თურქეთს სხვადასხვა ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირის ქვეყნებიდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ

1942566
თურქეთს სხვადასხვა ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს

7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში იყო და მთლიანობაში 10 პროვინცია დააზარალა, ევროკავშირის ქვეყნებიდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ.

ევროკავშირის კომისიის წევრმა იანეზ ლენარჩიჩმა, რომელიც პასუხისმგებელია კრიზისების მართვასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ამ თემაზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ ამოქმედდა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თურქეთია.

მისი თქმით, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი კოორდინაციას უწევს სამაშველო ჯგუფების გაგზავნას მთელი ევროპიდან. „ამჟამად გზაში არიან სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნიდერლანდებიდან და რუმინეთიდან“.  - აღნიშნა ლენარჩიჩმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მოკავშირეები სრულ სოლიდარობაში არიან თურქეთთან და მობილიზება გაუწიეს დახმარებას.

"ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ თურქეთთან. მე მაქვს კონტაქტი პრეზიდენტ (რეჯეფ თაიფ) ერდოღანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან (მევლუთ) ჩავუშოღლუსთან. ნატოს მოკავშირეები ახლა მობილიზებულნი არიან დახმარებისთვის." - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში იყო და 10 პროვინცია დააზარალა, თურქეთში 370 კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფს გააგზავნის.

სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მხარდასაჭერად თურქეთის დახმარების მითითებები გასცა.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა კი განაცხადა, რომ 30 კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი 8 მანქანით თურქეთში დასახმარებლად გაიგზავნება.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება.

სალივანმა თურქეთში მომხდარ 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო.

"ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება. პრეზიდენტმა (ჯო) ბაიდენმა მითითება მისცა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა ფედერალური მთავრობის პარტნიორებს, განიხილონ აშშ-ს რეაგირების ვარიანტები მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულთა დასახმარებლად. თურქეთის მთავრობასთან კოორდინაციით გავაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას“. - აღნიშნა სალივანმა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის გამო თურქეთში გასაგზავნად მზად არის ორი თვითმფრინავი ილ-76 და სამძებრო-სამაშველო 100 კაციანი ჯგუფი.

მიწისძვრის გამო თურქეთს დახმარებას საბერძნეთიც გაუგზავნის.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა Twitter-ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: „საბერძნეთი ახორციელებს რესურსების მობილიზებას და დაუყოვნებლივ გაუწევს დახმარებას“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა ასევე განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის გამო და რომ თავის სამინისტროს დაავალა სასწრაფო დახმარების პროგრამის მომზადება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოაზ გალანტმა ასევე მისცა მითითებები ისრაელის არმიას და სამინისტროს ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა საჭირო დახმარება გაუწიოს მეგობარ თურქ ხალხს.

მიწისძვრის გამო თურქეთს დახმარებას პოლონეთი, რუმინეთი და ლიეტუვა გაუგზავნიან.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ Twitter-ით განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ ოფიციალური თანხმობა თურქეთისგან დახმარების მისაღებად. მეხანძრეები თურქეთში დღესვე გაემგზავრებიან."

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა გამოაცხადა, რომ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან კონსულტაციის შემდეგ ისინი დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფებს გააგზავნიან.

მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმაც და აღნიშნა: „ლიეტუვა მზად არის მოგაწოდოთ კარვები, საბნები და სამედიცინო მომსახურება სამაშველო და ოპერაციის მხარდასაჭერად“.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისინი ღრმად დამწუხრებულნი არიან თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და რომ რეგიონში სამოქალაქო თავდაცვისა და არმიიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები შეიძლება გაიგზავნოს.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები