„კუთხე-კუნჭული“ 32-2022

გლოვა იგივე აღითი ანატოლიურად

1868077
„კუთხე-კუნჭული“ 32-2022

„კუთხე-კუნჭული“32-2022

გლოვა იგივე აღითი ანატოლიურად

გადაცემა მომზადებულია მარიამ გაფრინდაშვილის მიერ

დღევანდელი გადაცემის თემად გლოვა, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი კულტურული ჩვევა ავარჩიეთ. გლოვა, გარდაცვლილი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სევდის გამომხატველი ერთგვარი რიტუალია. რიტუალი, რომელიც კულტურებთან და დროსთან ერთად სხვადასხვა ფორმას იღებს ხოლმე. დატირება იგივე გლოვა ატარებს კიდეც ამა თუ იმ საზოგადოების მოწყობის ნიშნებს, მის ცხოვრებისადმი, სიცოცხლისადმი და ამავე დროს სიკვდილისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას. ალბათ იშვიათია ერი, რომელსაც თავისი დატირების ან გამოტირების, ყოფას მორგებული სცენარი არ გააჩნდეს. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გარდაცვალებას გარკვეულ დრამატურგიას უსადაგებენ და სიკვდილი იღებს სხვა ფორმას, შეიძლება ითქვას უფრო ადამიანურ სახეს. ალბათ, ყოველივე ეს ადამიანმა სიკვდილთან შეგუების მიზნითაც მოიფიქრა, დაგეგმა და მას რიტუალის სახე მისცა.

ანატოლიაში გლოვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. დატირებას ერთგვარი მუსიკალური დატვირთვაც კი შესძინეს ამ მიწაზე მცხოვრებმა სხვადასხვა ერებმა. სწორედ ამ ტერიტორიაზე ბევრი კულტურის ცვლილების გამო გლოვაც ტრანსფორმაციას განიცდიდა. თუმცა რჩებოდა ერთი უცვლელი რამ: წამღერებით დატირება. ეს ტირილზე უფრო მეტია, ის ტირილს ჯაბნის და მასზე მაღლდება. ადვილი შესამჩნევია, რომ წამღერებით ტირილში უფრო მეტი სევდა ჩანს, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში უცრემლოა, ცრემლი თითქოს მის ჟღერადობას ხელს უშლის. ამიტომაც რაც უფრო სუფთა, რაციონალურია წამღერებით დატირება, მით უფრო იპყრობს ის ჭირისუფლის მსმენელის გულს.

თურქულ ენაში გლოვა „აღით“-ის სახით „აღლამაქ“ ზმნიდან შევიდა, რაც ტირილს ნიშნავს. თურქულ კულტურაში „აღით“ის სხვა ფორმაც არსებობს, რაც „საგუ“ს ცნებით გამოიხატება. თუკი „აღით“ უფრო მეტად წამღერებით დატირებას ნიშნავს, „საგუ“ ლოყების ჩამოხოკვითა და თმების გაჩეჩვით გამოხატულ გლოვას აღნიშნავს, რომელსაც ხმიანი ტირილი და კივილი ახლავს თან. საგუს შინაარსი უმეტესად გარდაცვლილის კეთილი საქმეების მოსაგონარ ტექსტს ეფუძნება. ეს ტექსტი კი მომტირალის მხრიდან ექსპრომტად იქმნება. თუმცა შუმერულ კულტურაშიც არსებობდა ე.წ. პროფესიონალი დამტირებლები, რომლებიც ტირილისას წარმოსათქვამ სიტყვას წინასწარ თხზავდნენ. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი ანატოლიაში, შავიზღვისპირეთსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ მხარეში.

თურქეთში ყოველი დატირების მუსიკალურად გაწყობა იმ რეგიონს უკავშირდება, სადაც ეს რიტუალი ტარდება ხოლმე. მაგალითად, შავიზღვისპირეთში დატირება ლაზურად, თურქულად თუ ჰემშინულად (სომხურის ერთერთი ადგილობრივი დიალექტი) ძალიან წააგავს ე.წ. „ქარადენიზის თურქუების“ რიტმულ მელოდიებს. ამავე დროს დატირების „ენა“ მთლიანად გამოხატავს რეგიონის დიალექტს, საუკუნეების მანძილზე დალექილ კულტურულ ნაშთებს.

თუმცა მაინც ყველაზე საინტერესო გლოვის მუსიკალური მხარეა. თითქმის მელოდიებად ქცეული გლოვის თვალსაჩინო თვისება ისაა, რომ მას აქვს კვნესასთან მიახლოებული ტემბრი. ის გოდებასთან უფრო ახლოა, ვიდრე ტირილთან. პროფესიონალ მომტირალს ევალება კიდეც, რომ მან გოდების ატმოსფერო შექმნას. მისი ემოციური განწყობა ლირიულიც კია ხშირ შემთხვევაში. გოდება ამ მხრივ გარდაცვლილის სადიდებელ სიტყვას წააგავს. ხშირად გოდების ტექსტი გადაჭარბებული ნარატივის სახეს იღებს ხოლმე. თუმცა ის რწმენა, რომ გარდაცვლილის შესახებ ან კარგი ითქმის ან არაფერი, როგორც ლათინელები ამბოდნენ, ანატოლიაში მცხოვრები ერებისთვისაც საერთო იყო.

თურქული დატირების ერთ-ერთი ყველაზე თვალში მოსახვედრი თვისება ისაა, რომ მგლოვიარენი ყოველთვის ქალები არიან. გარდაცვლილის და, ცოლი ან დედა დატირების რიტუალს უზრუნველყოფენ ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი გარდაცვლილის ოჯახში ქალი არ არის ან კიდევ მას არ ძალუძს, რომ „ღირსეულად“ წარუძღვეს ამ რიტუალს, მაშინ იქირავებენ დამტირებელს და სიკვდილისადმი მისიაც თითქოს შესრულებულია. იშვიათად, მაგრამ მაინც მამაკაცი დამტირებლებიც არსებობენ, მაგრამ ისინი უმეტესად აშუღები არიან და მათი მგლოვიარედ დაქირავება გარდაცვლილისადმი ლექსის მიძღვნასა და მისი მელოდიურად წარმოთქმით შემოიფარგლება.

ცნობილია, რომ გოდების ბევრი მელოდია შემდგომში ფოლკლორის სახით მომავალ თაობებს გასიმღერებულადაც კი გადაცემულა. ეს იმის შედეგია, რომ გოდების ტექსტი და მელოდია დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდის და ამიტომაც საერთოდ განსხვავებულ სახეს იღებს. ის ავტორსაც კარგავს და მთლიანად ფოლკლორის ნაწილი ხდება.

 


საკვანძო სიტყვები: #გლოვა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები