"ლიტერატურა ჩაის თანხლებით" 7/2015

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ კრიტიკოსები თურქულ ლიტერატურაში

227847
"ლიტერატურა ჩაის თანხლებით" 7/2015

ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ 7/2015 
კრიტიკოსებითურქულლიტერატურაში

„ლიტერატურა ჩაის თანხლებით“

მოგესალმებით. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ კრიტიკაზე, როგორც ლიტერატურულ მოვლენაზე.

კრიტიკა ფრანგული სიტყვაა და „შეფასებას“ ნიშნავს. ლიტერატურისთვის კრიტიკა ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ექიმისთვის პრაქტიკული მუშაობა. კრიტიკის დადებითობას ან უარყოფითობას განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი, მაგალითად, მწერლის პროფესიონალიზმის საკითხი, კრიტიკოსის დამოკიდებულება ამა თუ იმ მწერლისა და ნაწარმოების მიმართ და ა.შ. კრიტიკოსებს დიდი მისია აკისრიათ ლიტერატურის წინაშე, რადგანაც ნაწარმოებებთან ერთად მათი შეხედულებებიც რჩება არქივებში და ლიტერატურის ისტორიაში. დღევანდელ გადაცემაში მინდა თქვენი ყურადღება თურქული ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსებზე შევაჩერო. 

თურქეთში, ლიტერატურულ სამყაროში, კრიტიკა 19 საუკუნის დასაწყისიდან „თანზიმათის“ ანუ „გარდაქმნების“ პერიოდიდან იღებს სათავეს და შემდეგში აკადემიურ ლიტერატურულ ჟანრადაც კი იქცევა. ამ პერიოდში თურქეთში გამოიცემა გაზეთი „დიოგენე“ („Diyojen“), რომელსაც რედაქტორობას უწევს თურქეთში თითქმის ილია ჭავჭავაძის დონის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ნამიქ ქემალი. ამ გაზეთში იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, დაწყებული ყველაზე წვრილმანი საკითხებით, როგორიცაა: ქალაქ „ისტანბულში“ ქუჩების დასუფთავების პრობლემა, წყლისა და კანალიზაციების მილების მოწესრიგება და ა.შ. თუმცა „დიოგენე“ მხოლოდ საყოფაცხოვრებო თემებით არ შემოიფარგლებოდა, გაზეთში თურქული თუ უცხოური ნაწარმოებების განხილვის საკითხებიც დიდ ადგილს იჭერდა. იმის გამო, რომ იმდროინდელ თურქეთის მოსახლეობაში წერა-კითხვის მცოდნე, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელად თუ მოიძებნებოდა, გაზეთებში გამოქვეყნებული ლიტერატურული კრიტიკაც მხოლოდ ასეთი მკითხველისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა დროსთან ერთად თურქეთში მდგომარეობა შეიცვალა და ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ ამან განაპირობა კრიტიკის მოთხოვნილებაც. ნელ-ნელა ასპარეზზე გამოვიდნენ აკადემიური განათლების მქონე კრიტიკოსები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ლიტერატურის და ზოგადად, ხელოვნების სხვა დარგების განვითარებაშიც.
ლიტერატურის კრიტიკის ფესვებში სხვადასხვა თეორიები დევს: პლატონისეული „იდეების გამეორების“ თეორია, მარქსისტულ-სოციალისტური, რუსული სტრუქტურალიზმის, ფემინისტური, ფორმალისტური თეორიები. კრიტიკოსების ზოგადი შეხედულებებიც ამა თუ იმ საკითხისადმი, ამ თეორიების მიხედვით განსხვავდება, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ კრიტიკოსი რომელ თეორიას იზიარებს. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი სახით გამომჟღავნდა ეს თეორიები სხვადასხვა კრიტიკოსის შემოქმედებაში.

როგორც ერთი მწერალი ამბობდა: „თუ მე ჩემი მეგობრებისგან კრიტიკა მეწყინება, მაშინ მათგან ქებაც არ უნდა გამიხარდესო“, ამ პრინციპის გამზიარებელი მკვლევარი ნურულაჰ ათაჩი თურქული ლიტერატურისა და თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსია. სანამ მის ლიტერატურულ შეხედულებებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთში ე.წ. „კრიტიკოსთა სკოლას„ ანუ როგორც თურქები ამის აღსანიშნად ფრანგულ სიტყვას „ეკოლს“ იყენებენ, საკმაოდ სიღრმისეული საფუძველი აქვს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სკოლის ფუძემდებელნი არა კრიტიკოსები, არამედ ლიტერატურის ისტორიკოსები არიან. ეს სკოლა მაგონებს გენეალოგიურ ხეს, რომლის ღერძი ფუად ქოფრულუს სახელით შეგვიძლია აღვნიშნოთ. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც ადრინდელი და თანამედროვე ეპოქის თურქი მწერლები და მათი შრომები ხელში აიღო და ისინი ქრონოლოგიის მიხედვით დაალაგა. მისმა მოსწავლეებმა ეს საქმე უფრო განავითარეს და შემდგომში თითქმის ყველამ ინდივიდუალური გზა აირჩია. ზოგიერთმა მათგანმა არა მწერლებს, არამედ ნაწარმოებებს მიანიჭა ქრონოლოგიურობა. თუმცა ყველა მათგანის პრინციპი თითქმის ერთნაირია: მწერლების ერთ ფართო სიბრტყეზე დალაგება, ხოლო ნიადაგქვეშ ანუ სიღრმეში - ნაწარმოებებით ჩასვლა. მათმა შრომმა ნაყოფი გამოიღო, დღეს თურქული ლიტერატურის ისტორიის შესახებ რამდენიმე ღირებული წიგნის მეშვეობით ეპოქების მიხედვით ქრონოლოგიურად დალაგებულ სქემას ვადევნებთ თვალს, რაც ლიტერატურის მკვლევარებს საქმეს გვიადვილებს. თუმცა ეს რაც შეეხება ლიტერატურის ისტორიის სკოლის ჩამოყალიბების საკითხს. ახლა განვიხილოთ უშუალოდ თანამედროვე თურქ კრიტიკოსთა შეხედულებების ქრონოლოგიურობა მათი კვლევების მეშვეობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თურქი კრიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა ცხოვრების ნახევარი ამ საქმეს მიუძღვნა. ერთ-ერთი მათგანის შესახებ სტატიაც კი გამოქვეყნდა, სახელწოდებით „ბერნა მორანი - ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება კრიტიკას შესწირა.“ თურქი კრიტიკოსების უმეტესობა უცხოური განათლებით გამოირჩევა, ისინი იყოფიან ფრანგული, გერმანული და ინგლისური, ზოგიერთი მათგანი რუსული ლიტერატურული სამყაროს კრიტიკოსთა სკოლებში მიღებული განათლების მიხედვით. მათი შეხედულებები ამა თუ იმ ნაწარმოების ან პიესის შესახებ არ ემყარება მხოლოდ „მომეწონა, არ მომეწონას“ პრინციპს; ისინი ფილოსოფიური მიმდინარეობების კრიტიკაში ტექნიკური სახით გამოყენების მიხედვით გამოთქვამენ თავიანთ ნააზრევს.
ნურულაჰ ათაჩი - ეს გახლდათ ადამიანი, რომელმაც მოზარდობის პერიოდიდან დაიწყო კრიტიკული ჩანაწერების გაკეთება. პირვანდელი ნაწერები, ძირითადად თეატრს და სამსახიობო ტექნიკას ეხება. ჩემი აზრით, ნურულაჰ ათაჩი პირველი თურქი კრიტიკოსია, რომელმაც ისეთი კრიტიკული ნარკვევები შექმნა, რომელთაც სიამოვნებით, მოწყენის გარეშე წაიკითხავ, ათაჩმა აქამდე დამკვიდრებულ მშრალ ლიტერატურულ შეფასებებს გვერდი აუარა და ჩანაწერები მწერლის ოსტატურ დონემდე აიყვანა. მას თეატრის კრიტიკოს ფრანგ პაულ ლიტაუდს (Paul Leautaud) ადარებენ მისი პირდაპირობის, სიმართლის დაუფარავად გამოხატვისა და მდაბიო ღირებულებების უარყოფის გამო. ათაჩის კრიტიკული შეხედულებები მისი პიროვნული ხასიათიდანაც გამომდინარეობდა. მისი კრიტიკა არ იყო სუფთა მეცნიერული სახის მშრალი შეფასება, მის ხელში ნაწარმოების მოხვედრა ამ ნაწარმოების წარმატებულობასაც კი გულისხმობდა, რადგანაც ათაჩი მხოლოდ იმ ნაწარმოებს განიხილავდა, რომელმაც რაღაც შთაბეჭდილება დატოვა მასზე. თეატრის მკვლევარი მეთინ ანდი როგორც აღნიშნავს, დღეს თეატრის ბევრი განათლებული კრიტიკოსი მოიძებნება, მაგრამ ათაჩს ვერავინ გაიმეორებს. მწერლები, მსახიობები და დრამატურგები მათი შემფასებლის, უმეტეს შემთხვევაში კი მკაცრი კრიტიკოსის ნააზრევს როგორც მასწავლებლის რჩევას ისე იღებდნენ და ყოველი მათგანი ახალი ნაწარმოების შექმნის ან პიესის დადგმის შემდეგ ასე ამბობდა: „ნეტავ ათაჩი რას იტყვის?“ ეს უკვე ათაჩის აღიარებას ნიშნავდა. მისი ხასიათის გამორჩეული თვისება ალბათ გულწრფელობა და სიმართლის დაუფარავად თქმა იყო, მოსაწონს მოიწონებდა, უვარგისს კი სასტიკად გაკიცხავდა. შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო თურქულ, არამედ ქართულ ლიტერატურასა და თეატრს დღეს ათაჩის მსგავსი სიმართლის მთქმელი კრიტიკოსები სჭირდება. ათაჩი პიესას წინასწარ კითხულობდა, გონებაში კრიტიკულ ნარკვევს მოამწიფებდა, თუმცა სპექტაკლის შეფასების დროს მაყურებლის პოზიციიდან გამოდიოდა და როგორც რიგითი მაყურებელი ისე აკეთებდა კომენტარს, ოღონდ შემდგომში ამას აკადემიურ სახეს მიანიჭებდა ხოლმე. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ათაჩს კლასიკური შედევრები მკაცრად გაუკრიტიკებია, მცირე მოცულობის შედარებით არაცნობილი ნაწარმოებები კი შეუქია. ნურულაჰ ათაჩის კრიტიკის პრინციპი ასეთი იყო: „მე რას ვფიქრობ კი არა, ასე რატომ ვფიქრობ - ეს არის მთავარი!“ ის ერთგან ამბობს: „ნაწარმოების მოწონება არ მოწონება ეს ყველას უფლებაა, მაგრამ როგორია ის კარგი თუ ცუდი, ეს კრიტიკოსების საქმეა და მათი მოვალეობაა ეს შეხედულება არგუმენტირებულად მიიტანოს მკითხველამდე.“ ათაჩი წერდა არა მარტო ლიტერატურასა და თეატრზე, არამედ თავის შეხედულებებს გამოთქვამდა საზოგადოებისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ზოგადად კრიტიკაზე, ევროპული განათლების აუცილებლობაზე და ა.შ. ის მეგობრობდა მწერლებთან, დრამატურგებთან ანუ იმ ხალხთან, ვისაც ამავდროულად აკრიტიკებდა კიდეც, თუმცა ის ამ ფაქტს გამართლებას უძებნიდა. ათაჩი ერთგან წერს: „მე მეგობრობასა და ლიტერატურას ერთმანეთში არ ვრევ, ყოფილა შემთხვევები, როცა მავანი პოეტის ლექსები შემიფასებია დადებითად, თუმცა ის პოეტი პიროვნულად ჩემს სიმპათიას არ იმსახურებდა. ჩემს შესახებ დაწერილ კრიტიკას, იქნება ის დადებითი თუ ძალზედ უარყოფითი, არ ვკითხულობ ხოლმე. ყოველთვის მე მომმართავთ კითხვით, თუ რატომ არ კითხულობენ თქვენს კრიტიკულ ნარკვევებს, იქნებ თქვენშივე ეძიოთ ამის მიზეზი, იქნებ თვალწინ ჩამოფარებული ფარდა გადასწიოთ და მაშინ ყველაფერს უფრო ნათლად დაინახავთ, მკითხველიც ნამდვილი კრიტიკოსის ფასს გაიგებს. ჩვენში კრიტიკოსები არ არიანო - არ თქვათ, ჩვენში კარგი მკითხველი არ არის - ეს უფრო არის სიმართლე!“

