„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 21-2021

„ლოქმან ჰექიმი“

1675321
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 21-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 21-2021

„ლოქმან ჰექიმი“

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ყველა ცოცხალი არსება იბადება, იზრდება და კვდება… არის თუ არა ადამიანი ამის გარეთ? თუ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უკვდავება? ზოგიერთმა მეცნიერმა და ფუტურისტმა კვლევა სწორედ ამ თემაზე გააკეთა. ბიოლოგებმა დაადასტურეს, რომ ექსპერიმენტული თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელთა საკვები გაანახევრეს და მავნე საკვები მოაშორეს, ორმოცი პროცენტით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვცხოვრობთ ლაბორატორიაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება, მაგრამ ეს კვლევა მნიშვნელოვანია სწორი კვებისა და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების ურთიერთმიმართების თვალსაზრისით. ფუტურისტებიც იკვლევენ ხანგრძლივი სიცოცხლისა და უკვდავების საკითხს. მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარებიდან გამომდინარე, ფუტურისტები ამბობენ, რომ სიმსივნისა და იმუნური სისტემის დაავადებების თაოსნობით, უახლოეს მომავალში ბევრი დაავადება დასრულდება და ამით ადამიანის სიცოცხლე გახანგრძლივდება.

არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანები რეალურად უკვდავები არიან, ეს კოდირებულია ჩვენს დნმ-ში და რომ ახალი ტექნოლოგიებით ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ! ამ იდეის ერთ-ერთი დამცველია ცნობილი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. მართალია ასეთი მიდგომები არალოგიკური ჩანს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ უკვდავება შესაძლებელია.

როდის გაჩნდა ეს იდეა, დღევანდელი ტექნოლოგიური წინსვლის შემდეგ? როდიდან ეძებენ ადამიანები უკვდავებას?

სინამდვილეში, ადამიანების მიერ უკვდავების ძიება არის თემა, რომელიც ხშირად გვხვდება ინდურ, ჩინურ, იაპონურ, სკანდინავიურ, ბერძნულ და თურქულ მითოლოგიებში. ამ ცივილიზაციებიდან ზოგი უკვდავების საიდუმლოს ეძებს ოკეანეების ფსკერიდან მოპოვებულ სასმელში, ზოგი მცენარეში, ზოგი წყალში და ზოგიერთი ცხოველში. ათასობით წლის ლეგენდებში ნახსენებია, რომ ხალხმა იპოვა ეს საიდუმლო, მაგრამ საბოლოოდ როგორღაც დაკარგა.

გილგამეშმა, შუმერების ლეგენდარულმა გმირმა, ათასი წვალებით იპოვა უკვდავების "სიცოცხლის ბალახი", ასკლეპიოსმა, ბერძენთა ჯანმრთელობის ღმერთმა, მედუზას სისხლი გამოიყენა სიკვდილის შესაჩერებლად; ალექსანდრე მაკედონელი "აბი ჰაიათს" ანუ "სიცოცხლის წყალს" ეძებდა, ხოლო ლოქმან ჰექიმმა მცენარეების ენა ისწავლა უკვდავების საიდუმლოს მოსაპოვებლად.

გილგამეშის ეპოსში "უკვდავების ან სიცოცხლის ბალახის" შესახებ ლეგენდა ანატოლიაში გავრცელებულ "ლოქმან ჰექიმის" ლეგენდას ჰგავს. ზუსტად არ არის ცნობილი, ლოქმან ჰექიმი ნამდვილი პიროვნებაა თუ ლეგენდარული გმირია. მრავალი წლის განმავლობაში მრავალი ფილოსოფოსი, მეცნიერი და ექიმი გაიზარდა ამ რეგიონში. მათი უმეტესობის შესახებ, მათი საცხოვრებელი ადგილის და თარიღების შესახებ წერილობით ტექსტებში საუბარია. ლოქმან ჰექიმის სახელის მოძიება კი სადმე შეუძლებელია. ზოგი აცხადებს, რომ სინამდვილეში ლოქმან ჰექიმი ცნობილი ადრეული პერიოდის ექიმი ალკმეონია. სამედიცინო ისტორიის ზოგიერთი ექსპერტი ლოქმან ჰექიმს ასკლეპიოსს, ჰიპოკრატეს და გალენეს უკავშირებს. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს დაადგინოს მისი ვინაობა ისტორიებიდან, რომლებიც ცნობილია უძველესი დროიდან. ლოქმან ჰექიმზე არა მხოლოდ ანატოლიაში, არამედ ბალკანეთში, ირანში, აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და უზბეკეთშიც საუბრობენ.

