„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (02)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ ფოტოგრაფები - არა გულერი და გურამ თიკანაძე

456095
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (02)

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ – (02)

ფოტოგრაფები - არა გულერი და გურამ თიკანაძე

მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემად არა გულერისა და გურამ თიკანაძის ცხოვრება და ფოტოგრაფია შევარჩიე. თურქი არა გულერი და ქართველი გურამ თიკანაძე, ორივე მათგანი ფოტოგრაფიის სკოლის დამფუძნებელი და თავიანთ სამშობლოში ხელოვნების ამ ახალი დარგის დამამკვიდრებელია.

არა გულერი სტამბოლში 1928 წელს დაიბადა. სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. სტამბოლის ჟურნალ-გაზეთების შემდეგ მან Stern, Paris Match, Time, Life სახელწოდების ჟურნალებისთვის ფოტო რეპორტიორად განაგრძო ამ სფეროში განვითარება. არა გულერის ფოტო ნამუშევრები პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ამერიკის ნებრასკას უნივერსიტეტის შელდონის კოლექციაში ინახება. არა გულერმა „შემოქმედი ამერიკელები“, „მიმარ სინანი“, „ძველი სტამბოლის მოგონებები“, „ამ ხანამაც ჩაიარა“, „დაცლილი ფერები“, „თეთრ მტრედიანი კაცი“ სახელწოდების ალბომები გამოსცა.

არა გულერის შემოქმედება იმითაც არის საინტერესო, რომ მან თურქეთის ქალაქების - ვარტოს, გედიზის, ადიამანის, ფეთჰიეს მიწისძვრები ფოტოზე აღბეჭდა. ის, პეიზაჟების, ყვავილების ფოტო გამოფენებს ფოტოგრაფიის დანიშნულებად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ფოტოგრაფი ამავე დროს ისტორიკოსიცაა, ის ისტორიულ ფაქტს, მომენტს აფიქსირებს, დღეს ისტორია მხოლოდ ფურცელზე არ იწერება, ფოტოგრაფია ვიზუალურ ისტორიას ქმნის.

არა გულერის ობიექტივში არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. მათ შორის არიან ჩერჩილი, შაგალი, ალფრედ ჰიჩქოქი, სალვადორ დალი. თუმცა ალბათ ყველაზე გამორჩეული მაინც პიკასოს ფოტოა. პიკასომ მას ფოტოს გადაღების ნებართვა დართო. არა გულერის მიერ გადაღებული პიკასოს ფოტო მხატვრის 90-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი სკირას მიერ გამოცემული წიგნის გარე ყდაზე დაიბეჭდა.

1956 წელს არა გულერმა გაიცნო ფოტოგრაფიის ცნობილი ოსტატი ანრი კარტიე ბრესონი. გულერი მაგნუმ ფოტო სააგენტოს წევრი გახდა, ეს სააგენტო მთელს მსოფლიოში ავრცელებდა თავის ნამუშევრებს. არა გულერი არ უარყოფდა, რომ ფოტოგრაფია ხელოვნების ერთგვარი ნაწილიცაა, ის ერთგან ამბობს: „ფოტოგრაფს მხოლოდ თავისებური აღქმა, ესთეტიური გაგება, ხელოვნებისადმი თავისი დამოკიდებულება აქვს. ამიტომაც, ჩვენ ფოტოგრაფები მოვლენების წინაშე მზადყოფნაში ვართ ხოლმე. ვუცდით, გადასაღებ მომენტს და სწორედ ამ მოლოდინის ობიექტივიდან ვუყურებთ სამყაროს...“. არა გულერს, როგროც ფოტოგრაფს სახლების ნგრევის პროცესიც აინტერესებდა. „მივდივარ და ერთი თვე ვაკვირდები, სახლის მნგრეველებს ვუმეგობრდები კიდეც, არა მარტო სახლებს, არამედ იმ ადამიანებსაც ვიღებ, ვინც ახლომახლო არის. მაგალითად საინტერესოა ასეთი კომპოზიცია, დასანგრევი სახლიდან ჩამოჰყავთ ადამიანი, რომელიც სავარძელში ზის და ფიქრობს, მის უკან კი სახლის ნანგრევები ჩანს. ჯერ ადამიანები უნდა შეიყვარო, მათით უნდა დაინტერესდე...“

არა გულერის თქმით, თურქეთში ფოტოგრაფია არ არის სათანადოდ განვითარებული, რადგანაც ფოტოგრაფმა გარდა იმისა, რომ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული წიგნები, კრიტიკა უნდა წაიკითხოს. „იმისათვის, რომ სარტრე გაიცნო, არა მარტო მისი წიგნები, არამედ მის შესახებ დაწერილი ყველაფერი უნდა წაიკითხო.“ ხანში შესული არა გულერი თავის შემოქმედებას უკვე თავის მოსწავლეებს უზიარებს.

ქართველი ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე არა გულერის თაობის წარმომადგენელი იყო საქართველოში. გურამი 1932 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე. ფოტოგრაფიასთან ერთად გატაცებული იყო ალპინიზმით. ფოტოგრაფიით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა, მოგვიანებით, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებშიც იღებდა მონაწილეობას, (იტალია, იაპონია, აშშ, ბელგია, ჰონგ-კონგი) და არაერთი პრემიისა და პრიზის მფლობელიც გახდა. 1959 წელს, გურამ თიკანაძის მიერ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში მიღებული ვერცხლის მედალი პირველი საერთაშორისო ჯილდო გახდა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. გურამმა ჰონგ-კონგში ფოტოსათვის „ტკბილი ნესვი“ უმაღლესი ჯილდო მიიღო. ანრი კარტიე ბერსონის ფოტო შემოქმედების ერთგვარი მსგავსებაც შეგვიძლია ვიპოვოთ გურამთანაც, მაგალითად გურამ თიკანაძის არაჩვეულებრივ ფოტოში „წვიმის პარადოქსი“.

გურამი 1963 წლის 27 აგვისტოს, კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალიდან - შხარადან დაშვების დროს, ტრაგიკულად დაიღუპა. გურამ თიკანაძის პატივსაცემად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ მწვერვალს მისი სახელი ეწოდა. 1981 წელს კი სვანეთის მოსახლეობის მონდომებითა და შემწეობით, სოფელ ლატალში გურამ თიკანაძის სახელობის კულტურისა და სპორტის ცენტრი აშენდა. აქვე განთავსდა თიკანაძის მუზეუმი, რომელსაც დღემდე სოფელი პატრონობს.

მისი შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში. გურამ თიკანაძის ნამუშევრები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. იყო პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემების სპეციალური ფოტოკორესპონდენტი. გურამ თიკანაძის ფოტოენა, მოულოდნელი რაკურსებითა და ჩვეულებრივში “არაჩვეულებრივის” აღმოჩენის უნარით, 1920-იანი წლების რუსული ავანგარდული ფოტოგრაფიის ენას, კერძოდ ალექსანდრე როდჩენკოს ნამუშევრების ესთეტიკას მოგვაგონებს.

გურამ თიკანაძეს ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართველებისა თუ უცხოელების ფოტოები. სწორედ მან აღბეჭდა ფოტოზე მწერალი და ასევე თავისი საუკეთესო მეგობარი გურამ რჩეულიშვილი, მსახიობი ლია ელიავა და ა.შ. გურამი ბევრს მოგზაურობდა შუა აზიაშიც. მას ფოტოაპარატთან ერთად თან დაჰქონდა თავისი დღიური, სადაც დაუღალავად ჩანაწერებს აკეთებდა. ერთხელ მას ჰკითხეს, თუ რა ხიბლავდა მას მთაში, მან კი უპასუხა: „მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.” სწორედ ასეთი ფხიზელი და შეუპოვარი შემოქმედება დაგვიტოვა გურამ თიკანაძემ.

მარიამ გაფრინდაშვილი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტი



მსგავსი ინფორმაციები