კუთხე-კუნჭული 6/2019

კუთხე-კუნჭული 6/2019

1147525
კუთხე-კუნჭული 6/2019

კუთხე-კუნჭული 6/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

გამარჯობათ. ჩაი, მისი დაყენებისა და სმის რიტუალის კულტურა დიდი ხნის ისტორიას ატარებს. ჩაის გამოყენების ტრადიცია ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-მდე მედიცინის სფეროში დაუწყიათ. ჩაის ეტიმოლოგია ჩინური ენიდან მომდინარეობს. ამ სამკურნალო მცენარემ და ამავე დროს არომატულმა სასმელმა ჯერ შუა აზიაში, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთის ქვეყნებშიც დაიწყო გავრცელება. თუმცა ჩაის, ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი ინტერესით კორეაში, იაპონიასა და ვიეტნამში დახვდნენ. ჩაი, ინგლისელებმა ჩინეთში აღმოაჩინეს, მცენარის თესლები პორტუგალიაში ჩაიტანეს, გაავრცელეს და შემდგომ კი ნელ-ნელა ინგლისში შეტანაც დაიწყეს. მანამდე კი ინგლისელებმა ინდოეთში ჩაის სმის კულტურის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი და იქ ჩაის ინდუსტრია გააჩაღეს.

ოსმალეთის იმპერიაში ჩაის არც თუ ისე კარგად იცნობდნენ. პირველად აბდულჰამიდ მე-2-ს ჩინეთიდან ჩამოტანილი ჩაის თესლების ბურსაში გავრცელება უცდია, თუმცა ეკოლოგიური პირობების გამო ჩაიმ ამ ნიადაგზე ფეხი ვერ მოიკიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ოსმალეთის იმპერიაში ყავის კულტურა უკვე არსებობას ვეღარ აგრძელებდა, რადგანაც იემენიდან ყავის შემოტანა ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდებოდა. ყავასთან შედარებით ჩაის იმპორტი უფრო იაფი იყო, ამიტომაც ათათურქმა ჩაის თურქეთში შემოტანისა და მისი გავრცელებისთვის სამუშაოების ჩატარება დაიწყო. 1924 წელს რიზეში, ჩაის ინდუსტრირების სახელმწიფო კანონი გამოიცა. 1930 წელს, თურქებმა საქართველოდან 70 ტონა ჩაის თესლი შეიძინეს და ჩაის თურქულ კულტურად ქცევის ისტორიაც აქედან დაიწყო. დღეს თურქეთი, ჩაის ყველაზე ხშირი მოხმარების ექვს ქვეყანას შორის ერთ-ერთია.

თურქეთში ჩაი სუფრის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართველებისთვის ღვინო. დილით ჩაის დაყენების რიტუალი, საღამოს ჩაისგან განსხვავდება. ერთი თურქი პოეტი დილის ჩაის სმას პირის დაბანას ადარებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, როგორც ჩვენში იტყვიან დილის ჩაი „ცხონებაა“. საღამოს ჩაი კი თურქული ოჯახის ერთად შეკრებისა და საუბრის გაჩაღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თურქეთში ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებაც კი გამიგია ხოლმე, დილით ჩაის ისე ოსტატურად აყენებს, მისი სუნი მთელს უბანს აღვიძებსო.

თურქეთში ჩაის თანხლებით სახელმწიფო საქმეები განიხილება. ჩაი ხელოვანებისათვისაც ერთგვარი მუზის „მოშველიების“ საშუალებაცაა. პოეტები ჩაის ხოტბას ასხამენ, სასიყვარულო ლექსების ავტორი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეტი ჯემალ სურეიაც დაკარგული სიყვარულისადმი სინანულს ასე გამოხატავს:

„შევუკვეთეთ ორი ჩაი, ერთი ღია,

ნეტა მხოლოდ ამისთვის მყვარებოდი...“

ასოციაციურად რომ წარმოვიდგინოთ, ყველა ქვეყანას თავისი სუნი აქვს; ზოგს შოკოლადის, ზოგს, ვანილის, ზოგს ყავის, ზოგს ფულის, ზოგს ტყის, თურქეთის თავზე კი ჩაის სუნი ტრიალებს. თურქეთში ჩაის საკრეფად ჩასული ქართველი მუშა ხელის ამბებს მერე გიამბობთ, დამიჯერეთ ეს ცალკე ისტორიაა. ქართველი და თურქი მუშების ზურგზე გადავლილი ტონობით ჩაის ზიდვით გამოწვეული დაღლილობა, მთელს თურქეთში ჩაის თანხლებით რამდენიმე წუთიან დასვენებას უზრუნველყოფს.

საქართველოში ჩაის დაყენებისა და სმის კულტურა არაა ფეხმოკიდებული. გასაკვირი არცაა, ქართულ ღვინოს ცოტა რამემ თუ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს. თუმცა ფაქტი ერთია, სპირიტუალური „ნათლობა“ ორივე შემთხვევაში ხდება, თურქებისათვის ჩაით, ქართველებისათვის კი ღვინით.



მსგავსი ინფორმაციები