„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

გალათა ქულესი და ქიზ ქულესი

1760472
„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

გალათა ქულესი და ქიზ ქულესი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

სტამბოლი იმდენნაირი რამით არის საინტერესო, რომ ალბათ თითოეული გადაცემის მიძღვნა იქნება საჭირო, რომ ყველა მისი ღირსშესანიშნავი მხარეები წარმოვაჩინოთ. მაგრამ მაინც დღევანდელ გადაცემაში მის ორ ძალიან ცნობილ და რომანტიულ კოშკს გამოვარჩევ: გალათა ქულესი და ქიზ ქულესი, რაც შეგვიძლია ასეც ვთარგმნოთ - გალათას კოშკი და გოგონას კოშკი. დავიწყოთ გალათას კოშკით. ბეიოღლუს უბანს ვინც სტუმრებია, ამ კოშკს გვერდს ვერ აუვლიდა, არათუ მას დაივიწყებდა. ის თავისი მედიდურობით უკვე რამდენი საუკუნეა ზემოდან გადმოჰყურებს მთელი მსოფლიოდან მის სანახავად ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც მას, უკვე კორპუსებს შორის გაჩხერილს ქვემოდან ფოტოებს უღებენ.

დავიწყოთ იქედან რომ გალათას კოშკი იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კოშკი თავის არსებობას ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს პერიოდიდან ითვლის. ათვლის თარიღი 507-508 წლებია. დღევანდელი სახით მოღწეული კი უკვე 1348-1349 წლების ნიმუშია და ის ასეთ არქიტექტურულ სხეულს გენუელებს უნდა უმადლოდეს. 1500-იან წლებში სტამბოლში მიწისძვრა მომხდარა და მისი კედლები რიგიანადა შერყეულა, მეტიც მას არქიტექტორ მურად ბინ ჰაირედინის დახმარებაც კი დასჭირვებია. 1831 წელს კოშკმა კიდევ ერთი ტრაგედია - ხანძარი გადაიტანა, მაჰმუთ მე-2-ემ კი არც აცია არც აცხელა და მას შეკეთებასთან ერთად ორი სართული კიდევ დააშენა, ზემოდან კი ნაყინის წვეტიანი ვაფლის მსგავსი სახურავიც ჩამოაცვა.

კოშკის მთელი ესთეტიური მხარე მის გარედან შემოვლებულ ქვემოდან ზემოთ აზიდულ უწყვეტ აგურის ფორმის ქვათა წყობაშია. შესასვლელი კარის ზემოთ მრგვალი თაღიანი სარკმელი კი ჯარისკაცთა სათვალთვალოდ შეუქმნიათ. შესავლელის გარდა კოშკი შიგნიდან ცხრა სართულს მოიცავს. გასაოცარია სარკმელების ზემოთ აგურით შექმნილი თაღები. მესამე სართულამდე გენუელების, დანარჩენი სართულების არქიტექტურას კი ოსმალოთა ხელი ამჩნევია.

გალათას კოშკიდან ოქროს ყურეზე გადახედვა და ფრენის შეგრძნების სურვილი თურმე მხოლოდ ტურისტების ფანტაზიებში ჩარჩენილი ახირება არ ყოფილა. მე-17-ე საუკუნეში ჰეზარფენ აჰმედ ჩელები, ჩიტების ფრთების მექანიზმის მიბაძვით დამზადებული საფრენი აპარატით გალათას სახურავიდან დაშვებულა და წარმატებული გაფრენის მაგალითიც კი გამხდარა. როგორც ყველა პირველ გამომგონებელს და უბრალოდ ოცნებისათვის ფრთისშემსხმელს, მასაც ფრენა არ აპატიეს და სულთან მურად მე-4-ის ბრძანებით ის ალჟირში გადაასახლეს.

გალათას კოშკის ამბავი ამით არ დასრულებულა. მას დღემდე ყველაფრისმნახველ რომანტიულ რაინდად აღიქვამენ. მეტიც, კოშკს ოქროს ყურეში ამოღმართულ ქიზ ქულესის იგივე გოგონას კოშკზე შეყვარებასაც აბრალებენ. ამის მთქმელთა საბაბი ერთი შეხედვით უცოდველია. გალათასა და გოგონას კოშკები ერთმანეთს უყურებენ. ოღონდ მათ შორის ოქროს ყურეა ჩამდგარი.

ქიზ ქულესი, გოგონას კოშკი გალათაზე უფრო ძველია. ის ძვ.წ.აღ.-ით მე-5-ე საუკუნეში ბერძნებმა ააგეს. სავარაუდოა, რომ კოშკი საზღვაო ვაჭრობის მიზნით სასაზღვრო პუნქტის ფუნქციით ააშენეს. დღევანდელი სახით კოშკის ნაწილი კი ბიზანტიელებმა მე-11-ე საუკუნეში ააშენეს. ისევე როგორც ოსმალოთა პერიოდში, რომაელთა დროსაც კოშკი თავისი შემოგარენით გადასახლებულთა და დასჯილთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. ცნობილია, რომ სულთნები გოგონას კოშკს მისი არაჩვეულებრივი ხედების გამოც მოსასვენებელ ადგილად იყენებდნენ. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ კოშკი მე-19-ე საუკუნეში სტამბოლში გავრცელებული შავი ჭირის დროს ავადმყოფთა იზოლაციისთვის განკუთვნილი ადგილიც იყო.

არავინ იცის, ვინ შეარქვა მას გოგონას კოშკი, თუმცა ერთი რამ მაინც სჯერათ სტამბოლელებს: გალათა გოგონას კოშკზეა შეყვარებული. სწორედ მათი ერთმანეთის მომლოდინე განლაგება ქმნის სტამბოლის ერთ-ერთ დაუვიწყარ პანორამულ სანახაობას.



მსგავსი ინფორმაციები