აქტუალური თემის ანალიზი 24-2022

თურქეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ

1776940
აქტუალური თემის ანალიზი 24-2022

აქტუალური თემის ანალიზი 24-2022             

არსებობს ოთხი პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს თურქეთის პოლიტიკას რუსეთ–უკრაინის კრიზისის მიმართ. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების განყოფილების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს... 

პირველი პარამეტრი არის თურქეთის კეთილი და მეგობრული ურთიერთობები უკრაინასთან. მართლაცდა, ანკარასა და კიევს, დიდი ხანია რაც სტრატეგიული ურთიერთობები აკავშირებთ. გარდა ამისა, შესაშური და კეთილმეზობლური ურთიერთობები სუფევს მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკურ-კულტურულ თუ ტურიზმის სფეროებშიც.  არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიც არის. ასე რომ ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 7,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამის პარალელურად, პანდემიის მიუხედავად გასულ წელს თურქეთს 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ტურისტი ეწვია. გასულ წელსვე თურქეთმა უკრაინას მიჰყიდა ეფექტური უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატებიც, რამაც ყველა სახის გარე საფრთხის წინააღმდეგ გაზარდა კიევის შემაკავებელი ძალა. ამ ახლო ხანებში კი, ორმა ქვეყანამ დაიწყო ერთობლივი პროექტი ზოგიერთი სტრატეგიული იარაღის ძრავის შესაქმნელადაც, რაც თურქეთისთვის მეტად კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს.

მეორე პარამეტრი, რომელიც აყალიბებს თურქეთის პოზიციას უკრაინის კრიზისში, არის მისი ურთიერთობა რუსეთთან. ანკარა, მოსკოვის მიმართ დარგობრივ პოლიტიკას ატარებს. იმ დროს, როდესაც თურქეთი მარგინალიზებულია დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ, მისი ურთიერთობა რუსეთთან განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფორმას იძენს ზოგიერთ საკითხში. მაგალითად თურქეთს, რომელსაც კონფლიქტური ურთიერთობა აქვს რუსეთთან სირიისა და ლიბიის კრიზისებში, არ დაუშვა ამ პრობლემების ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ღრმა ზეგავლენის მოხდენა, რაც მიღწეულ იქნა აქტიური მოლაპარაკებებითა და ურთიერთდათმობებზე წასვლით. გარდა ამისა, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი თურქეთში ატომურ რეაქტორს აშენებს. მეორე მხრივ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა უარი უთხრეს ნატოში მოკავშირე ანკარას ეფექტური თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე, ამის საპასუხოდ თურქეთმა რუსეთისგან შეისყიდა S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამაც უსაფუძვლო მწვავე რეაქცია გამოიწვია აშშ-შიც და საერთოდ დასავლეთში, როცა იგივენი არაფერს ამბობენ საბერძნეთის მიერ იმავე რუსეთისგან ნაყიდი S-300 რაკეტების შესახებ და ამით ორმაგი სტანდარტით თამაშს აგრძელებენ. ამის პარალელურად, რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პარტნიორიც არის, რომლისგანაც უდიდესი ოდენობით ბუნებრივ გაზს და მარცვლეულს ყიდულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბოლო წლებში თურქეთის კურორტები გადაიქცა რუსებისთვის წამყვან ტურისტულ ადგილებად და დღეს სწორედ ისინი ლიდერობენ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობითაც.

თურქეთის მხრიდან უკრაინის პოლიტიკის მიმართ მესამე პარამეტრი ნატოს ალიანსია. თუ ნატო უშუალოდ ჩაერევა უკრაინის კრიზისში, მაშინ თურქეთმაც, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, რუსეთის საწინააღმდეგო პოზიცია უნდა დაიკავოს. კრიზისის მხარედ ყოფნა, თურქეთსაც და ნატოს წევრ მრავალ ქვეყანასაც, დიდ ხარჯებს მოუტანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს ზოგიერთი წევრი, როგორიცაა პოლონეთი, ან ბალტიისპირეთის ქვეყნები, უფრო დაუცველნი არიან რუსული საფრთხის მიმართ, ხოლო ზოგს, როგორიცაა გერმანია და თურქეთი, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. აქედან გამომდინარე, პირველი ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს, როცა მეორე ჯგუფს, პრობლემის მოგვარებისთვის დიპლომატიური არხების პოვნა ურჩევნია.

მეოთხე პარამეტრი არის ყირიმელი თათრების, ე.ი. ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ძირძველი თურქი ხალხის მდგომარეობა. ანკარას არ სურს, რომ ყირიმელი თათრები, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ მათი მიწების ანექსიით, უფრო მეტად დაზარალდნენ ამ კონფლიქტით. თურქეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომის შემთხვევაში, პირველი მსხვერპლნი კვლავ ყირიმელი თათრები იქნებიან, ამიტომაც თურქეთი,  ყირიმის საკითხთან დაკავშირებით მხარს უჭერს უკრაინის არგუმენტებს.

მოკლედ, ამ ჩამოთვლილი პარამეტრებიდან გამომდინარე, თურქეთი მიუკერძოებელ პოლიტიკას ატარებს და შუამავლის როლს ასრულებს უკრაინის კრიზისში, რადგან, თურქეთს ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობები აქვს უკრაინასთანაც და რუსეთთანაც. აქედან გამომდინარე, მას არ სურს, რომ ეს კრიზისი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან რეგიონულ ომში, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონის ყველა ქვეყანას. სწორედ ამიტომ, თურქეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს მუშაობა კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების განყოფილების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.

 



მსგავსი ინფორმაციები