„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (04)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ 04) პირველი თურქი მსახიობი ქალი – აფიფე ჟალე

456890
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (04)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ 04)

პირველი თურქი მსახიობი ქალი – აფიფე ჟალე

მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თურქული თეატრის ჩასახვის პერიოდში წარმოქმნილ დაბრკოლებებსა და პირველ თურქ მსახიობ ქალზე – აფიფე ჟალეზე. თურქული თეატრის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებამდე, ოსმალეთის იმპერიის არსებობის თითქმის ბოლო პერიოდს ემთხვევა. თუმცა ეს არ იყო პროფესიონალური თეატრი, ეს გახლდათ სტამბოლში ერთ პატარა შენობაში გამართული სანახაობები, რომელშიც მონაწილეობდნენ არა თურქები, არამედ სომხები, ბოშები და ებრაელები. თურქებმა შედარებით მოგვიანებით დაიწყეს თეატრით დაინტერესება. ცოტა ხანში სცენაზე თურქი მსახიობი მამაკაცებიც გამოჩნდნენ, რომელთაგანაც მუჰსინ ერთუღრული შეგვიძლია გამოვარჩიოთ, რომელიც შემდგომში რეჟისორიც გახდა და წინა საუკუნის 70–80 იან წლებამდე თეატრმცოდნეობის საფუძვლებს ასწავლიდა მომავალ თაობებს.

მართალია, თურქმა მამაკაცებმა გაბედეს მსახიობობა, მაგრამ თეატრში შეიქმნა ქალი მსახიობის დეფიციტი. თურქ მსახიობ მამაკაცებს პარტნიორობას სომეხი, ბოშა ან ებრაელი ქალბატონები უწევდნენ, მაგრამ მათი დამახინჯებული თურქული სპექტაკლს ნამდვილად დასაწუნს ხდიდა, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ თეატრის ერთ–ერთი დანიშნულება მსმენელის დახვეწილი და გამართული მეტყველების ჩამოყალიბებაცაა. მოვიდა დრო, რომ სცენაზე თურქი მსახიობი ქალი აეყვანათ, მაგრამ ეს დიდ პრობლემას უკავშირდებოდა. საქმეში ჩაერია როგორც სახელმწიფო ისე რელიგიური ორგანოები, ისლამის რელიგიის მიხედვით მსგავს წარმოდგენებში ქალის მონაწილეობა ისიც ჩადრის გარეშე, ყოვლად დაუშვებელი იყო. უკვე თურქულად მონათლული თეატრი თურქი მსახიობი ქალების ნაკლებობას მწვავედ განიცდიდა. აი, რას წერს 1918 წელს გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში მსახიობი მუჰსინ ერთუღრული: „დიდი ხანია სპექტაკლში არ მითამაშნია, რადგანაც პარტნიორი არ მყავს. იმის გამო, რომ თურქი მსახიობი ქალი სცენაზე არ ჩანს, თეატრიც არ ყალიბდება. მთელს ევროპას შლიაპები ახურავთ, ჩვენ კი ისევ ფესით დავდივართ. დღეს რამდენი ქალია, სცენაზე გამოსვლა რომ უნდათ, მაგრამ ვერ ბედავენ. აი, ეს არის სწორედ ჩვენი როგორც ერის სულიერი დაჟანგვის მიზეზი. როგორ მინდა, რომ ამ ქალებმა ბრბოს ზურგი აქციონ და თავიანთი ლამაზი თურქულით დაამშვენონ სპექტაკლები. მაგრამ მე მჯერა, რომ ერთი ქალი მაინც გაბედავს, აი მაშინ დაიწყება თეატრის ეპოქა ჩვენში.“

1918 წელს დარულბედაიმ, იგივე ოსმალურმა თეატრმა მსახიობთა შესარჩევი გამოცდა ჩაატარა. ხუთმა თურქმა გოგონამ გამოცდა ჩააბარა. მათ შორის იყო აფიფე ჟალეც. სამმა მათგანმა თეატრი მალევე მიატოვა, აფიფე კი სტაჟიორ მსახიობად აიყვანეს. ერთი წლის შემდეგ სტამბოლის პრესტიჟულ უბანში ქადიქოიში, კინო „აპოლონში“ ჰუსეინ სუათის სპექტაკლში „საკერებლები“ აფიფემ ემელის როლი ითამაშა, რომელსაც სომეხი მსახიობი ქალი ელიზა მენემეჯიანი ასრულებდა ხოლმე, მაგრამ იმ პერიოდში ელიზა პარიზში გახლდათ, ამიტომაც როლი აფიფეს დაუთმეს. აფიფემ ფსევდონიმად ჟალე დაირქვა და სცენაზე ავიდა, ამიტომაც თურქული თეატრის ისტორიაში აფიფე პირველ თურქ მსახიობ ქალად ჩაეწერა.

