„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (18) - ელენე ახვლედიანი – პეიზაჟების ოსტატი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - ელენე ახვლედიანი – პეიზაჟების ოსტატი

587466
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (18) - ელენე ახვლედიანი – პეიზაჟების ოსტატი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - ელენე ახვლედიანი – პეიზაჟების ოსტატი

მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება გამოჩენილი ქართველი მხატვრის, პეიზაჟების ოსტატის ელენე ახვლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

იმ დროისათვის როგორი მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო, ელენე ახვლედიანი კომუნისტებისათვის მიუღებელი მხატვარი არასოდეს ყოფილა, რადგანაც მისი ნახატები სოცრეალისტებისთვის აკრძალულ თემას არ ეხებოდა. მხატვარს ხშირად უკვეთავდნენ სოციალისტური საიუბილეო დღეებისათვის პანოს მოხატვასა და კედლის გაზეთების გაფორმებას, ის უხალისოდ მაგრამ მაინც თანხმდებოდა ამ არც თუ ისე საინტერესო სამუშაოს. ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ძირითადად პეიზაჟებს ეძღვნებოდა. მის მიერ დახატული თუ ესკიზის სახით ჩახატული პეიზაჟები და მათში არსებული ძველი შენობა–ნაგებობები ხშირად ეხმარებოდა ქართველ თუ უცხოელ არქიტექტორებს აღედგინათ ქალაქებში ესა თუ ის ძველი უბნები. ელენეს მიერ ძველ თბილისზე და კახეთზე, განსაკუთრებით კი თელავზე შექმნილი ნამუშევრების სერია არა მარტო თბილისში, არამედ პარიზშიც კი გამოიფინა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ელენეს პარიზში სწავლის პერიოდში.

ელენე ახვლედიანი 1898 წელს თელავში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ხატავდა, თუმცა საოპერო არიებსაც მშვენივრად ასრულებდა. ამიტომაც ყველას ეგონა, რომ ელენესგან დიდი მომღერალი დადგებოდა. თუმცა ელენემ მხატვრობა აირჩია. მისი სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვრათა გამოფენაზე შედგა, სადაც მან თვრამეტამდე ნამუშევარი წარმოადგინა. მნახველთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ელენეს ორმა სურათმა: „თელავი“ და „თელავში“. მშობლიური კახეთისადმი სიყვარული მთელი სიცოცხლე გაჰყვა ელენე ახვლედიანის შემოქმედებას.

თბილისში ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში მოპოვებული სტიპენდიით 1922 წელს პარიზში გაემგზავრა. XX საუკუნის 20–იანი წლების პარიზი ხელოვანთა მექა იყო, როგორც ამას ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ ხოლმე. ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი ის ქართველი მხატვრები გახლდნენ, რომლებიც იმდროინდელ წამყვან პარიზულ განათლებას იღებდნენ. ელენე ახვლედიანი თითქმის ყველა ახალ მიმდინარეობას ეცნობოდა იმდროინდელ მხატვრობაში, თუმცა ყველაზე მეტად მაინც იმპრესიონიზმით იყო გატაცებული, თუმცა თავად ძირითადად პეიზაჟურ თემებზე მუშაობდა. ელენემ პარიზში პერსონალური გამოფენაც კი მოაწყო, სადაც ქართული პეიზაჟები გამოჰფინა და იმ დროისათვის ცნობილმა მხატვარმა პოლ სინიაკმა მისი ტილოები შეიძინა. ახვლედიანის ნახატით „კახეთი, ზამთარი“ პიკასო დაინტერესდა და შეძენა გადაწყვიტა, თუმცა ელენემ ნახატი არ მიჰყიდა და უპასუხა, რომ ტილო თავადაც ძალიან მოსწონდა, ამიტომაც ვერ გაჰყიდდა. ამის შემდეგ, როგორც წყაროები გვამცნობენ, ელენე და პიკასო დამეგობრდნენ. ელენე ახვლედიანი უშუალოდ იცნობდა მოდილიანსაც. ელენეს პარიზული წარმატება დიდხანს გაგრძელდებოდა, თუმცა მას დედის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინეს და ამიტომაც თბილისში დაბრუნდა. დედა მალევე გარდაეცვალა და ის დიდხანს ვეღარაფერს ხატავდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ მხატვარი კოტე მარჯანიშვილმა თეატრის დეკორაციების გამფორმებლად მიიწვია. მხატვარიც დათანხმდა და თითქმის მთელი ცხოვრება მას თეატრთან კავშირი აღარ გაუწყვეტია.

