კუთხე-კუნჭული 1/2019

„კუთხე-კუნჭული“ 1/2019

1122347
კუთხე-კუნჭული 1/2019

„კუთხე-კუნჭული“ 1/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

გამარჯობათ. გთავაზობთ ახალ გადაცემას, სახელწოდებით “კუთხე-კუნჭული”. “კუთხე-კუნჭული”ს ცნება იმერეთში, სუფრაზე მაქვს გაგონილი. როგორც შემდგომში გავარკვიე, იქ ეს სიტყვათა შეთანხმება, ადამიანის დაბადებისა და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი  ადგილების ძირეულად ცოდნასა და როგორც თავად იტყვიან “ძირისძირ”  სიყვარულს გულისხმობს. გადაცემის სახელწოდების შერჩევისას და მისი შინაარსობრივი დატვირთიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და თურქეთის, ამ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულებას მოიცავს, ვიფიქრე ურიგო არ იქნებოდა თუკი, კუთხურ ტერმინს შევარჩევდი. განსაკუთრებით ისეთს, როგორიც ორი მეზობელი ხალხის ცხოვრების ადათ-წესების, მათი განსახლების არეალის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, ფოლკლორის შემცველი და ამსახველი თბილი და ოდნავ ღიმილის მომგვრელი იქნებოდა. 

საქართველოსა და თურქეთის ხალხებს შორის ურთიერთობა საზღვრის გახსნიდან მოყოლებული დღემდე საკმაოდ მრავალმხრივი და საინტერესო ისტორიებითაა დატვირთული. იმ ისტორიული ქარტეხილების შემდგომ, რაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველების თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში მიგრაციით დასრულდა, მუჰაჯირობის თემა დღემდე აქტუალურია. ქართველთა თურქეთში დასახლებისა და საქართველოში დარჩენილ ნათესაობას შორის ბოლო ხანებში აღდგენილი ურთიერთობები საკმაოდ ემოციურ ელფერს ატარებს. გარდა ამისა ამ ამბებმა ადგილი დაიმკვიდრეს როგორც თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მწერლების ნაწარმოებებში, ისე პოეზიაში, კინოში და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. თურქეთელ ქართველებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მათ შესახებ უამრავი ეთნოგრაფიული, ისტორიული თუ მხატვრული მასალები არსებობს. ქართველი მკვლევარებისთვის, ართვინის რეგიონი და იქ მცხოვრები ქართველობა თავისი ადათ-წესებითა და ყოფითი ცხოვრებით, შემორჩენილი დედა-ენით განსაკუთრებული ყურადღების სფეროს მიეკუთვნება. ამას გარდა, ქართველი მეცნიერები ართვინის, ტაო-კლარჯეთის რეგიონის ისტორიული ძეგლებითაც ძირეულად არიან დაინტერესებულნი და ამ საკითხსაც საგულდაგულოდ იკვლევენ. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ვფიქრობ, თურქეთისა და საქართველოს ხალხების ურთიერთობა გაცილებით მრავალფეროვანია. თუნდაც საზღვრის გახსნის შემდგომ თურქეთში ქართველების ახალი ნაკადის მიგრაციის თემა რად ღირს. დღეს თურქეთი საქართველოს საიმედო მეზობელი ქვეყანაა. საქართველოს დღის წესრიგს გარკვეულწილად თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციოლოგიური მდგომარება განსაზღვრავს. ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენი მსმენელისათვის საინტერესო იქნება აქტუალური თემების განხილვა, რაც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა მხარეებს წარმოაჩენს.

ამ ორი მეზობელი ქვეყნის ხალხების ერთმანეთით დაინტერესების საკითხს თითოეულ გადაცემაში სხვადასხვა კუთხით განვიხილავთ. ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორია თურქეთის დიდ ქალაქებში საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების ყოფითი ცხოვრება, მათი დამოკიდებულება თურქული განათლებისადმი, თურქეთის საზოგადოებასთან ადაპტირებისა და კულტურულ წიაღში მათი თვითდამკვიდრების სიძნელეები, მათი ინტერესის სფეროები.

ასევე აქტუალურ თემად მიმაჩნია, თურქეთში სამუშაოდ ჩამოსული ქალბატონებისა და მამაკაცების დამოკიდებულება თურქეთის მოსახლეობასთან. თურქეთში მომუშავე ქართველები ეცნობიან ახალ კულტურას, რომელიც შეიძლება რიგ საკითხებში ჰგავდეს კიდეც ქართულს, ამიტომაც მათთან ამ თემაზე ვისაუბრებთ  და მასალას ჩანაწერის სახით მოგაწვდით.

ერთმანეთის კულტურით დაინტერესების საკითხი მხოლოდ ერთი მხრით არ შემოფარგლება, ამიტომაც გადაცემის მიმდინარე ციკლის განმავლობაში გიამბობთ ქართველების იმ ცხარე ინტერესის შესახებაც, რასაც მათში თურქული კულტურა იწვევს. ამის ძირეული საბაბი კი ის თურქული სერიალებია, რომელიც გარდა გასართობი საშუალებისა, ქვეყნის სოციოლოგიური თვალსაზრისით დახასიათების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა.

გადაცემების განმავლობაში შევეხებით მუსიკისა და ლიტერატურის, ასევე ზოგადად ფართო გაგებით ხელოვნების თემასაც, რასაც ორივე ქვეყნის საერთო მახასიათებლებითა თუ განსხვავებულობებით წარმოვაჩენთ და მოქნილი ენით, ნახევრად პოპულარული ტერმინებით თქვენთვის გაზიარებას შევეცდებით.

 



მსგავსი ინფორმაციები