიგიის დღესასწაულების საერთო მიზანი, გაჭირვებულთა დახმარება, ადამიანთა შორის ახლობლობისა და სიყვარულის გაღვივება და თავიდან დაბადებაა.

ძვირფასო რადიომსმენელებო თქვენ უსმენდით მარიამ გაფრინდაშვილის მიერ მომზადებულ გადაცემას სახელწოდებით „კუთხე-კუნჭული“, მომდევნო გადაცემაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.

 


საკვანძო სიტყვები: #ბაირამი , #„კუთხე-კუნჭული“

მსგავსი ინფორმაციები