ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 21

საიქს-პიკოტის საიდუმლო შეთანხმების მე-100 წლისთავი

499018
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 21

 

        16 მაისს 100 წელი შეუსრულდა 2 ევროპელი დიპლომატის, ინგლისელი საიქსის და ფრანგი პიკოს მიერ შედგენილ საიდუმლო შეთანხმება-გარიგებას, რომელიც ოსმანეთის იმპერიის ახლო აღმოსავლეთში კუთვნილი ტერიტორიების ინგლის-საფრანგეთისათვის გადაცემას ითვალისწინებდა. ე.ი. ამ ორმა დიპლომატმა თავიანთი სურვილით შეადგინეს დოკუმენტი, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ოსმანეთის იმპერიაში შემავალი არაბული მიწები ერთმანეთში უნდა გაენაწილებინათ პარიზს და ლონდონს. მართლაც და სწორედ ამ დოკუმენტის გათვალისწინებით იქნა შედგენილი პირველი მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ ოსმანეთს ჩამორთმეული ახლო აღმოსავლეთის ხელოვნური საზღვრები, რომლის შესახებაც არ უკითხიათ არც არაბებისთვის, არც თურქებისთვის და არც სხვა ხალხებისთვის. საზღვრების ამ ორი დიპლომატის სურვილის მიხედვით განაწილებამ კი ისეთი დომხალიზაცია გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში, რომ დღემდე იღვრება ათასობით უდანაშაულო ადამიანების სისხლი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოსმანეთს გამოყოფილ არაბულ მიწებზე დღემდის გრძელდება ქაოსი და ძმათა სისხლისღვრა. აი აქედან გამომდინარე თურქები ამ ქაოსში სწორედ ამ ორ დასავლელ დიპლომატს აკისრებენ პასუხისმგებლობას.

         ზოგიერთების აზრით კი საიქს-პიკოს შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს ახლო აღმოსავლეთის ქაოსთან, რადგან, ზემოთ ხსენებული ხელოვნური საზღვრები უფრო მოგვიანებით, ქვეყნებს და ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დადგინდა, თანაც ამ დროს გათვალისწინებული არ იქნა რეგიონში მცხოვრებთა ეთნიკური წარმომავლობა და რელიგიური კუთვნილება. ზოგიერთების აზრით კი ამაში დამნაშავენი თვით ახლო აღმოსავლეთის ხალხები, ფაქტიურად კი არაბები არიან, რადგან, თუ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საზღვრების ხელოვნურ დაყოფას, მაშინ, ისევე როგორც თურქებმა უარი თქვეს სევრის შეთანხმებაზე, რომელიც ოსმანეთის ტერიტორიების დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთს და სომხეთს შორის დანაწილებას ითვალისწინებდა, უარს იტყოდნენ მასზე და ისეთივე ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას დაიწყებდნენ დასავლეთის წინაშე, როგორც ეს დაიწყეს თურქებმა ათათურქის ხელმძღვანელობით და გაიმარჯვეს კიდეც.

         მაგრამ, ასე აზროვნებაც მთლად სწორი არ არის და ყველაფრის არაბებზე გადაბრალება არ შეიძლება, რადგან, ამ დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას და შეფასება უნდა მიეცეს მრავალ იმ დროინდელ ისტორიულ მოვლენებს და ფაქტებს.  ზოგიერთების აზრით კი სწორედ ეს მოვლენები და ფაქტები გახდნენ იმის მთავარი მიზეზებიც, რომ არაბული სახელმწიფოები არც დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდებიან და არც ეკონომიკურად, თუ არ ჩავთვლით ნავთობით მდიდარ ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოს. ექსპერტთა და ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით კი არაბები იმიტომ არ მიიწევენ წინ, რომ არაბული სახელმწიფოების ლიდერები და მმართველები ყველანაირად არიან დამოკიდებულნი დასავლეთზე და მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. ამას კი კვლავ მივყავართ საიქს-პიკოს შეთანხმებამდე. საერთოდ კი, როცა ახლო აღმოსავლეთის ქაოსი და კონფლიქტებია კამათის თემა, აუცილებელია 1916 წლის წინანდელი და 1916 წლის შემდეგ დროინდელი მოვლენების ცალ ცალკეც და ერთობლიობაშიც განხილვა

         ისე კი 1916 წლის შემდეგ გაჩენილმა სამმა ძირითადმა ფაქტორმა რეგიონში ხელი შეუშალა დემოკრატიული სტრუქტურების გაჩენას და ესენია:

1. რეგიონში პალესტინის პრობლემის წარმოქმნაში აშშ-ს, ინგლისის და სხვა დასავლელი ქვეყნების როლის დანახვა

2. რეგიონში 1930 წელს აღმოჩენილი ნავთობი და მის ხელში ჩასაგდებად დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაწყებული ინტრიგები და კონფლიქტების დანახვა

3. მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაწყებული ცივი ომი და მის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთის თავიანთი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობების დანახვა

         ამ სამი ფაქტორის გაანალიზება ავტოკრატული რეჟიმების და სამხედრო მთავრობების ელემენტებთან ერთად უნდა მოხდეს. თუ ასე მოხდება, მაშინ ნათელი გახდება და დავინახავთ, თუ რამ შეუშალა ხელი 1950-იანი წლებისათვის რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში კი კიდევ სამი ახალი ფაქტორი წარმოგვიდგება და ესენია:

  1. ავტოკრატული და  ხალხის წინააღმდეგ კორუმპირებული, მთლიანად უპასუხისმგებლო ხელისუფლება,
  2. ძლიერი დასავლელი ქვეყნების მხრიდან რეგიონს თავს მოხვეული სამხედრო ოპერაციები და
  3. რეგიონის მთავარ პრობლემად არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის აღიარება

მოკლედ, ბოლო 100 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში არასასიამოვნო და ძალადობრივ-სისხლიანი პროცესების მოწმენი ვართ, რასაც სტარტი მისცა სწორედ საიქს-პიკოს საიდუმლო შეთანხმებამ, რომელიც დასავლური იმპერიალისტური პოლიტიკის პირდაპირი გამოხატულებაა, ამიტომაც იგი მთელს რეგიონზე უარყოფითად აისახა როგორც ხელმოწერის დროს, ასევე მის შემდგომ წლებშიც, რის ნეგატიურ გაგრძელებას ახლო აღმოსავლეთის დღევანდელი არასტაბილური მდგომარეობა წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები