„კუთხე-კუნჭული“ 17 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 17 - 2022

1818362
„კუთხე-კუნჭული“ 17 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 17-2022

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

Kıl Keçisi ან Kara Keçi იგივე თმიანი, მატყლიანი თხა ან შავი თხა, თურქეთში ყველაზე მეტად გავრცელებული თხის ჯიშებია. ამ ჯიშის თხები ანატოლიის კლიმატსაა შეჩვეული, ყველაზე ცუდ პირობებში კი გამძლეობას იჩენს, ჯანსაღ სხეულს ფლობს და დიდ მანძილზე გადაადგილების უნარი გააჩნია. ასევე მდგრადია დაავადებების მიმართ და კლდეებზე ცოცვის ოსტატიცაა. უმეტესწილად ეგეოსის, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო დასახლებებში, მარმარილოს ზღვისა და შიდა ანატოლიის რეგიონებში ბინადრობს. ამ ჯიშის თხის შეფერილობა მუქია, ან მეტწილად შავია ან კიდევ მონაცისფრო. მას თხის სხვა ჯიშებისაგან შედარებით უხეში თმიანი საფარი განასხვავებს. მისი ორივე სქესი წვერებიანია.

ქილ ქეჩისი ანუ მატყლიანი თხა თურქეთში თურქმენებისა და იორუქების ძირითადი შემოსავლის წყაროა. ძველად იორუქების ტრადიციული კარვების კედლებს სწორედ ამ თხის უხეში და ხშირი მატყლისგან წნავდნენ. დღესაც ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის ტოროსის მთების კალთებზე, ანტალიაში, კონიაში, ისპარტას მიდამოებში მცხოვრებ იორუქებს მატყლიანი თხების ფერმები აქვთ.

თუმცა სამატყლე თხის ჯიშის გარდა თურქეთში ასევე გავრცელებულია Tiftik keçisi (თიფთიქის თხა) ან მეორე სახელწოდებით ანკარის თხა (როგორც უცხოეთში ეძახიან - Angora Goat). თხის ეს ჯიში იმდენად ძველია, რომ ის თურქული მოდგმის ტომებს ჯერ კიდევ შუა აზიაში ცხოვრების პერიოდში ჰყავდათ მოშინაურებული. ხოლო, მე-13-ე საუკუნიდან, როცა ისინი შუა აზიიდან ანატოლიისაკენ დაიძრნენ, მათ თხებიც თან წამოიყვანეს. დღევანდელი ანკარის მიდამოებში დასახლებულმა თურქულმა ტომებმა საუკუნეების მანძილზე თხის ეს ჯიში დიდის ამბით, მოფრთხილებითა და მოვლით შეინარჩუნეს, თუმცა შუა აზიის რთულ კლიმატურ პირობებს შეჩვეულმა თხის ამ ჯიშმა ანატოლიის კლიმატიც ადვილად მოირგო.

ანკარის თხის ჯიშებზე დიდია მოთხოვნა როგორც თურქეთის მასშტაბით ასე ქვეყნის გარეთაც, სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, არგენტინასა და ბრაზილიაში.

ანკარის თიფთიქის თხას უცხოეთში mohair-ადაც იცნობენ. სანამ მას მსოფლიოში გაიცნობდნენ, მანამდე მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე მას მატყლის ძაფად გარდაქმნის ინდუსტრიაშიც გამოიყენებდნენ. ანკარის თხის მატყლის განსაკუთრებულად ძვირფასი ხარისხის ძაფებსა და თიფთიქის ქსოვილად წოდებულ ქსოვილებს ამზადებდნენ.

ამ ქსოვილების განსაკუთრებულობა მათ ხავერდოვნებასა და მათზე გამოყვანილ უნიკალურ ორნამენტებში იყო. სწორედ ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიიდან სწორედ ანკარის თხის მაყტლისაგან დამზადებული საოცარი ქსოვილები ევროპაში და არაბულ ქვეყნებში იგზავნებოდა.

ეს რბილი ქსოვილები მოგზაური ვაჭრების ყურადღებასაც იპყრობდა.  მათ ჩანაწერებში თიფთიქის ქსოვილის აბრეშუმის მსგავს სიმსუბუქეზე, სირბილესა და ბზინვარებაზეა საუბარი.

ასევე ვაჭართა ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ ანკარის, ჩანქირის, ბეიფაზარის, ქალეჯიქის რეგიონებში 1355 თიფთიქის მატყლის გადამამუშავებელი დაზგა არსებობდა და ამ დაზგების მეშვეობით ყოველწლიურად 20.000 ქსოვილის ხვეულა იყიდებოდა. 1800-იანი წლებიდან კი ოსმალეთის იმპერიაში ქარხნული წესით დამზადებული იაფი და უხარისხო ქსოვილის შემოდინების შედეგად თიფთიქს ფასი დაუვარდა და მისი წარმოებაც შემცირდა.

ცნობილი მოგზაური ევლია ჩელებიც არ დარჩენილია თიფთიქის მიმართ გულგრილი. მისი თქმით, თიფთიქის თხის მატყლი საკმაოდ სქელი და უხეშია, მაგრამ მისი დამუშავების შემდეგ ის აბრეშუმზე უფრო ფაფუკი და რბილი ხდება.

ანკარიდან თიფთიქის სამხრეთ აფრიკაში პირველი მოგზაურობა 1838 წელს დაიწყო. იმ პერიოდში ინდოეთის ჯარში მომსახურე პოლკოვნიკი ჰენდერსონი ანკარის თხებით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და იქ მათი მოშენება დაიწყო. არსებობს გადმოცემა, რომ პორტ ელისაბეთში ადგილობრივთა ბაზარზე თურქეთში კაპიკად ნაყიდ ანკარის თხებს ოქროს ფასად ჰყიდნენ. მყიდველი კი სხვადასხვა პროფილის ადამიანები იყვნენ: ჰერცოგები, სასახლის კარის წარმომადგენელი ფერმერები და უბრალოდ უცხო „საქონლით“ დაინტერესებული ადამიანები.

აშშ-ში კი ანკარის, ანგორული თხის მოგზაურობა 1849 წელს იწყება. ამ წლებში ბამბის ინდუსტრიის განვითარებისთვის ოსმალეთის იმპერიაში მოწვეული ექსპერტები უკან ხელში ანკარის თხით დამშვენებული ბრუნდებოდნენ. სწორედ აქედან იწყება ანკარის თხის უცხოეთში პოპულარობა.

დღეს თიფთიქის საერთო რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. საკვების სიძვირის, საძოვრების სიმცირის გამო თურქეთში მათი მატყლის გამოყენება თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თხის რძეზე დიდი მოთხოვნაა და მისი ფასი ძროხის რძესთან შედარებით გაცილებით ძვირია, მაინც ანკარის თხა დაფასებული არ არის, ამიტომაც მისგან ბევრი სარგებლის მიღების ნაცვლად, მისი „ინდუსტრიული ფინალი" ყასბის დანის ქვეშ სიცოცხლის დასრულებაა.


საკვანძო სიტყვები: #მატყლი , #თიფთიქი , #თხა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები