ფონდების ტრადიცია თურქულ კულტურაში

ფონდების ტრადიცია თურქულ კულტურაში

118058
ფონდების ტრადიცია თურქულ კულტურაში

გამარჯობათ. ყველა საზოგადოებას თავისი სოციალური სტრუქტურის, კულტურისა და რწმენის მიხედვით დახმარების საკითხზე გარკვეული წესები და სისტემა ჩამოუყალიბებია. მუსლიმ საზოგადოებებშიც დახმარების საუკეთესო ინსტიტუციონალიზებული ფორმა "ფონდი" გახლავთ. ფონდის შექმნა ისლამურ პრინციპებს ეფუძნება. ფონდის შექმნას საფუძვლად უდევს ჰადისი „ყველაზე კარგი ადამიანი ის არის, ვინც თავად არის ადამიანებისათვის სასარგებლო“. ფონდები, გაზიარებითა და დახმარებით ხელს უწყობს მორწმუნის მიერ კარგი საქმის კეთებას და მისი მეშვეობით ადამიანის სახელი გარდაცვალების შემდეგაც ცოცხლობს.

ისლამური სამართლის კუთხითაც, ქონების გამოყენების ან შემოსავლის ადამიანების სარგებლობაში გადაცემა უზრუნველყოფს ამ ქონების ისეთი ფორმით გამოყენებას, რომ იგი წარღვნის დღემდე სხვის მფლობელობაში ვერ გადავა. ფონდის საქმიანობა იურიდიული ხელშეკრულებით ფორმდება. ფონდები არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანებისათვის საჭირო ყველა სფეროში მოღვაწეობენ. ფონდები ისეთ მომსახურებას უწევდა ხალხს, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს. ფონდების სისტემა არის მუდმივი დახმარების საქმიანობა.


სელჩუკთა სახელმწიფოში სელჩუკ მმართველთა იზზედინ კეიკავუს პირველის, ალაედინ ქეიყობად მეორისა და გიასედინ ქეიხუსრევ მესამის მიერ დაარსებული ფონდები არსებობდა. ამავე დროს მოქმედებდა ვეზირების, სასულიერო პირებისა და სასახლის მანდილოსანთა მიერ დაარსებული ფონდებიც. ფონდებს ორი მთავარი შემოსავლის წყარო ჰქონდათ. მათგან პირველია ფადიშაჰებისა და ოსმალეთის დინასტიების თაოსნობით, სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ შექმნილი ფონდები. სულთან ორჰანიდან დაწყებული ოსმალო ფადიშაჰებს, ვეზირებს და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებს მრავალი ფონდი დაუარსებიათ და მათთვის შეწირული ქონება დოკუმენტურადაც დაუმტკიცებიათ. თითქმის ყველა მეჩეთი, მედრესე, საავადმყოფო, აბანო, ხიდი, წყარო, წყლის ობიექტი და სხვა ფადიშაჰების, სხვა მაღალჩინოსნების ან მათი ახლობლების მიერაა აგებული. აგებული ამ ნაგებობების ფუნქციონირებისათვის საჭირო შემოსავლის მისაღებად კი ფონდისათვის დუქნები, ბაღები, მიწები, ქარვასლები შეუწირიათ. ფონდის სისტემის მეორე წყაროს კი ღმერთთან ახლო ყოფნის, კეთილის საქმის კეთების მოსურნე ადამიანები წარმოადგენდნენ. ასეთი ფონდების რაოდენობა მათი ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, ბევრი იყო. ეს ფონდები საზოგადოებებს საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა. იმისათვის, რომ პიროვნებას ქონება ფონდისათვის შეეწირა იგი თავისუფალი, ზრდასრული, ხოლო ქონება კი მისი უნდა ყოფილიყო. ფონდის ქონება არ იყიდებოდა და მემკვიდრეობით არავის გადაეცემოდა. ფონდის საქმიანობაში ფადიშაჰიც კი ვერ ერეოდა. 

პროფესორი იუსუფ ჰალაჩოღლუ ოსმალურ ფონდებთან დაკავშირებით წერს: „თურქულ-ისლამური კულტურისათვის ძალიან მნიშვნელოვან ფონდებს ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ცხოვრების პირობების კუთხით ადამიანებს შორის სოციალური სამართლიანობის დამყარებისა და განსხვავებების აღმოფხვრისათვის. ასევე ფონდები ასრულებდნენ იმ მოვალეობებს, რასაც დღეს მუნიციპალიტეტები ასრულებენ. განსაკუთრებით ოსმალური სახელმწიფოს სოციალური კეთილდღეობის დონეს ყველაზე კარგად „იმარეტების სისტემა“ აჩვენებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა საფონდო ორგანიზაციებს შორის, რადგანაც მათ, გარშემო არსებულ კომპლექსებთან ერთად, მთელს მსოფლიოს აჩვენეს თურქების ნიჭი არქიტექტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სოციალურ დახმარებასა და რელიგიური ორგანიზაციების მშენებლობაში“.

საავადმყოფოების, მედრესეების, ბიბლიოთეკების, აბანოების, სასადილოების, მეჩეთების, გზების, ტროტუარების, ხიდების, წყაროების, ჭების აგებისა და მათთვის ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად მრავალი ფონდი დაარსებულა. ფონდების მეშვეობით სახელმწიფომ მრავალი საგანმანათლებლო ორგანიზაცია გახსნა და უზრუნველყო ბევრი მეცნიერის აღზრდა-განათლება. ფონდები იქმნებოდა უმუშევართა დასასაქმებელად, შეგირდების აღსაზრდელად, დაუოჯახებლების დასაქორწინებლად, ღარიბების, ქვრივებისა და ობლების მატერიალურად დასახმარებლად, ობლების აღსაზრდელად, ცხოველების დასაცავად, მოსწავლეების დასახმარებლად, ქუჩების დასასუფთავებლად და ფსიქიკურად დაავადებულთა მუსიკით განსაკურნავად.

ამასთანავე ისეთი ფონდებიც შექმნილა, რომელთა არსებობაც ძნელი დასაჯერებელია, მაგალითად არსებულა ფონდები, რომელთა მოვალეობებსაც წარმოადგენდა ტყვეთა გადარჩენა, ბავშვთა გასეირნება, ავადმყოფების უფასოდ მოვლა, იმ წეროების მოვლა, რომლებსაც ფრენა არ შეეძლოთ, ხალხისათვის ხილისა და ბოსტნეულის დარიგება, ჩვილთა ძუძუთი კვების უზრუნველყოფა, ბავშვებისათვის სათამაშოების შეძენა, ღარიბებისათვის ხორცის შეძენა, ხალვის დარიგება, გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზამთარში ჩიტებისათვის დახმარება და სხვა. როგორც მაგალითებიდანაც ჩანს, ოსმალეთის სახელმწიფოს პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობით ფონდი შექმნილა. ფონდების გენერალური სამმართველოს არქივში 26 ათასი ფონდია რეგისტრირებული, რომელთაგანაც 2309 ქალებს დაუარსებიათ. თუ ამ ფონდების რაოდენობას, დაარსების მიზანსა და საქმიანობას გადავხედავთ, კარგად დავინახავთ ოსმალური საზოგადოების განწყობას, ფილოსოფიასა და მათ მიერ გამოყენებულ პრაქტიკას.

მომზადებულია დოცენტ ფატმა აჰსენ თურანის მიერ 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები