ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 45

ადიამანის თერმული წყლები

188982
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 45

ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის თერმული კურორტების გაცნობას, რითაც ძალზედ მდიდარია ეს ქვეყანა და ამ მხრივ რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოთაგანსაც წარმოადგენს, სადაც მინერალური წყლებით და ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. წინა პროგრამაში გესაუბრეთ ადიამანის გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის სხვა განთქმულ კურორტს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე რიზეს გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:
ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, უფრო კონკრეტულად კი აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში მდებარეობს ქალაქი რიზე და ამავე სახელწოდების ოლქი, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს სწორედ ქალაქი რიზე წარმოადგენს, რომელსაც ზღაპრული სილამაზის გარემო გააჩნია. ციცაბო და მაღალი ხეობებით, ზურმუხტისფერი მწვანე პლატოებით, ულამაზესი პატარ-პატარა ცისფერი ტბებით, სწრაფმავალი და გიჟური მდინარეებით ეს რეგიონი ანატოლიის ერთ ერთ ულამაზეს ბუნებრივ და ტურისტულ ცენტრად ითვლება. აქაური ტყეები კი რიზელების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ რიზეს ხსენებაზე თურქების გონებაში ჩაი ასოცირდება, რომელიც ამ რეგიონის მთაავა სიმბოლოთაგანსაც წარმოადგენს. მართლაც და თურქეთში წარმოებული ჩაის მთლიანი ოდენობის 65%-ზე მეტი სწორედ რიზეზე მოდის და საქართველოსკენ მიმავალ გზაზე კარგად ჩანს ფერდობებზე შეფენილი ჩაის ულამაზესი პლანტაციებიც და ჩაის გადამამუშავებელი ქარხნებიც. ამ ბოლო ხანებში რეგიონში იმატა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ნაკადმაც და მათ აქ უპირველეს ყოვლისა ქაჩქარის სახელწოდების ულამაზესი მთები იზიდავთ, სადაც ლაშქრობის მოყვარულთათვის მრავალი ბილიკებია გაყვანილი, ფათერაკების მოყვარულთ გიჟმაჟურ მდინარეებზე რაფტინგი ელით, ალპინიზმის მოყვარულებს კი უამრავი არჩევანი გააჩნიათ. ქაჩქარის მთები იმ 200 ზონაში შედის, რომლებიც დაცულია სახელმწიფოს მხრიდან და მას სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი აქვს მიცემული 1994 წლიდან. ალაგ-ალაგ მთების მწვერვალების სიმაღლე 4 ათას მეტრს აღწევს და ზოგან ციცაბოდ ეშვებიან შავი ზღვის სანაპიროებზე. სხვათა შორის ამავე მთებში ისეთი უიშვიათესი ფლორა და ფაუნა არსებობს, რომლებიც დედამიწის არც ერთ კუთხეში არ შეგხვდებათ. ასე მაგალითად, აქაური მთები ერთადერთია, რომლის 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე ტყის ყვავილები ხარობენ. ქაჩქარის მთების მშვენებას წარმოადგენენ შველი, გარეული თხა და ღორი, მთის როჭო, კავკასიური სალამანდრა და სხვა.
მსოფლიოში ძალიან იშვიათი მყინვარის ტბა არსებობს 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე და ამათგან ერთ ერთი სწორედ ქაჩქარის მთაზე მდებარე ბოიქ დენიზის სახელწოდების ტბა, რომელიც ისეთ ქვაბულში მდებარეობს, რომ არსაიდან არ უდგება მზის სხივები და ზამთარში ეს ტბა ყინულოვან მასად იქცევა, რადგან ყინულის სისქე 5 მეტრამდე აღწევს და საერთოდ წელიწადში 10 თვის განმავლობაში ეს ტბა ყინულიანია და მხოლოდ ივლის-აგვისტოს თვეში იწყებს რა დნობას, მისი ლაჟვარდოვანი ძირის სანახავად რეგიონს მყვინთავები და ბუნების მოყვარულები აწყდებიან
ამ ისტორიული ექსკურსის შემდეგ ახლა გავეცნოთ რიზეს მინერალურ და თერმულ პოტენციალსაც, რომლითაც ასევე ძალზედ მდიდარია ეს ოლქი. რიზეს ყველაზე განთქმულ იალაღს აიდერი წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს მინერალური პოტენციალითაც მდიდარია და ამათგან ყველაზე განთქმულია აიდერის სახელწოდების კაპლიჯა, რომელიც ჩამლიჰემშინთან ახლოს მდებარეობს. აქაური თერმული წყლის საშუალო ტემპერატურა 50 გრადუსამდე აღწევს, მდიდარია ოლიგომეტალიკური, თერმული და რადიოაქტიური ნივთიერებებით, ამიტომაც კარგად მოდის კუჭის, ნაწლავის, თირკმლის და რაც მთავარია რევმატული დაავადებების მკურნალობაში, ხოლო ამის პარალელურად ეგზემას, ფსორიაზის, კანის დაავადებების და აკნეს მკურნალობაშიც გამოიყენება. აქვე წნევისა და გულის უკმარისობის მქონეებს შევახსენებთ, რომ აიდერის კაპლიჯამ შეიძლება მათ ავნოთ და ამიტომ მის გამოყენებამდის ექიმებთან კონსულტაცია უნდა გაიარონ
რიზეს მეორე განთქმულ კაპლიჯას ანდონი წარმოადგენს, რომელიც რიზედავ 30 კმ-ით არის დაშორებული. აქაური მინერალური წყალი ნახშირორჟანგით, რკინით, ტუტით და ბიკარბონატითაა მდიდარი და გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭის და ნაწლავის დაავადებების მკურნალობაში. მოკლედ, რიზე თავისი თერმული კურორტებითა და ულამაზესი ბუნებით თქვენ გელით, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები