ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8

სირიაში PYD-ა, თურქეთში ტერორისტია

437929
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8


როგორც მოგეხსენებათ 17 თებერვალს ანკარაში მორიგი ტერაქტი განხორციელდა, რასაც 28 კაცი ემსხვერპლა. მათ შორის 27 სამხედრო და 61 კაცი კი დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ტერაქტი სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტობუსების წითელ შუქნიშანზე გაჩერებისას მოხდა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ სისხლიან თავდასხმასთან დაკავშირებით თქვა: “ამ ტერაქტს არანაირი ზნეობრივი თუ ადამიანური გამართლება არ გააჩნია და იგი განახორციელეს იმ მავანების პაიკებმა, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ თურქეთის დასუსტებას ცდილობენ. ასეთი თავდასხმებით ჩვენ ვერ დაგვაჩოქებენ და სტაბილურად გავაგრძელებთ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, რადგან, ჩვენ თურქეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის კონსტიტუციური უფლება გვაქვს“

ერდოღანის ეს სიტყვები მიმართული იყო როგორც სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ფორმირება PYD-სადმი და მისი მხარდამჭერი ესადის რეჟიმისა და რუსეთისადმი, ასევე ნაწილობრივ ამერიკისადმიც, რომელიც ანკარის დაჟინების მიუხედავად ტერორისტულად არ აღიარებს ამ ქურთულ ორგანიზაციას. ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაახლოება 1952 წლიდან დაიწყო, როცა თურქეთი ნატოში გაწევრიანდა და ისინი სტრატეგიულ მოკავშირეებადაც გადაიქცნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა ამ ბოლო ხანებში მათ შორის სწორედ ამ ქურთული ორგანიზაციის გამო გაცივდა და ანკარა ამერიკისგან ოფიციალურად მოითხოვს, ან თურქეთის გვერდზე დადაგეს და მხარი დაუჭიროს ანკარის მხრიდან PYD-ს წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს, ანდა განზე გადგას ძველი მოკავშირისგან და ქურთების მხარეზე დადგეს.

ანკარის პირველი გულაცრუება ამერიკის მიმართ პირველად 2013 წელს მოხდა, როცა ეგვიპტეში ხალხის მიერ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული მუჰამმედ მურსის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოხდა, მაგრამ, ამერიკამ და საერთოდ დასავლეთმა თვალები დაუხუჭეს ამ გადატრიალებს, უფრო მეტიც, ისინი გენერალ სისის გვერდზეც კი დადგნენ და მხარდაჭერაც აღმოუჩინეს მას. სხვათაშორის, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც დაგმო ეს სამხედრო გადატრიალება, თურქეთი იყო.

მეორე გულაცრუება კი სირიის საკითხში მოხდა. ამერიკამ და თურქეთმა თავიდან ორივემ ანტი ესადური პოზიცია დაიკავეს და მის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის მხარეზეც დადგნენ, მაგრამ, ამერიკა თანდათანობით მოლბა, ხოლო 2014 წელს, როცა ერაყში და სირიაში ისლამური სახელმწიფო შეიქმნა, მაშინ, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი დასაყრდენი ამერიკისათვის სწორედ ხსენებული ქურთული ორგანიზაცია გახდა, რომელსაც ფინანსურ, მატერიალურ და სამხედრო დახმარებებს უჩენს. ამით კი ანკარა შეწუხდა, რადგან, PYD, როგორც პკკ-ა, 1970 წლის აქეთ თურქეთის წინააღმდეგ ტერაქტებს აწყობს და პკკ-ას მსგავსად ანკარისათვის ისიც სეპარატისტულ ორგანიზაციად ითვლება.

გასული წლის ნოემბრიდან, ე.ი. მას შემდეგ, რაც თურქებმა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს, ამ ქურთული ფორმირების მეგობარი გახდა რუსეთიც და ამჟამად სწორედ მისი და ესადის რეჟიმის დახმარებით წინ მიიწევს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქ ალეპოს მახლობლად რამდენიმე დასახლება და მენაგის აეროპორტი აიღეს რა, მიუახლოვდნენ აზეზის დასახლებას, სადაც თურქმანები ცხოვრობენ, ამიტომაც, თურქეთმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა PYD-ს პოზიციებს. მოკლედ, ამერიკისა და რუსეთის მხარდაჭერით გათამამებულმა PYD-მ ახლიდან დაიწყო თურქეთზე თავდასხმები და სწორედ მისმა მილიტანმა მოაწყო 17 თებერვალს ანკარის თავდასხმა

თურქი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ “პაიკების“ უკან რუსეთი დგას და იგი ეხმარება ესადის ძალებს და მის მხარდამჭერ ქურთულ ფორმირებებსაც და სწორედ მისი დახმარებებით მიიწევენ წინ. თვით რუსი ბომბდამშენები კი იმდენად გათამამდნენ, რომ არ ერიდებიან საავადმყოფოების და სკოლების დაბომბვასაც კი. ასე რომ, ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთმა დაბომბა და მიწასთან გაასწორა 22 სკოლა და 27 საავადმყოფო, რასაც ასობით ქალი და ბავშვი შეეწირა. რუსების მხარდაჭერით გათამამებული ქურთები კი ჩრდილოეთ სირიაში ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ და ადგილობრივ არაბებს და თურქმანებს ან ხოცავენ, ანდა თურქეთისკენ გაქცევას აიძულებენ, რათა მათ ადგილზე ქურთული კანტონი შექმნან. რომ არა თურქული საარტილერიო ცეცხლისა, რასაც ანკარა ბოლო 1 კვირაა რაც ახორციელებს, ალბათ ესადის რეჟიმი და ქურთული ფორმირებები უკვე ალეპოს მიადგებოდნენ. რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას ქურთებისადმი, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ყველაზე მედგრად სწორედ PYD ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს და ამიტომ ანკარის თხოვნას ამ ორგანიზაციის ტერორისტულად გამოცხადების თაობაზე არ ასრულებს

დღეს ტერორიზმთან ბრძოლა მსოფლიოს ნომერ პირველ საკითხად გადაიქცა, მაგრა, თუ მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ერთიანად არ დაირაზმება და ერთიანად არ იმოქმედებენ, მაშინ, მისი დამარცხება ძალზედ გართულდება და გაჭიანურდება


საკვანძო სიტყვები: #ქურთები , #ტერორიზმი , #სირია , #თურქეთი , #pyd

მსგავსი ინფორმაციები