ათაჩისეული კრიტიკის ხედვის მსგავსებას შედარებით თანამედროვე თურქი კრიტიკოსის ოღუზ დემირალფის შემოქმედებაშიც ვხედავთ. დემირალფიც ლიტერატურულ კრიტიკას ქმნის არა როგორც მშრალ მეცნიერულ ნარკვევს, არამედ ნაწარმოების დონემდეც კი აჰყავს ის. მისი ნაწერების განსაკუთრებულობა იმაშიც მჟღავნდება, რომ ის ძალდაუტანებლად გვიბიძგებს იმ ნაწარმოებთა წაკითხვისაკენ, რომელსაც ის განიხილავს. ეს კრიტიკოსის მკითხველთან გამართული ერთგვარი „თამაშია“. მკითხველიც ერთვება ამ ე.წ. „თამაშში“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი უნდა გავიხსენოთ, როცა თურქული ლიტერატურის კრიტიკის სკოლაზე ვსაუბრობთ. ეს ასიმ ბეზირჯია, რომელიც მარქსისტული იდეების მომხრე და კრიტიკის - ხელოვნების დარგად აღიარების წინააღმდეგი იყო. ბეზირჯი, ძირითადად, პოეტების შემოქმედების შემფასებელი გახლდათ. 1950 -იან წლებში ჩამოყალიბებულ „მეორე სიახლე“ სახელწოდების პოეტურ გაერთიანებას ის მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებდა, რომ მათ ლექსებში იდეოლოგია, განსაკუთრებით კი სოცილისტური იდეოლოგია არ სჩანდა. მისი თქმით, „კრიტიკა - ეს არის მეცნიერული კვლევა; ხელოვნება ამოცანაა, კრიტიკა კი მისი ამომხსნელი მექანიზმია.“ ერთი მწერალი ბეზირჯის, როგორც კრიტიკოსს ასე აფასებდა: „სანამ საბჭოთა კავშირის დიქტატურა დაემხობოდა, თითქმის ყველა მწერალი ასიმ ბეზირჯისგან შეფასებას ნატრობდა.“ ბეზირჯიმ თავისი 63 წლიანი ცხოვრების 40 წელიწადი კრიტიკას მიუძღვნა, ის 70-მდე წიგნის ავტორია.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ლიტერატურული კვლევებისა და კრიტიკული შეხედულებების წერა არ შეუწყვეტია ასევე ძალიან ცნობილ თურქ ლიტერატურათმცოდნეს - ბერნა მორანს. ის პირველი კრიტიკოს-მკვლევარია თურქულ ლიტერატურაში, რომელმაც რომანის შესახებ დაიწყო წერა. ასევე, კრიტიკის თეორია და ტექნიკა, ეს ის თემებია, რომლებიც მორანმა კვლევის სახით ჩამოაყალიბა. ბერნა მორანამდე მსგავსი კვლევა ევროპაშიც არ იყო ჩატარებული, როგორც ამას მორანის შემოქმედების შემფასებელი აქსოი აღნიშნავს. მორანის აზრით, ხელოვნება ოთხი ნაწილისგან შედგება, ესენია: ხელოვანი, ნაწარმოები, მკითხველი და საზოგადოება. ბერნა მორანი არც ერთ თეორიას განსაკუთრებულ მხარს არ უჭერს, ის უბრალოდ ამ თეორიებს აჯგუფებს და ლიტერატურაზე მათ ზეგავლენას კვლევისეული სახით გვაწვდის. რომანის ჟანრის განხილვისას კი კრიტიკის რამდენიმე ტექნიკის სახეობით სარგებლობს, თუმცა ეს არ იწვევს ჩვენს დაბნევას. კრიტიკის ტექნიკა ეს მხოლოდ მშრალი მეცნიერული მიდგომაა ნაწარმოების, როგორც საკვლევი მასალის მიმართ, მორანის კითხვისას ადვილად ვხვდებით, რომ ამ ტექნიკის უკან ნამდვილი, ცოცხალი ლიტერატურა იმალება. მორანი მორალისტი არაა, ის რომანის განხილვისას საზოგადოების სოციალური პრობლემების გადაწყვეტასაც არ ცდილობს, ის არც ჩვეულებრივი მასწავლებლის პოზიციიდან გამოდის, მორანი თავის სუბიექტურ შეხედულებებს ეპოქის, ერის და ნაწარმოების მიხედვით გვიზიარებს.

