„კუთხე-კუნჭული“ 44/2019

„კუთხე-კუნჭული“ 44/2019

1322440
„კუთხე-კუნჭული“ 44/2019

„კუთხე-კუნჭული“ 44/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

საგამოფენო სივრცეებით თურქეთის დედაქალაქი ანკარა შეიძლება ხელოვნების ქალაქებად ცნობილ ევროპულ ცენტრებს ვერ გაეჯიბროს, თუმცა აქ შეიძლება დამთვალიერებელმა ისეთი ადგილობრივი თუ უცხოელი ხელოვანის ნამუშევრები იხილოს, რომ მოგვრილი შთაბეჭდილება მას სულ თან გაჰყვეს. გარდა იმისა, რომ ანკარაში კერძო საკუთრებაში ბევრი საგამოფენო დარბაზი არსებობს, მათ გვერდით შესამჩნევად მნიშვნელოვან ადგილს სახელმწიფოს დაკვეთით შექმნილი ხელოვნების ცენტრი „ჯერმოდერნი“ იჭერს.

ანკარელებს ყველაზე გამოკვეთილად, ალბათ, ჯერმოდერნში სტუმრის სტატუსით გამოფენილი ვან გოგის ორიგინალი ნახატები ახსოვს. არქიტექტურულადაც მოდერნისტულ სტილში გადაწყვეტილი ეს საგამოფენო დარბაზი არაერთ მსოფლიო მნიშვნელოვან ფიგურასაც მასპინძლობს. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჯერმოდერნს ცნობილი ირანელი კინო-რეჟისორი და ირანული ინოვაციური კინოს ფუძემდებელი, პოეტი და მხატვარი აბბას კიაროსტამი ესტუმრა, რომელმაც თავისი სიტყვიერი გამოსვლით დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა მსმენელს.

წინა გადაცემაში სტამბოლის ბიენალეზე ვისაუბრეთ, ისიც ვიცით რომ ქალაქ მარდინიც ბიენალეს რჩეულ ადგილად არის ქცეული, ანკარა კი სწორედ ჯერმოდერნის სივრცით შეიძლება გაუტოლდეს მათ. ცნობილი თურქი პოეტისა და მხატვრის ბედრი რაჰმი ეიუფოღლუს ნახატებისა და ლექსების ერთმანეთის გვერდით გამოფენა, ძალიან ფართო და მაღალჭერიან სივრცეში ამ ყველაფრის ერთად ხილვა, ჯერმოდერნის ორგანიზაციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო.

გასულ წელს ჯერმოდერნის ეზოში, სადაც ყოველ ზაფხულს ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენება იმართება, მექსიკელი თანამედროვე მოქანადაკის ჟორჟ მარინის ქანდაკებები გამოიფინა, სახელწოდებით „ყოფიერების ახლიდან დაბადება“. მისი ფრთიანი, ათლეტური გარეგნობის მამაკაცის ბრინჯაოს სკულპტურები მთელი წლის განმავლობაში დამთვალიერებელს წარუდგა.

დღევანდელი ჯერმოდერნის შენობა 1926-1927 წლებში მატარებლების სარემონტო მომსახურეობისთვის გახსნილა. სიტყვა “Cer” (ჯერ) არაბულად „გაწევას“ ნიშნავს, რაც მატარებლებთან კავშირში იხმარებოდა. დაახლოებით 50 წლიანი მუშაობის შემდეგ ეს ე.წ. მატარებლების ატელიე დაიხურა, რესტავრაცია ჩაუტარდა და 2010 წელს დღევანდელი სახელწოდებით ჯერმოდერნის სახელოვნებო ცენტრს გადაეცა.

და კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც ჯერმოდერნში სტუმრობისას თვალში მოგხვდებათ. ეს არის ეზოში მდებარე ქანდაკება-შადრევანი. მისი ფესვები იტალიამდე წვდება. წყლის ფერიებად წოდებული ეს ქანდაკება, სამი ანგელოზის ფრთებით შემკული პატარა ბავშვის გამოსახულებით, ჯერ კიდევ რესპუბლიკის დაარსების დროს ანკარაში ჩამოუტანიათ. ბევრი ადგილის მონაცვლეობის შემდეგ მას ჯერმოდერნის ეზოში მიუჩინეს ბინა.

თითქმის ყოველ კვირას ახალი გამოფენებითა და ქორეოგრაფიული თუ თეატრალური სანახაობებით ჯერმოდერნი დამთვალიერებელს ელოდება.



მსგავსი ინფორმაციები