1927 წელს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მოეწყო ახალგაზრდა გოგონას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით, „პარიზიდან დაბრუნებული ელენე ახვლედიანის სურათების გამოფენა“. ელენეს ამ გამოფენის ერთ–ერთი მნახველი და შემდგომში მხატვარზე ჩანაწერების ავტორი შალვა მალხაზიშვილი იგონებს: „ჩვენ მაშინ „მემარცხენე ფრონტს“ ვეკუთვნოდით და ირაკლი გამრეკელი, სიმონ ჩიქოვანი და მე ერთად წავედით გამოფენაზე. გვეგონა, რომ პარიზიდან ჩამოსული ქართველი მხატვარი უთუოდ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს ჩამოიტანდა (მაშინ ჩვენ გატაცებული ვიყავით კუბიზმით). ჩვენი იმედები რომ გაქარწყლდა, გადავწყვიტეთ ობსტრუქციის მოწყობა, მაგრამ ელენე ახვლედიანის სურათების თვალისმომჭრელმა სილამაზემ, უდიდესმა ფერადულობამ და მხატვრული ტექნიკის საოცრად მაღალმა დონემ ისე დაგვატყვევა, რომ მისი ხელოვნების უაღრესად დიდი თაყვანისმცემლები გავხდით...“

  ალბათ ეს არის სწორედ ხელოვანის და ამ შემთხვევაში მხატვრის გენიალურობა და ამავე დროს განუმეორებლობა, როცა ის სხვადასხვა კულტურას, მრავალფეროვან მიმდინარეობას ეცნობა და მათგან აღებული სინთეზის გამოყენებით თავისი ფესვებისადმი ერთგული რჩება. თავად ელენეს განსაკუთრებით ფრანგი მხატვარი მორის უტრილო მოსწონდა, რადგანაც უტრილოც ისეთივე სიყვარულით და ერთგულებით ხატავდა პარიზის ქუჩებს, როგორც ელენე თავის თბილისსა თუ თელავს.

ელენე ახვლედიანი, როგორც ახალი სიტყვის მხატვარი სიცოცხლეშივე აღიარეს. 1960 წელს ელენე ახვლედიანს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, 1971 წელს კი გახდა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. ელენე ახვლედიანის სახელს უკავშირდება ასევე ქართველ მხატვარ ქალთა საზოგადოების შექმნა. ელენეს ინიციატივით მხატვარი ქალები ქალაქგარეთ გადიოდნენ ხოლმე და მოგზაურობისას ნახატებში აცოცხლებდნენ საქართველოს წარსულსა და აწმყოს.

ელენეს იდეა იყო ასევე ბავშვთა ნახატების გამოფენის მოწყობაც, რომელსაც ორგანიზატორობა თავად გაუწია და გამოფენა თავის სახლში მოაწყო. სახლს ელენე  სახელოსნოდაც იყენებდა და საცხოვრებლადაც. აქვე მართავდა ხშირად მოზარდ პიანისტთა და მომღერალთა კონცერტებს. სახლი ელენე ახვლედიანმა სიცოცხლეშივე გადააკეთა მუზეუმად. ელენე, როგორც ამბობენ, საოცრად სტუმართმოყვარე გახლდათ. მის სახლს ხშირად სტუმრობდნენ, როგორც ცნობილი პოლიტიკოსები და ხელოვანები, ასევე მეზობლების ბავშვები და უბრალო ნაცნობებიც კი, რომელთაც ელენესთან ყოფნა უყვარდათ.

ქუჩაში გავლისას მას ყოველთვის გამოარჩევდით სიარულის მანერითა და უჩვეულოდ განსხვავებული პარიზული ჩაცმულობით, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო გახლდათ, მაგრამ თავის გრაციოზულობას ადვილად იმჩნევდა.

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები დღეს ცნობილ და ძვირადღირებულ მხატვრების ტილოებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. თუმცა სიცოცხლეში ელენე თავის ნახატებს ძირითადად აჩუქებდა ხოლმე. მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც მკაცრი ხასიათის ქალბატონს, თუმცა სინამდვილეში ის  გულჩვილი და ბავშვებისადმი განსაკუთრებულად თბილი გახლდათ. ელენე ახვლედიანის პეიზაჟები შემქმნელივით მდიდრული ხასიათის, მრავალფერებიანი და ღრმა შინაარსის გახლავთ.

1975 წელს ელენე ახვლედიანი ერთ–ერთი გამოფენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ცუდად შეიქნა და გარდაიცვალა. ის იშვიათი ხელოვანისა და გამორჩეული ფერმწერის სახელით შევიდა ქართულ და მსოფლიო ხელოვანთა სიაში.



მსგავსი ინფორმაციები