იმ პერიოდში იმისთვის, რომ ადამიანი კარგი ექიმი და ფარმაცევტი ყოფილიყო საჭირო იყო მცენარეთა სწავლა, რომელთა გამოყენება მედიცინაში შეიძლებოდა და თაობებისათვის გადაცემულ ცოდნისთვის ახლის დამატება. ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპა, რომლებმაც დღემდე მოაღწია, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. სამკურნალო მცენარეებისგან მედიკამენტების მიღება ხდება თვისებების შესაბამისად დაყენებით, მოხარშვით, გასრესით, გახმობით, ექსტრაქტებისა და ზეთების გამოხდით. მცენარის რომელი ნაწილი იქნება გამოყენებული, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამოყენებული მეთოდები. დაავადების ტიპის მიხედვით გამოიყენება სამკურნალო მცენარეების ფესვი, ფოთოლი, თესლი, ყვავილი ან ნაყოფი. ადამიანი, ვინც კარგად იცოდა და იყენებდა ამ ყველაფერს, იყო ლოქმან ჰექიმი.

ითვლება, რომ ლოქმან ჰექიმს ესმოდა ყველა ხის, ყვავილისა და ბალახის ენა. მცენარეები უმხელდნენ მას თავიანთ საიდუმლოებებს და ასე ამზადებდნენ მედიკამენტებს დაავადებების სამკურნალოდ. გადმოცემის თანახმად, ლოქმან ჰექიმი დადიოდა ანატოლიის ყველა კუთხეში და სწავლობდა მცენარეების საიდუმლოებებს. როდესაც ის ჩუქუროვაში მივიდა, სადაც ყველანაირი მცენარე იზრდება, მან გადაწყვიტა დასახლებულიყო ამ ნაყოფიერ მიწებზე და დასახლდა ქალაქ მისისში (მოპსუესტია). მან დაიწყო ავადმყოფების მკურნალობა, აღარავინ ავადდებოდა. ხალხმა ლოქმან ჰექიმს უკვდავების საშუალების პოვნა სთხოვა. კიდევ ერთხელ გაუდგა გზას ლოქმან ჰექიმი, იმოგზაურა ჩუქუროვას ნაყოფიერ დაბლობებზე და ტოროსის მთებში. ხის ჩრდილში ძილის დროს  ხმა მოესმა: ”მე ვარ ბალახი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდი, მე ვარ სიკვდილის წამალი. ამიერიდან აღარ მოკვდება ადამიანები და ცხოველები“.  ის დაუყოვნებლივ მივიდა ბალახთან და ისწავლა წამლის მომზადება, ჩაიწერა თავის წიგნში, თან წაიღო ბალახი და უკან გაბრუნდა. ლოქმან ჰექიმის წიგნიც და უკვდავების ბალახიც მისისის ხიდზე გადასვლისას, უცნობია ქარი ამოვარდა თუ უხილავი ხელი მოხვდა, მდინარეში ჩავარდა და სიკვდილი ისევ განუკურნებელი დარჩა.

ეს მდინარე არის ჯეიჰანი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ჩუქუროვას. "მისისის ხიდი", რომელზეც ლოქმან ჰექიმმა გაიარა, დღეს ასევე ცნობილია როგორც "უკვდავების ხიდი". უძველესი ქალაქი მისისი, რომელსაც შვიდი ათასი წლის ისტორია აქვს, სავაჭრო მარშრუტებზე მდებარეობის გამო რომის პერიოდის მნიშვნელოვანი ანტიკური ქალაქი იყო. ლოქმან ჰექიმის ლეგენდის გამო, ქალაქი, რომელსაც "უკვდავების ქალაქსაც" უწოდებენ, ხეთურ, ასურულ, რომაულ, ბიზანტიურ, სელჩუკურ და ოსმალურ კვალს ატარებს.

დღეს ფარმაცევტული ნედლეულის ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი მცენარეებისგან მიიღება. სინთეზური წამლების შექმნის მიუხედავად, მსოფლიოში მრავალი ადამიანი მაინც მცენარეული მედიკამენტებით მკურნალობას ირჩევს. ანატოლიაში მცენარეებით მკურნალობა უძველესი დროიდან ხდება. ლოქმან ჰექიმის ლეგენდაც ამ უძველესი სიბრძნისგან იკვებება და თავის ადგილს პოულობს ხალხურ მედიცინაში. საუკუნეების განმავლობაში უამრავ ამბავს ყვებოდნენ მის შესახებ. ლოქმან ჰექიმი გვხვდება მევლანას, იუნუს ემრეს ქმნილებებსა და ხალხურ სიმღერებში. შეიძლება ის რეალურია, შეიძლება მითია, მაგრამ ათიათასობით ადამიანი მისგან დახმარებას ელის.



მსგავსი ინფორმაციები