სპექტაკლში აფიფეს წითელი კაბა და თეთრი კოლგოტები ეცვა, თმაზე კი თეთრი ბანტი ჰქონდა დამაგრებული. იმ საღამოს, აფიფე თავის ჩანაწერებში ასე იხსენებს: „ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ხელოვნებამ თითქოს დამათრო და გამაბრუა. სპექტაკლში ერთ ადგილას უნდა მეტირა, მეც გულამომჯდარმა მართლა ვიტირე. სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა მითხრა, ჩვენს სცენას შენ სჭირდებოდიო. მეორე კვირას ისევ ვითამაშე. სპექტაკლი დამთავრდა თუ არა, თეატრში პოლიციელები შემოიჭრნენ, მე და ერთი მსახიობი კულისებიდან გავიპარეთ და სახლისაკენ გავიქეცით...“ აი, ასე დაიწყო აფიფეს დაპატიმრებები. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ და ქვის საკანში ათევინებდნენ ღამეს. აფიფეს რელიგიის, ეროვნების, ნამუსის უარმყოფელს უწოდებდნენ. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ სცენაზე გამოდიოდა. ასეთ წნეხს დიდხანს ვერ გაუძლო მსახიობმა ქალმა და ავად გახდა, მას თავის ტკივილები დაეწყო. ექიმმა ტკივილის გასაყუჩებლად მორფი გაუკეთა და ამის შემდეგ აფიფე ცხოვრების ბოლომდე მორფზე დამოკიდებული გახდა, თეატრიდანაც დაითხოვეს და ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი მიატოვეს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან ისევ წამოიწყო თავისი საქმიანობა და ანატოლიის მასშტაბით ტურნე მოაწყო. ის პროვინციებიდან პატარა გოგონებს აგროვებდა და მათ სამსახიობო გაკვეთილებს უტარებდა.

1923 წელს, როცა ათათურქმა თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა, თურქ მსახიობ ქალებს აღარ ეკრძალებოდათ სცენაზე გამოსვლა. პირიქით, მათ მთავრობა ხელსაც კი უწყობდა სპექტაკლების დადგმაში, მაგრამ აფიფემ მორფს თავი ვეღარ დააღწია და ცხოვრება 1941 წელს 39 წლის ასაკში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მარტოდმარტომ დაასრულა. მისი მეუღლე სელაჰათინ ფინარი, რომელიც კომპოზიტორი გახლდათ, თავის შექმნილ მელოდიებს აფიფეს სიცოცხლეშიც და მისი სიკვდილის შემდეგაც მას უძღვნიდა. სელაჰათინი მას ჯერ კიდევ მორფზე დამოკიდებულების გამო დაშორდა, რადგანაც მიხვდა, რომ აფიფეს თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ნარკომანიით დაავადება კი მას ამის საშუალებას აღარ აძლევდა. ამიტომაც სელაჰათინი აფიფეს მისივე მოთხოვნით დაშორდა. აფიფემ ერთხელ ასეც კი განაცხადა – მე თეატრზე დავქორწინდი. მას სჭირდებოდა მხოლოდ თეატრი და ამ თავდაუზოგავი ერთგულების გამო გაიწირა კიდეც.

„ტკივილით არა, სიყვარულით მომიგონეთ, რადგანაც სანამ თეატრი იარსებებს, მეც ვიარსებებ“, აი ასეთი იყო პირველი თურქი მსახიობი ქალის – აფიფეს დამოკიდებულება თეატრის მიმართ.

დღეს აფიფეს სახელობის ჯილდოები თურქეთის მასშტაბით თეატრის ცნობილ და ნიჭიერ მსახიობებს ეძლევათ. აფიფე ჟალეს შესახებ 1987 წელს ბიოგრაფიული ფილმიც კი გადაიღეს თურქეთში. თურქული თეატრის ეპოქის დაწყება ფაქტობრივად აფიფეს სახელთანაა დაკავშირებული.

მარიამ გაფრინდაშვილი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტი



მსგავსი ინფორმაციები