ჯანსაღი კრიტიკა ეხმარება ლიტერატურასა და დრამატურგიას განვითარებაში, როგორც ათაჩი აღნიშნავს, კრიტიკოსის დამსახურება ის იქნება თუკი მაყურებელსა და მკითხველს ცუდი და კარგი ნაწარმოების გარჩევას ასწავლის. შედევრს, თუკი ის მართლაც ამართლებს ამ შეფასებას, ხალხი ისედაც მონათლავს თავისად და მას აღიარებს, თუმცა კრიტიკოსის როლიც ძალიან დიდია ამაში. კრიტიკოსი წინასწარ ხედვის ნიჭითაც უნდა გამოირჩეოდეს, რომ სათანადოდ შეაფასოს ნაწარმოების ღირებულება, ამიტომაც მიჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ დახვეწილი კრიტიკული აზროვნება ეს თანდაყოლილია, ხოლო თუკი ამას პროფესიული განვითარებაც მოჰყვება, მაშინ მივიღებთ ათაჩის მგავსს მოვლენას, რომლის შემოქმედებაც თავის დროზე და დღესაც ზოგიერთ კლასიკურ ნაწარმოებზე უფრო მეტად ფასობს თურქულ ლიტერატურაში.
დღევანდელი ქართველი კრიტიკოსები, შეიძლება ითქვას, მკაცრი პირდაპირობითა და სრული გულწრფელობით არ გამოირჩევიან. თუმცა რამდენიმე, ამ საქმეში ჩახედულ და სიმართლის დაუფარავად მთქმელ კარგ ქართველ კრიტიკოსზე ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ ერთი კია, კრიტიკოსს ლაქიობა ისევე არ ესადაგება, როგორც ძაღლს ფარშევანგის კუდი.
მაშ ასე, გადაცემა, „ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ თქვენგან ჯანსაღ კრიტიკას ელოდება. კეთილი სურვილებით მომავალ გადაცემამდე.


გადაცემა მოამზადა ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები